მშენებარე სახლი

ტიკარაძე: 2020 წელს საცხოვრებელ ფართს კიდევ 5000 იძულებით გადაადგილებული ოჯახი მიიღებს

72
41 ათასი იძულებით გადაადგილებული ოჯახი სახელმწიფომ უკვე დააკმაყოფილა საცხოვრებლით, ხოლო წლის ბოლომდე საკუთარი სახლი კიდევ 5 ათას ოჯახს ექნება

თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. 5000-ზე მეტი იძულებით გადაადგილებული ოჯახი სახელმწიფოსგან მუდმივ საცხოვრებელ ფართს მიიღებს, ამის შესახებ განაცხადა დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში „მინისტრის საათის" ფარგლებში დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.

წყალტუბოს რაიონში ბინას კიდევ 560 დევნილ ოჯახს გადასცემენ >>

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, გრძელვადიანი განსახლების სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში საცხოვრებელი უკვე 41 000-ზე მეტ ოჯახს გადაეცა. 2019-2020 წლებში ამ მიზნებზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო 70 მილიონი ლარი, რაც საცხოვრებლით 5 000-ზე მეტი დევნილი ოჯახის უზრუნველყოფას უნდა მოხმარდეს.

გარდა ამისა, პროექტ „სოფლად სახლის“ ფარგლებში სახლს კიდევ 240 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს შეუძენენ. პროექტი გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ბიუჯეტი 10 მილიონ ევროს შეადგენს.

პროექტი „სოფლად სახლი“ 2013 წელს დაიწყო. 2019 წელს პროგრამის ფარგლებში სახლები 1050 იძულებით გადაადგილებულმა ოჯახმა მიიღო.

„ხელისუფლება, რა თქმა უნდა, გააგრძელებს ყველა პროგრამას დევნილთა საჭიროებებზე დროულად რეაგირებისთვის, თუმცა აქვე მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო, რომ ბინების განაწილების პროცესში, სახელმწიფო მოქმედებს კანონის ფარგლებში და დეტალურად მიჰყვება იმ კრიტერიუმებს, რომლებიც ორიენტირებულია დევნილთა რეალურ საჭიროებებზე“, - განაცხადა მინისტრმა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ სახელმწიფოს პრიორიტეტი არამხოლოდ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა, არამედ საზოგადოებაში მათი სოციალური ინტეგრაცია, ეკონომიკური მდგრადობის ხელშეწყობა და რაც მთავარია საკუთარ სახლებში დაბრუნება იქნება.

72
თემები:
სოციალური სფერო საქართველოში (163)
ბაზარში

ნავთლუღის საცალო აგრარულმა ბაზარმა მუშაობა განაახლა

8
(განახლებულია 14:25 30.05.2020)
დღეისთვის საქართველოში რეგისტრირებული 90 აგრარული ბაზრიდან 80-მდე უკვე მუშაობს. აგრარული ბაზრები კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო იყო დაკეტილი

თბილისი, 30 მაისი - Sputnik. ნავთლუღის საცალო აგრარულმა ბაზარმა მუშაობა განაახლა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მასშტაბით  აგრარული ბაზრები დროებით დაიკეტა, რომელთა ნაწილი გაიხსნა 27 აპრილიდან. ბაზრების ფუნქციონირება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში, რომელიც სურსათის უვნებლობის ეროვნულმა სააგენტომ შეიმუშავა და შეჯერებულია ჯანდაცვის სამინისტროსთან.

ნავთლუღის საცალო აგრარულ ბაზარში, რომელიც დედაქალაქის ტერიტორიაზე არსებული ერთ-ერთი უძველესი ბაზარია, ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკების თავიდან ასაცილებლად, სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით და ისნის რაიონის გამგეობის ჩართულობით, მასშტაბური სარეაბილიტაციო და სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.

„სააგენტოს რეკომენდაციებით, ბაზრის ადმინისტრაციამ და პერსონალმა უზრუნველყო ბაზრის ტერიტორიიდან ნარჩენების გატანა, დახლების განახლება და მოსაპირკეთებელი და დასუფთავების სამუშაოების ჩატარება“, - ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე, ნავთლუღის ბაზარში გაუმჯობესდა სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა, პერსონალი აღიჭურვა შესაბამისი დამცავი და სადეზინფექციო საშუალებებით, კონტროლდება სოციალური დისტანცია.

დღეისთვის საქართველოში რეგისტრირებული 90 აგრარული ბაზრიდან 80-მდე უკვე მუშაობს.

8
ამირან გამყრელიძე

გამყრელიძე: ჩამოყალიბდა ე.წ. საბურთალოს კლასტერი

27
(განახლებულია 14:40 30.05.2020)
ცხრა ინფიცირებული პირი ნუცუბიძის პლატოს ერთ კორპუსში ცხოვრობს. ისინი ინფიცირებულთან კონტაქტის გამო თვითიზოლაციაზე იყვნენ და კორონავირუსზე ტესტი მე-14 დღეს ჩაუტარდათ.

თბილისი, 30 მაისი - Sputnik. საქართველოში ახალი, ე.წ. საბურთალოს კლასტერი ჩამოყალიბდა და დიდი ალბათობით, შესაძლოა, ინფიცირების პირველწყარო მედიკოსი იყოს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან ცხრა ორი დღის წინ დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებია. გამყრელიძის განმარტებით, ისინი ერთი ოჯახის წევრები და ოჯახის ახლო კონტაქტები არიან.

მისი თქმით, თბილისში დადასტურებული კორონავირუსის კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს და ხდება მათი გადაყვანა საკარანტინო სივრცეებში.

„ამ კონტაქტების კვლევა გუშინ და დღეს მიმდინარეობს ძალიან ინტენსიურად. უკვე გამოკვლეულია დაახლოებით 50-მდე კონტაქტი.  ამ კონტაქტებიდან,  გარდა გუშინწინ დადგენილი ორისა ანუ პირველწყაროსი,  ცხრას დაუდგინდა კოვიდინფექცია. კონტაქტების კვლევა ამ წუთშიც გრძელდება. კოვიდინფიცირებულები გადაყვანილი არიან საავადმყოფოებში,  ხოლო კონტაქტების გადაყვანა ხდება თანდათან საკარანტინო სივრცეებში თბილისში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის  ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ინფიცირების პირველადი წყარო, შესაძლებელია, იყოს მედიკოსი. 

„მე პერსონალურ ინფორმაციას არასოდეს გავცემ. შემიძლია, გითხრათ, რომ ესენი არიან ერთი ოჯახის და ოჯახთან ძალიან ახლო კონტაქტები. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ ეს კლასტერი გახლავთ საბურთალოზე და გიდასტურებთ იმას, რომ მიმდინარეობს ამ კლასტერის, როგორც ინფიცირებულის ყველა კონტაქტის კვლევა. ესენი არიან დევნილები თუ ადგილობრივი მცხოვრებლები, მე ამას ვერ დავაზუსტებ“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძემ მოსახლეობას სიმშვიდისკენ და წესების მკაცრად დაცვისკენ მოუწოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ცხრა ინფიცირებული პირი ნუცუბიძის პლატოს ერთ კორპუსში ცხოვრობს. ისინი ინფიცირებულთან კონტაქტის გამო თვითიზოლაციაზე იყვნენ და კორონავირუსზე ტესტი მე-14 დღეს ჩაუტარდათ.

ბოლო  მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 757–მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელდა 600 ადამიანი, გარდაიცვალა – 12.

კარანტინში იმყოფება 2966 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში – 250. საქართველოს სამი მოქალაქე სამშობლოში უცხოეთიდან გადმოიყვანეს სამკურნალოდ.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დადასტურდა. 

ამ კვირის პირველ დღეებში კორონავირუსის სულ რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა - 1-3 ერთ დღეში. გუშინ 8 ახალი შემთხვევა დაემატა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ასეთი ნახტომისებური ზრდა მკაცრი შეზღუდვების მოხსნას უკავშირდება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა, თუმცა ზოგიერთი შეზღუდვა კვლავ დარჩა. ხელისუფლება შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის.

27
თემები:
COVID-19 საქართველოში