ძლიერი წვიმა

უამინდობა საქართველოში: სინოპტიკოსები წყალდიდობას და შტორმს ვარაუდობენ

1596
(განახლებულია 18:47 03.02.2020)
უახლოეს დღეებში საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი ძლიერი წვიმისა და თოვლის სახით, წვიმებმა შესაძლებელია მდინარეებში წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს.

თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში ძლიერი წვიმებია მოსალოდნელი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს წყალდიდობები და შტორმი შავ ზღვაზე, ნათქვამია გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

სამშაბათს და ოთხშაბათს ქვეყნის უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, მთაში და მაღალ მთაში – თოვლი, ნისლი და ქარბუქი. როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი იქნება, დროგამოშვებით კი 17-22 მეტრამდე გაძლიერდება.

აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით ჰაერის ტემპერატურა ნულ გრადუსამდე დაიწევს, დღისით კი +13 გრადუსამდე გათბება. რაც შეეხება ქვეყნის დასავლეთ ნაწილს, ღამით ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსი, დღისით მაქსიმალური კი +17 გრადუსია ნავარაუდევი.

"მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა–გააქტიურება გამოიწვიოს", – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

შავი ზღვის სანაპიროზე 4-5-ბალიანი შტორმია ნავარაუდევი.

ამ ზამთარს საქართველოში ჰაერის საშუალო ტემპერატურა ნორმაზე ერთი გრადუსით მაღალია, ნალექი კი ნორმის ფარგლებშია.

დასავლეთ საქართველოს დაბლობზე +5, +7; მთაში 0, +2; მაღალ მთაში -4, -2; აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 0, +2; მთაში -2, 0, მაღალ მთაში -5, -3 გრადუსს შეადგენს.

საქართველოში ყველაზე ცივი ზამთარი ბოლოს 2011 წელს იყო. მაშინ ჰაერის საშუალო ტემპერატურამ დასავლეთ საქართველოში +3, +4 გრადუსს მიაღწია, აღმოსავლეთში კი - 0-1 გრადუსს.

1596
თემები:
უამინდობა საქართველოში (246)