თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. გარდაიცვალა ცნობილი რეჟისორი გოგი თოდაძე, იუწყება გრიბოედოვის სახელობის თბილისის სახელმწიფო დრამატული თეატრი.
რეჟისორი 74 წლისა იყო. მან ცხოვრება ქართულ კულტურას მიუძღვნა. ის ხელმძღვანელობდა სკოლა-სტუდია „ბერიკებს", იყო მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის სამხატვრო ხელმძღვანელი, აღზარდა ქართული თეატრისა და კინოს მსახიობების არაერთი თაობა.
თოდაძემ სცენაზე 90-ზე მეტი სპექტაკლი დადგა. მაყურებელს განსაკუთრებით დაამახსოვრდა მისი „ეზოში ავი ძაღლია" და "ნეაპოლი - მილიონერთა ქალაქი“. რეჟისორი სპექტაკლებს სხვადასხვა თეატრში დგამდა და მათ შორის იყო გრიბოედოვის თეატრიც, რომლის ადმინისტრაციაც მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს.
„თითქმის ნახევარზე მეტი დღევანდელი არტისტებისა იყო მისი მოწაფე… გრიბოედოვის თეატრის სცენაზე გოგი თოდაძემ დადგა საბავშვო მუსიკალური სპექტაკლი „ჩიპოლინო", რომელიც დიდი წარმატებით მიდიოდა წლების განმავლობაში. ასეთ ადამიანებს არ ივიწყებენ. მარადიული ხსოვნა მას", – აღნიშნულია თეატრის განცხადებაში.