C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტი „ჰარვონი“

560 მილიონი ლარის ღირებულების C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატს ვადა გაუვიდა

93
სამინისტროს დაუდევრობა, თუ... მედიკამენტების ვადის გასვლის ძირითად მიზეზად 2017 წლის ივლისიდან ბენეფიციართა მკვეთრად შემცირებული მიმართვიანობა სახელდება

თბილისი, 11 იანვარი — Sputnik C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში საქართველოს მიერ უსასყიდლოდ მიღებული, 560 მლნ 645 ათას 083 ლარის ღირებულების მედიკამენტებს ვადა გაუვიდა, ნათქვამია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ფინანსური აუდიტის ანგარიშში.

მედიკამენტების ვადის გასვლის ძირითად მიზეზად 2017 წლის ივლისიდან ბენეფიციართა მკვეთრად შემცირებული მიმართვიანობა სახელდება.

„პროგრამის ამოქმედების თავდაპირველ ეტაპზე (2015 წელი) ძირითადი სამკურნალო პრეპარატი იყო „სოფოსბუვირი“, რომელიც სამკურნალო რეჟიმების მიხედვით ინიშნებოდა სხვა მედიკამენტებთან კომბინაციით. 2016 წლის თებერვლიდან აღნიშნული პრეპარატი ჩანაცვლდა ახალი თაობის მედიკამენტით − „ჰარვონი“, რომლის მიხედვით, შეიცვალა სამკურნალო რეჟიმები, რამაც მკვეთრად შეამცირა თავდაპირველ ეტაპზე გამოყენებული პრეპარატების მოხმარება“, - ნათქვამია ფინანსურ აუდიტში.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ 2018 წელს C ჰეპატიტის მართვაზე ბიუჯეტიდან 15,4 მილიონი ლარი გამოიყო, თუმცა, ათვისებულ იქნა მხოლოდ 4,7 მილიონი ლარი, დანარჩენი თანხა სხვა პროგრამებზე გადანაწილდა.

„სამინისტროს მხრიდან წარმოდგენილი განმარტებით, დაბალი ათვისების მაჩვენებელი გამოწვეულია პაციენტთა რაოდენობის კლებით. აღსანიშნავია, რომ ეს ქვეპროგრამა ბოლო წლებში მუდმივად დაბალი ათვისების მაჩვენებლით ხასიათდება, რაც ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე სამინისტროს არ გაუთვალისწინებია“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის აპრილში საქართველოს მიენიჭა სანიმუშო ქვეყნის სტატუსი, რომელმაც წარმატებით შეასრულა С ჰეპატიტთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამა.

С ჰეპატიტის უფასოდ მკურნალობის პროგრამა საქართველოში 2016 წელს დაიწყო. ამ პროგრამის ფარგლებში გაფორმდა 10-წლიანი შეთანხმება ამერიკულ კომპანიასთან - Gilead Sciences, რომელიც ამარაგებს ქვეყანას დაავადების სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტებით. პროგრამის მონაწილეებს პრეპარატ „სოვალდის“ ურიგებდნენ.

2015 წელს ჩატარდა კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ საქართველოს მოქალაქეთა თითქმის 8% С ჰეპატიტის მატარებელი იყო. ამიტომ ქვეყანა რთული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. 150 ათასი ადამიანს ესაჭიროებოდა მკურნალობა С ჰეპატიტზე.

საქართველოში C–ჰეპატიტის დიაგნოსტიკა აბსოლუტურად უფასო გახდა >>

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში მოსახლეობის დაახლოებით 41% იყო ჩართული, აქედან 98%-ის შემთხვევაში პაციენტებმა განკურნება შეძლეს.

93
თემები:
ჯანდაცვა საქართველოში (179)