თბილისი, 4 იანვარი — Sputnik. გუდაურში „რედკოს დასახლებაში“ სამი დღის შემდეგ წყალმომარაგება აღდგა, ნათქვამია „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ Facebook-გვერდზე.
„რედკოს დასახლება“ გუდაურის ერთადერთი რაიონი იყო, რომელიც ბოლო დრომდე უწყლოდ რჩებოდა.
დამსვენებლები მასობრივად ტოვებენ სასტუმროებს: რა ხდება გუდაურსა და ბაკურიანში >>
„გუდაურში სამდღიანი ინტენსიური სამუშაოების შედეგად პრობლემა აღმოფხვრილია და „რედკოს დასახლებას“ წყალმომარაგება სრულად გუში 23:00-დან აღუდგა“, - ნათქვამია განცხადებაში.
წყალმომარაგებაში შექმნილი შეფერხების მიზეზად კომპანია მშრალი ამინდის გამო წყლის მარაგის შემცირებასა და წყლის მოხმარების გაზრდის გამო რეზერვუარებში წნევის ვარდნას ასახელებს.
წყალმომარაგების აღდგენამდე რაიონში წყალი მანქანებით მიეწოდებოდა.
ამავე დროს კომპანია იუწყება, რომ წელს დაიწყება წყალმომარაგების სისტემის სრული რემონტი, რისთვისაც აზიის განვითარების ბანკმა 50 მილიონ ლარზე მეტი გამოყო, რათა მომავალში მსგავსი პრობლემა აღარ შეიქმნას.
საქართველოს ორი ზამთრის კურორტი - გუდაური და ბაკურიანი საახალწლოდ უწყლოდ დარჩა. წყალმომარაგების პრობლემა ბაკურიანში მესამე დღეს გადაიჭრა, რაც შეეხება გუდაურს, იქ ბოლო დრომდე შეფერხებები იყო. ამის გამო ბევრი ტურისტი იძულებული იყო დაეტოვებინა კურორტი.
სიტუაციით დაინტერესდნენ საქართველოს ენერგოომბუდსმენის აპარატი და ენერგეტიკისა და წყალმომარაგების რეგულირების ეროვნული კომისია, რომლებიც საქმის მასალებს შეისწავლიან და დასკვნას წარმოადგენენ.
თბილისი, 25 თებერვალი - Sputnik. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორები საქართველოს“ დირექტორი, ტრენერი სოფო შუბლაძე კორონავირუსით გამოწვეული გართულების შედეგად გარდაიცვალა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
სოფო შუბლაძე ცნობილი ჟურნალისტის, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის ნინო შუბლაძის უფროსი და იყო. სოფოს მდგომარეობა ბოლო თვის განმავლობაში რამდენჯერმე დამძიმდა, თუმცა ახლობლები მისი გადარჩენის იმედს არ კარგავდნენ.
„არსებობს მოთმინების, გააზრების, ატანის, მუდმივი შიშის ზღვარიც! ყველა ზღვარს გავცდი! უნდა მოერიოს! უნდა დაძლიოს! ყველა მეუბნება, სხვანაირად არ შეიძლებაო! ჰოდა, არ შეიძლება სხვაგვარად, სოფ! არა!” – წერდა ნინო შუბლაძე რამდენიმე დღის წინ.
კორონავირუსის გადატანის შემდეგ, მისი მდგომარეობა უმძიმესი იყო და არსებული ინფორმაციით, ის თრომბის შედეგად გარდაიცვალა. სოციალურ ქსელში მის გარდაცვალებას ცნობილი ადამიანები ეხაურებიან:
„დაუჯერებელია! ასე იშვიათად უყვართ ადამიანებს სიცოცხლე როგორც სოფოს უყვარდა. და ასე იშვიათად უყვართ ადამიანებს ერთმანეთი, როგორც თქვენ გიყვარდათ! ნინო შუბლაძე, ღმერთს ვთხოვ მოგცეს ძალა, ამ ჯოჯოხეთს გაუძლო!“, - წერს ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი და მეგობარს დის გარდაცვალებას უსამძიმრებს.
„ყველაფერი მეწვის, ისე მეტკინა და მეწყინა ეს საშინელი ამბავი. ეს უკეთილესი და ძალიან ნიჭიერი, დიდი ენერგეტიკის ადამიანი როგორ წავიდა ამ ქვეყნიდან და დაგვტოვა, ვერც კი ვიჯერებ ვუსამძიმრებ ოჯახს და განსაკუთრებით ნინო შუბლაძეს, რომლისთვისაც სოფო ნამდვილად მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ და. უმძიმესი დრო დაუდგა ნინოსაც და ოჯახსაც და ყველა უნდა დავეხმაროთ, ამ საშინელების გადასატანად“, - წერს „მთავარი არხის“ დირექტორი ნიკა გვარამია.
„სოფო, საყვარელო. კორონა რომ შემოიჭრა ქვეყანაში, ზუსტად მაშინ მოვიტეხე ფეხი, ხოდა, მწერდა, რა მაგარია, ფეხი რომ მოიტეხე, შენი ჯანმრთელობის პატრონს გიხაროდესო. თვითონ დამარცხდა. ისე მედარდება, ისე მეტირება ამ უსაყვარლეს გოგოზე. ისეთი უსამართლობაა მისი წასვლა, სიცოცხლით სავსე გოგო. კეთილი გოგო. არც სიტყვები მყოფნის, რითი განუგეშო ნინო შუბლაძე. გაძლებას გისურვებთ მთელ ოჯახს და თქვენთან ერთად ვტირი. წარმოუდგენელი ტრაგედიაა“, - წერს ცნობილი ჟურნალისტი ინგა გრიგოლია.
სოფო შუბლაძე 1996 წლიდან მუშაობდა კონფლიქტების მართვის, ინტერაქციული სწავლებისა და მოზრდილთა განათლების სფეროში. მიღებული ჰქონდა პრესტონის უნივერსიტეტის მაგისტრის წოდება ადამიანური რესურსების მართვაში.
თბილისი, 25 თებერვალი - Sputnik. სამთვიანი პაუზის შემდეგ მატარებლები მაგისტრალურ მიმართულებებზე მოძრაობას 27 თებერვლიდან განაახლებენ, ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ Facebook-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
გუშინ, საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში მოქმედი რიგი კოვიდ–შეზღუდვების შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო – 25 თებერვლიდან მუშაობა განაახლა საერთაშორისო ტრანსპორტმა, გაიხსნა სასტუმროები და სამთო კურორტები.
როგორც დღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რკინიგზას ფუნქციონირების განახლებისთვის გარკვეული მომზადება სჭირდება, რის გამოც სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა ორი დღით გადაიდო.
„მატარებლების განახლებულ განრიგს „საქართველოს რკინიგზა“ უახლოეს საათებში საკუთარ ვებ-გვერდსა და სოციალურ ქსელში განათავსებს. ბილეთების გაყიდვა ონლაინ–რეჟიმში დღეიდან დაიწყება, ხოლო რკინიგზის სალაროები ხვალიდან, 26 თებერვლიდან გაიხსნება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია მოძრაობას შემდეგი მიმართულებებით აღადგენს: თბილისი-ბათუმი-თბილისი; თბილისი-ზუგდიდი-თბილისი; თბილისი-ოზურგეთი-თბილისი; თბილისი-ფოთი-თბილისი და თბილისი-ქუთაისი-თბილისი.
„საქართველოს რკინიგზა“ მოქალაქეებს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული რეგულაციების მაქსიმალური დაცვისკენ მოუწოდებს. როგორც უწყებაში განმარტავენ, მგზავრებმა წინასწარ იცოდნენ, რომ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში მატარებელში არ დაიშვებიან.
გარდა ამისა, მგზავრებს რიგი წესების დაცვა მოუწევთ. კერძოდ, პირს ეკრძალება მატარებელში პირბადის გარეშე ასვლა და მგზავრობის პროცესში მისი მოხსნა. გარდა ამისა, მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი, მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით.
დღეს, საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოსახლეობას კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული ყველა რეგულაციის – პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა, თავყრილობებისგან თავის არიდება – დაცვის თხოვნით მიმართა.
ხელისუფლება მუდმივად აკვირდება ქვეყანაში შექმნილ ეპიდვითარებას და შეზღუდვების შემსუბუქებისა და გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება სწორედ ვითარების ანალიზის საფუძველზე მოხდება.
თბილისი, 25 თებერვალი - Sputnik. დეპუტატი ოპოზიციური პარტიიდან „მოქალაქეები“ ალეკო ელისაშვილი ოპოზიციის მხრიდან დაგეგმილ საპროტესტო აქციებში მონაწილეობას არ გეგმავს, თუმცა მოლაპარაკებების გაჭიანურება სამარცხვინოდ მიაჩნია.
სანქციები და პროტესტი: ოპოზიციამ თავისი გეგმების შესახებ განაცხადა>>
ოპოზიციამ ქუჩის საპროეტსტო აქციები „ნაცმოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას დაპატიმრებიდან მალევე დააანონსა. ოპოზიციის გეგმებშია მასობრივი აქცია–მსვლელობის გამართვა პარასკევს.
მელია პარტიის ოფისში სამშაბათ დილით დააკავეს. ამან დიდი რეზონანსი გამოიწვია საერთაშორისო საზოგადოებაში. საქართველოს დასავლელი პარტნიორები მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებენ.
„ამ აქციებს არ შევუერთდები, მაგრამ მიმაჩნია, უბრალოდ სირცხვილია, რომ ამდენი ხანია არა და არ დაიწყო მოლაპარაკებები, ყველა მეგობარი გვეუბნება, რომ დასხედით, დაილაპარაკეთ... დეკლალირებულად ორივე მხარე ამბობს, რომ მოლაპარაკებების სივრცე დარჩა, მაგრამ მოლაპარაკება არა და არ იწყება. დღეს ყველა ქართველ პოლიტოკოსს უნდა შეგვრცხვეს ამ დაპირისპირების“, – განუცხადა ელისაშვილმა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, მელია პოლიტიკური ნიშნით არის დაკავებული.
„უნდა მოხდეს შეთანხმება, რომ ციხეში არ იჯდეს არავინ პოლიტიკური ნიშნით“, – აღნიშნა ელისაშვილმა.
ნიკა მელია 2019 წლის 20–21 ივნისს მასობრივი არეულობების ორგანიზების საქმეში ფიგურირებს. მან უარი განაცხადა მეორედ დანიშნული გირაოს გადახდაზე. პროკურატურამ გამოძიების პერიოდში მისი წინასწარი პატიმრობა მოითხოვა. სასამართლომ 17 თებერვალს პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
ნიკა მელია ხელისუფლებას იმაში ადანაშაულებს, რომ ის პოლიტიკური პროცესებისგან მის იზოლირებას ცდილობს. მელიამ სასამართლოს გადაწყვეტილებას ფაქტობრივად დაუმორჩილებლობა გამოუცხადა.