ჩიჩილაკი

სიკეთე და სიხარული დაგბედებოდეთ!

137
(განახლებულია 09:44 02.01.2020)
ახალ წელს ნებისმიერი ადამიანი განსაკუთრებულად კარგსა და დადებითზე ფიქრობს. იმისათვის, რომ კარგი წელი იყოს, ყველა ცდილობს დაიბედოს კარგი განწყობა და დადებითი ემოციები.

დღეს ბედობაა. საქართველოში ბედობა ორჯერ აღნიშნება — 2 და 15 იანვარს. მიუხედავად იმისა, რომ ბედობა რელიგიური დღესასწაული არ არის, ყველა დიდი სიხარულით და საუკეთესო განწყობით ელოდება მას. ეს ტრადიცია უკვე საუკუნეებს ითვლის. საქართველოში, ისევე როგორც ძველად, ახლაც მიაჩნიათ, როგორი განწყობითა და ხალისითაც შეხვდებიან  ამ დღეს, მთელ წელს ისე გაატარებენ. 

უხსოვარი დროიდან ბედობას თავისი რიტუალიც აქვს. ამ დღეს ოჯახი მეკვლეს ირჩევს. მეკვლე კარგი ოჯახის შვილი, ზრდილი, კეთილშობილი, წარმატებული ადამიანი უნდა იყოს. ბედობა დღეს ოჯახიდან გასვლა არ შეიძლება, გამონაკლისი იმ შემთხვევაში დაიშვება, თუ თავად ხარ მეკვლე.  

სტუმრად წასული მეკვლე მასპინძელს  კოხტად  გამოწყობილი უნდა ეწვიოს, თან ნაირ-ნაირი ტკბილეული, ნუგბარი მიართვას ოჯახს. აუცილებლად  მხიარულ განწყობაზე უნდა იყოს, ღვინო და სხვა სასმელი ზომიერად  მიირთვას. შესვლის წინ უნდა წარმოთქვას ჯადოსნური სიტყვები „შემოვდგი ფეხი გწყალობდეთ ღმერთი, ფეხი ჩემი კვალი ანგელოზისა“.  ადრე მეკვლეს ხორბლით და სიმინდით მოფენილ სკამზეც სვამდნენ, რადგან იმ წელს ხვავიანი და ბარაქიანი მოსავალი ჰქონოდათ. მეკვლე უკან დაუგვიანებლად უნდა გამობრუნდეს.  

ამ დღეს ოჯახები არც რაიმეს სესხულობენ და არც რაიმეს გაასესხებდნენ, ვინაიდან ძველად სესხება, გასესხება, ოჯახის ნივთების განათხოვრება დაკავშირებული იყო იმედგაცრუებასთან და მოტყუებასთან.  

თუ ოჯახში ავადმყოფია, ამ დღეს აუცილებლად უნდა წამოდგეს ფეხზე, რათა ლოგინში წოლა არ დაებედოს. თუ ბედობას  ფეხზე დამდგარი, შემართებით, მხნედ და მედგრად შეხვდება, სნეულება და ავადმყოფობა მომავალ წელს აღარ შეაწუხებს.

ბედობის ტრადიცია დღესაც შემორჩენილია საქართველოში, თუმცა, არა ისეთი დიდი დატვირთვით, როგორადაც ამას ძველად აღიქვამდნენ. დღესაც ყველა ოჯახი ცდილობს ბედობის დღესასწაულზე ხალისიანი, პოზიტიური განწყობა და საყვარელი ადამიანების  გარემოცვაში ყოფნა დაიბედოს.

გილოცავთ ბედობას!

137
თემები:
ახალი 2020 წელი (37)