გრიპის ვირუსი საქართველოში

გრიპი გვიტევს, მაგრამ ეპიდემიის საფრთხე საქართველოში ამ ეტაპზე არ არსებობს

76
(განახლებულია 18:28 27.12.2019)
საქართველოში ეპიდემიად ითვლება 450-500 შემთხვევა 100 ათას ადამიანზე, ინფექციას ასეთი მასშტაბები ჯერ არ მიუღია. ამ ეტაპზე დაავადების ძირითადი ნაწილი ბავშვებზე მოდის.

თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში ამ ეტაპზე გრიპის ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ პრესკონფერენციაზე.

გასული წლის დეკემბერ-იანვარში გრიპის H1N1 ვირუსის („ღორის გრიპის") საფუძველზე გართულებებისგან 22 ადამიანი დაიღუპა.

„ახლა ზამთარია და ზამთარი გრიპის გარეშე არ არსებობს. ბოლო კვირის მონაცემებით, ავადობა 190 ადამიანია 100 ათას მოსახლეზე. საქართველოს პირობებისთვის ეპიდემიის ზღვრად 450-500 შემთხვევა მიიჩნევა 100 ათას მოსახლეზე. შარშან ამავე პერიოდში 100 ათას მოსახლეზე 220 იყო, ხოლო პიკის პერიოდში – 280. არავითარ ეპიდემიაზე ლაპარაკი არ არის. გრიპი ძირითადად ბავშვებშია გავრცელებული, შესაბამისად, ჰოსპიტალიზებაც სწორედ პატარა ასაკის ბავშვებზე მოდის, საავადმყოფოები უფროსების მხრივ გადატვირთული არ არის", – განაცხადა იმნაძემ.

მისი თქმით, დღევანდელი მდგომარეობა ზამთრის სეზონისთვის ნორმალური მოვლენაა.

„რა თქმა უნდა, ადამიანები უნდა იყვნენ ფრთხილად. მთავარია, არ მივიდეთ იქამდე, რომ გავრცელდეს და ფატალურად დამთავრდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თუ ბავშვს დღის განმავლობაში აქვს სიცხე 38,5 და მეტი, იგი აუცილებლად უნდა ნახოს ექიმმა", – აღნიშნა პაატა იმნაძემ.

საქართველოში ძირითადად А და В ტიპის ვირუსები ცირკულირებს. თუმცა А ტიპის ვირუსებთან (H1N1, H3N5) შედარებით, უფრო სჭარბობს მსუბუქი ფორმის В ტიპის ვირუსით დაავადების შემთხვევები.

საქართველოში ბოლო პერიოდში H1N1 ტიპის გრიპის ვირუსით გამოწვეული გართულებებისგან ორი ადამიანი გარდაიცვალა. ორივე შემთხვევაში პაციენტებს ჰქონდათ ქრონიკული დაავადებები და არ ჰქონდათ გრიპის აცრა გაკეთებული.

76
თემები:
ჯანდაცვა საქართველოში (179)