ამირან გამყრელიძე

საქართველოში გრიპით ორი ადამიანი გარდაიცვალა

108
(განახლებულია 20:59 26.12.2019)
წელს გრიპით დაავადების დაფიქსირებული შემთხვევების რიცხვი შედარებით ნაკლებია, ვიდრე 2018 წლის ამავე პერიოდში, განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში ბოლო პერიოდში H1N1 ტიპის გრიპის ვირუსით გამოწვეული გართულებებისგან ორი ადამიანი გარდაიცვალა, განაცხადა ხუთშაბათს გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

ორივე შემთხვევაში პაციენტებს ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდათ და არც ერთი არ იყო აცრილი გრიპზე.

გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში ძირითადად А და В ტიპის ვირუსები ცირკულირებს. თუმცა А ტიპის ვირუსებთან (H1N1, H3N5) შედარებით უფრო მსუბუქი ფორმის В ტიპის ვირუსით დაავადების შემთხვევები ჭარბობს.

„ჩვენი ლაბორატორიული მონიტორინგით, დაახლოებით სამჯერ მეტია B ტიპის ვირუსის ცირკულაცია ქვეყანაში. დღევანდელი მონაცემებით, როგორც ახალი შემთხვევების რაოდენობა, ისე მძიმე შემთხვევები სტაციონარებში შედარებით ნაკლებია, ვიდრე ამ დროისთვის იყო შარშან... ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, გვაქვს გარდაცვალების ორი შემთხვევა, სადაც ლაბორატორიულად დადასტურდა H1N1“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი ინფორმაციით, სახელმწიფომ რისკის ჯგუფში შემავალი 92 ათასი მოქალაქის და მედპერსონალის უფასო ვაქცინაცია უზრუნველყო. კიდევ 30 ათასმა ადამიანმა აცრა კომერციულ სექტორში ჩაიტარა.

„სახელმწიფოს აქვს მარაგში ვაქცინების გარკვეული რაოდენობა, დაახლოებით 8 000, რომელიც გამიზნულია რისკ-ჯგუფებზე, პირველ რიგში, ორსულებზე და მაღალი რისკის მქონე ადამიანებზე. გრიპის საწინააღმდეგო აცრა არ გახლავთ სავალდებულო. ის არ შედის სავალდებულო აცრათა ჩამონათვალში არც საქართველოში და არც სხვა ქვეყნებში, ის არის მხოლოდ სარეკომენდაციო“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

„სასწრაფო დახმარება“: თბილისში გრიპით დაავადებულთა რიცხვი გაიზარდა >>

გასული წლის დეკემბერ-იანვარში საქართველოში H1N1 ტიპის გრიპის ვირუსი - ე.წ ღორის გრიპი იყო მოდებული, რომელმაც 22 ადამიანი იმსხვერპლა. ბოლო მონაცემებით, 100 ათას ადამიანზე დაავადებულთა რიცხვმა 104 შემთხვევა შეადგინა. ეპიდემიის დროს კი 100 ათას ადამიანზე დაავადებულთა რიცხვი 450 ადამიანს შეადგენს.

108
თემები:
ჯანდაცვა საქართველოში (179)