კლინიკა

ჯანდაცვის სამინისტროს ხმაურიანი რეფორმა ტარიფების ერთიანი სისტემის შესახებ რა იცვლება?

74
(განახლებულია 18:13 06.12.2019)
კლინიკების ხელმძღვანელების განცხადებით, შეუსაბამო ტარიფი სამედიცინო დაწესებულებებს მძიმე ფინანსურ პირობებში ჩააყენებს და გააუარესებს პაციენტების მომსახურების ხარისხს.

თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო, ქვეყნის ყველა კლინიკისთვის ტარიფების ერთიანი სისტემის შესაქმნელად რეფორმის ფარგლებში, პაციენტებისთვის სხვადასხვა სამედიცინო სერვისის არჩევანისა და თანადაფინანსების მექანიზმის შექმნაზე მუშაობს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

კერძოდ, საუბარი ეხება კონკრეტული ექიმის აყვანას და მისთვის შესაბამისი ჰონორარის გადახდას, განსაკუთრებული ხარისხის პალატაში მოთავსებას, ასევე განსაკუთრებული ხარისხის სამედიცინო დანიშნულების საგნების გამოყენებას და ა.შ. ამ შემთხვევაში პაციენტებმა თავად უნდა აანაზღაურონ იმ სამედიცინო სერვისებით მომსახურების საფასური, რომელიც სახელმწიფოს მიერ დადგენილი ფიქსირებული ტარიფის ფარგლებში გათვალისწინებული არ არის. 

„ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს, რადგან, ერთი მხრივ, არის პაციენტის არჩევანის უფლება, მეორე მხრივ, არის იმის ინტერესი, რომ პაციენტი იყოს დაცული არაკეთილსინდისიერი მარკეტინგისგან, მას არ მოუხდეს ზედმეტი თანხის გადახდა იმის გამო, რომ არ მიიღო სათანადო განმარტება სტანდარტსა და მომსახურების თაობაზე“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

მისი სიტყვებით, როგორც კი კონსულტაციები დასრულდება, კლინიკები შედეგების თაობაზე ინფორმირებული იქნებიან.

საქართველოში 21 ნოემბრიდან სამედიცინო დაწესებულებებისთვის ტარიფების ახალი, ერთიანი სისტემა ამოქმედდა. პირველ ეტაპზე რეგულაცია რეანიმაციულ განყოფილებებსა და კარდიოქირურგიას შეეხო. ახალი რეგულაციები იმ სამედიცინო დაწესებულებებზე ვრცელდება, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში არიან ჩართული. ამ კლინიკებს უწევთ პაციენტებს სამედიცინო მომსახურება იმ ტარიფებით შესთავაზონ, რაც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ დაადგინა.

კლინიკების დიდი ნაწილი სამინისტროს აღნიშნული გადაწყვეტილების წინააღმდეგ გამოდის. მათი ხელმძღვანელების სიტყვებით, შეუსაბამო ტარიფი სამედიცინო დაწესებულებებს მძიმე ფინანსურ პირობებში ჩააყენებს და გააუარესებს პაციენტების მომსახურების ხარისხს.

4 დეკემბერს ერთიანი ტარიფის თემა გახდა პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიასა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის საგანი. შეხვედრის შემდეგ მედიკოსებმა განაცხადეს, რომ ჯანდაცვის სამინისტროში სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც აღნიშნულ თემაზე გააგრძელებს მუშაობას.

ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნეს, რომ მთავრობის 520-ე დადგენილება, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფის გათანაბრებას ეხება, არ გადავადდება, თუმცა, ზემოაღნიშნული ჯგუფი ტარიფების რეალურთან შესაბამისობის საკითხზე იმუშავებს.

74
თემები:
ჯანდაცვა საქართველოში (130)