გათხრები

თბილისში ნეანდერტალელებისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართება

53
(განახლებულია 10:57 06.12.2019)
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება პალეოლითის ხანის უნიკალური არტეფაქტები, რომლებიც ცუცხვათის ცამეტიარუსიანი მღვიმოვანის შესწავლის დროს აღმოაჩინეს.

თბილისი, 5 დეკემბერი – Sputnik. გამოფენა „ნეანდერტალელები სამხრეთ კავკასიაში – ცუცხვათის მღვიმოვანი, ძველი და ახალი აღმოჩენები" სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში 7 დეკემბერს გაიხსნება, ნათქვამია ორგანიზატორების Facebook–გვერდზე.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს ეროვნული მუზეუმის ცუცხვათის მღვიმოვანის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ მოპოვებული უახლესი არქეოლოგიური და პალეონტოლოგიური მონაპოვრები.

ცუცხვათის ცამეტიარუსიანი მღვიმოვანის შესწავლა გასულ საუკუნეში დაიწყო. 1970-1971 და 1974-1975 წლებში ერთობლივი არქეოლოგიური გათხრები ჩაატარეს საქართველოს ისტორიის სახელმწიფო მუზეუმმა და პალეობიოლოგიის ინსტიტუტმა. აქ იქნა აღმოჩენილი შუა პალეოლითის ქვის იარაღები, ასევე ცხოველების ძვლები. 

„განსაკუთრებით აღსანიშნავია მღვიმოვანის ტერიტორიაზე არსებულ ე.წ. „ბრინჯაოს მღვიმეში“ მოპოვებული ნეანდერტალელი ბავშვის საღეჭი კბილი, რომელიც, ახალი კვლევების თანახმად, დაახლოებით 50 000 წლით თარიღდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

გათხრების დროს ნეანდერტალელთა არსებობის კვალთან ერთად გამოვლინდა ძეგლისათვის სრულიად ახალი, უკვე ჰომო საპიენსისათვის (მოაზროვნე ადამიანი, ანუ ჩვენი, თანამედროვე ადამიანის სახეობა) დამახასიათებელი ზედაპალეოლითური (ქვის ხანის გვიანი პერიოდი) ფენები.

2017 წლიდან მღვიმის შემსწავლელი საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიცია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით ხორციელდებოდა. ახლა პროექტის „ნეანდერტალელები სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში მულტიდისციპლინური კვლევა ტარდება.

გამოფენა 2020 წლის 1 თებერვლამდე გაგრძელდება.

 

53