„ფრესკომ“ საპროტესტო აქციის მონაწილეებს სოლიდარობა  გამოუცხადა

© Sputnik / Vladimir Umikashviliსაპროტესტო აქცია რუსთაველზე
საპროტესტო აქცია რუსთაველზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სუპერმარკეტების ქსელი სამშაბათს 24 საათის განმავლობაში არ იმუშავებს - კომპანია ამ ფორმით დააფიქსირებს პროტესტს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე

თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. კომპანია „ფრესკოს“ (Fresko) ყველა სუპერმარკეტი 2019 წლის 19 ნოემბრის 00:00 საათიდან, 2019 წლის 20 ნოემბრის 00:00 საათამდე დაიკეტება, ნათქვამია კომპანიის გვერდზე Facebook-ში.

თბილისში ოპოზიცია დაკავებულების მხარდასაჭერად იკრიბება >>

ორშაბათს პოლიციამ რუსთაველზე და პარლამენტის მიმდებარედ შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილენი წყლის ჭავლით დაშალა. მანამდე სამართალდამცველებმა მომიტინგეებს მოუწოდეს შეეწყვიტათ პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება და დეპუტატებისთვის საქმიანობის ხელის შეშლა, რადგან ეს კანონით იკრძალება, თუმცა აქციის მონაწილეებმა პოლიციის გაფრთხილება არ გაითვალისწინეს.

„მიგვაჩნია, რომ ის, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება, ჩვენთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის კონსტიტუციური უფლების წართმევაა! დღეს, კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ადამიანის ფუნდამენტური უფლება - აზრისა და სიტყვის გამოხატვის თავისუფლება იზღუდება. რთულია, ამ სიტუაციაში იყო უმოქმედოდ, მაგრამ ისეთი კანონმორჩილი კომპანიისთვის, როგორიც „ფრესკოა“, მიუღებელია გასცდე კანონის ფარგლებს. ამიტომ, ჩვენი პროტესტის გამოხატვის ერთადერთ შესაძლებლობას ჩვენ ვხედავთ ჩვენი ქსელის მუშაობის დროებით შეჩერებაში“, - აღნიშნულია  კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
ფინანსთა სამინისტრომ „ფრესკოს“ მფლობელის ვიდეომიმართვის შემდეგ ქსელის შემოწმება დაიწყო

სუპერმარკეტები მუშაობას ჩვეულებრივ რეჟიმში 2019 წლის 20 ნოემბრის 00:00 საათიდან განაახლებს. „ფრესკოში“ დასაქმებული ყველა თანამშრომელი კი სრულად მიიღებს  19 ნოემბრის შრომის ანაზღაურებას.

„ფრესკოს“ საქართველოს დედაქალაქში რვა სუპერმარკეტი აქვს.

სასურსათო მაღაზიათა ქსელ „ფრესკოს“ მფლობელმა ვასილ სოფრომაძემ მიმდინარე წლის მარტში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებს დანაშაულებრივ ქმედებებში დასდო ბრალი. მან ბიზნესისადმი ხელისუფლების დამოკიდებულება მწვავედ გააკრიტიკა და პოლიტიკოსებს გონზე მოსვლისკენ მოუწოდა. სოფრომაძის განცხადების შემდეგ ფინანსთა სამინისტრომ ქსელში შემოწმება დაიწყო.

ზურაბ ჯაფარიძე ხელწერილით გაათავისუფლეს - აქცია თბილისში გრძელდება >>

თბილისში საპროტესტო აქცია 14 ნოემბრიდან მიმდინარეობს, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა ჩააგდო. 17 ნოემბრიდან პარლამენტის ყველა შენობასთან გაშლილი იყო კარვები, მმართველი პარტიის დეპუტატებს შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ. მომიტინგეთა შორის იყვნენ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების დეპუტატები.

ამ დროისთვის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია კარვების, ქვიშის ტომრებისა და ცეცხლის დასანთებად საჭირო კასრებისგან გაწმენდილია, ამასთან გახსნილია რუსთაველის გამზირის სავალი ნაწილი.

პარლამენტის შენობასთან კვლავ რჩებიან ოპოზიციის ლიდერები და მათი მომხრეები.

ყველა ახალი ამბავი
0