„საბავშვო ევროვიზია 2019": კონკურსანტი საქართველოდან პოლონეთში გაემგზავრა

© photo: Ranina / FB გიორგი როსტიაშვილი
გიორგი როსტიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
წელს სიმღერის საერთაშორისო კონკურსში „საბავშვო ევროვიზია 2019" მონაწილეობას 19 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს.

თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს წარმომადგენელი სიმღერის საერთაშორისო კონკურსზე „საბავშვო ევროვიზია 2019" გიორგი როსტიაშვილი ქართულ დელეგაციასთან ერთად პოლონეთში გაემგზავრა, იუწყება პირველი არხი.

გიორგი როსტიაშვილი თავის სიმღერას „გვინდა გვიყვარდეს" (We need Love) 24 ნოემბერს პოლონეთის ქალაქ გლივიცაში, Arena Gliwice-ს სცენაზე შეასრულებს. კონკურსში სულ 19 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს.

გიორგი როსტიაშვილი - Sputnik საქართველო
ვინ წარადგენს საქართველოს „საბავშვო ევროვიზიაზე"

ევროვიზიის პროდიუსერის ნათია უზნაძის განცხადებით, კონკურსის ფარგლებში პირველი ღონისძიება წითელი ხალიჩა იქნება, სადაც გახდება ცნობილი, თუ რა ნომრით გამოვა როსტიაშვილი კონცერტზე.

უზნაძემ აღნიშნა, რომ კონკურსზე პროგნოზების გაკეთება არ შეუძლია, თუმცა მხოლოდ კარგ შედეგს ელოდება.

„როგორც საბავშვო, ისე დიდების ევროვიზიას წინასწარ ვერასდროს გათვლი, ამიტომ მოლოდინი ყოველთვის გვაქვს ძალიან კარგი. დარწმუნებული ვარ, გიორგის მიერ შესრულებული სიმღერა ყველას ძალიან მოეწონება, უმაღლეს შეფასებას მიიღებს", – აღნიშნა პროდიუსერმა და ყველას მოუწოდა, ვებ-გვერდის საშუალებით მისცენ ხმა გიორგის.

პატარა მომღერალმა დათო ევგენიძე აატირა>>

საინტერესოა, რომ საკონკურსო ქულებს საქართველოს სახელით გამოაცხადებს ვოკალური შოუ „რანინას" ერთ-ერთი მონაწილე ანასტასია გარსევანიშვილი.

კონკურსამდე როსტიაშვილის სიმღერაზე შეიქმნა კლიპი, რომლის რეჟისორი იყო კლიპმეიკერი ზაზა ორაშვილი, ხოლო მხატვარი – შაკო პოპიაშვილი. კლიპში გიორგისთან ერთად გადაიღეს საბავშვო ვოკალური შოუ „რანინას" მონაწილეები. სწორედ ამ პროექტში გამარჯვების წყალობით მიიღო შანსი როსტიაშვილმა, რომ წარადგინოს სამშობლო ევროვიზიის სცენაზე.

გიორგი როსტიაშვილი კახეთიდანაა, საგარეჯოს რაიონიდან. მუსიკის სამყაროში ბიჭუნას კერპია მაიკლ ჯექსონი. რეპეტიციებსა და შოუ „რანინაზე" გამოსვლისთვის ის რაიონიდან ჩამოდიოდა და შემდეგ უკან ბრუნდებოდა. როგორც მან აღნიშნა, ბოლო დროს მას უკვე სამარშრუტო ტაქსის მძღოლები ცნობდნენ, რაც ძალიან სიამოვნებდა.

საქართველო 2018 წელს საბავშვო ევროვიზიაზე თამარ ედილაშვილმა წარადგინა. მან მერვე ადგილი დაიკავა. საქართველო სამჯერ – 2008, 2011 და 2016 წლებში გახდა კონკურსის გამარჯვებული. 2017 წელს საბავშვო ევროვიზია თბილისში გაიმართა.

ყველა ახალი ამბავი
0