ლიკა ქორქია

„მეუფე პეტრე წავიდეს მონასტერში და ილოცოს ჩვენთვის“ ლიკა ქორქიას მწვავე რეაქცია

836
(განახლებულია 18:12 04.11.2019)
წმინდა სინოდის წევრებმა განაცხადეს, რომ ქართულ ეკლესიას პატრიარქის ასეთი შეურაცხყოფა, როგორიც მას მამა პეტრემ მიაყენა, არ უნახავს.

თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. მოდელი და ტელეწამყვანი ლიკა ქორქია საპატრიარქოს გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. მოდელი ფიქრობს, რომ ეს პროცესი პატრიარქის სკამისთვის ბრძოლაა.

„86 წლის მოხუცებულ პატრიარქს დაუპირისპირდნენ „ბიჭები” - ეგრეთწოდებული წმინდა სინოდიდან გავარდნილები და იქ მყოფები. მეუფე პეტრემ სხვა ერის კაცებისგან განსხვავებით ხომ მიიღო გადაწყვეტილება და მიუძღვნა თავი ეკლესიას? ხოდა წავიდეს მონასტერში და ილოცოს ჩვენთვის ან დაიცვას თავის უფლებები ცივილურად და არა იმ ფორმით რა ფორმაც ამას ქონდა", – წერს მოდელი.

წმინდა სინოდმა გასულ ხუთშაბათს მეუფე პეტრეს (ცაავა) მიტროპოლიტის წოდება ჩამოართვა, რადგან მან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს მამათმავლობის მფარველობაში დასდო ბრალი. მამა პეტრეს განცხადებით, მან სინოდისგან მოწმეების წარდგენისთვის დრო მოითხოვა, თუმცა ამაზე უარი მიიღო. 

როგორც მეუფე პეტრემ აღნიშნა, ის საჯარო აქტიურობას გააგრძელებს.

„იმისათვის, რომ საპატრიარქოს წარმომადგენლები არ ატყუებდნენ საზოგადოებას და სიცრუის ტირაჟირება არ მოხდეს, თავს უფლებას ვაძლევ, რომ გავაგრძელო აქ საჯარო აქტიურობა. გამიჩნდა ინიციატივა, რომ სინოდის სხდომა იყოს ღია, პირდაპირი ჩართვის რეჟიმში. რამეთუ მოვისმინე უპასუხისმგებლო და სამარცხვინო კომენტარები, ფაქტობრივად სიცრუის ტირაჟირება სინოდის წევრების მხრიდან. რათა საზოგადოება ასე დაბნეული არ იყოს და მღვდელმთავრებს, როგორც ცრუპენტელა ადამიანებს არ აღიქვამდეს, მიმაჩნია, რომ ერთადერთი გამოსავალი ამ კუთხით არის ჩემი ინიციატივა“, – განაცხადა მეუფე პეტრემ „პირველი არხის“ ეთერში.

მომხდართან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქომ ხუთშაბათსვე ოფიციალური განმარტება გაავრცელა. წმინდა სინოდის წევრებმა განაცხადეს, რომ ქართულ ეკლესიას პატრიარქის ასეთი შეურაცხყოფა, როგორიც მას მამა პეტრემ მიაყენა, არ უნახავს. ილია მეორემ, თავის მხრივ, სინანული გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ მამა პეტრე, რომელიც განსაკუთრებული მღვდელმსახური იყო, ასე შეიცვალა.

პატრიარქის გადაწყვეტილებით, მამა პეტრე გამწესდა შიომღვიმის მონასტერში, მაგრამ ყოფილმა მიტროპოლიტმა ითხოვა გამწესება ინჩხურის მონასტერში, რომელიც ჭყონდიდის ეპარქიაში შედის. ამაზე პატრიარქისგან უარი მიიღო, ის კი, მისი განცხადებით, შიომღვიმეში წასვლას არ აპირებს.

რაც შეეხება სინოდის მომდევნო კრებას, ტელეკომპანია Rustavi2 „სანდო წყაროზე“ დაყრდნობით იუწყება, რომ კიდევ ერთი რიგგარეშე სხდომა ამ კვირაში გაიმართება.

836
თემები:
სელებრითების ცხოვრება (1733)
ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე

„წონის მატება ძალიან მოგიხდა“ - როგორ გამოიყურება ნანუკა გუდავაძე მშობიარობის შემდეგ?

16
(განახლებულია 14:48 30.05.2020)
ნანუკა გუდავაძემ წონაში საგრძნობლად მოიმატა. როგორ გამოიყურებოდა ბერა ივანიშვილის მეუღლე ფეხმძიმობამდე და მშობიარობის შემდეგ?

მშობიარობამდე და მშობიარობის შემდეგ - ქალების ცხოვრება, რომლებმაც საპასუხისმგებლო ნაბიჯი გადაგეს, სწორედ ასე იყოფა. ამბობენ, რომ ქალი განსაკუთრებულად ლამაზი მშობიარობის პერიოდშია. არასასურველი კილოგრამების მომატებაზე ბევრი მათგანი წუწუნებს, თუმცა ახალშობილის გაჩენის შემდეგ ყურადღება მხოლოდ მზრუნველობაზე გადააქვთ. ასე აღმოჩნდა ნანუკა გუდავაძის შემთხვევაშიც. დაოჯახებამდე ლამაზმანი სამოდელო სფეროთი იყო გატაცებული, ფოტოსესიებსაც ხშირად აწყობდა. ახლა მისი ყოველდღიურობა ყველაფრისგან გამორჩეულია. ბერას და ნანუკას სოციალური ქსელები ბერუკასთან გადაღებული შეუდარებელი კადრებით გამრავალფეროვნდა.

View this post on Instagram

💙🙈😇

A post shared by Nanuka Gudavadze (@nanukagudavadze) on

გასული წლის დეკემბერში საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ წყვილს – ნანუკა გუდავაძესა და ბერა ივანიშვილს ბიჭუნა, პატარა ბერუკა შეეძინათ. ახალბედა დედა იშვიათად ჩნდებოდა საზოგადოებაში, თუმცა ახლა აქტიურობას მოუმატა და ქმართან ერთად მისაბაძ კონტენტს ქმნის. ნათლობის შემდეგ წყვილი ბერუკას ფოტოებს ხშირად აქვეყნებს. ასეთ დროს სოციალური ქსელის მომხმარებლების ძირითადი განსახილველი თემაა – ვის ჰგავს პატარა. ბერა ივანიშვილის მეუღლე ყოფილი მოდელი და ამჟამად მოდის ბლოგერია. ნანუკას ოჯახზე ბევრი არაფერია ცნობილი. სოციალურ ქსელში იძებნება მისი დები – ანი და მარიამ გუდავაძეები. მარიამი ნანუკაზე და ანიზე ბევრად უმცროსია. რაც შეეხება ანის, ფოტოებიდან ირკვევა, რომ დაქორწინებულია. ბერას და ნანუკას ქორწილში ანი ორსულად იყო და ახლა პატარა ბიჭუნას დედაა. დების მსგავსება გაოცებას იწვევს.

View this post on Instagram

🌊🍫

A post shared by Nanuka Gudavadze (@nanukagudavadze) on

ბერასა და ნანუკას ჯვრისწერა 2018 წლის 11 ნოემბერს სვეტიცხოველში გაიმართა. მცხეთელების თქმით, ასეთი საზეიმო ჯვრისწერა ბოლოს ბაგრატიონების შთამომავლების შეუღლებისას ნახეს. „ამიერიდან და სამუდამოდ", „ქმარი და ცოლი" – ასე დაასათაურეს თავიანთი პოსტები საოცარი ფოტოებით ახლად შეუღლებულებმა. ბერას ქორწილი უსაფრთხოების გაძლიერებული ზომების დაცვით გაიმართა. ჯვრისწერას ესწრებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები და მაღალჩინოსნები, მათ შორის, თბილისის მერი კახა კალაძე და ექს-პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი.

16
თემები:
სელებრითების ცხოვრება (1733)
ბაზარში

ნავთლუღის საცალო აგრარულმა ბაზარმა მუშაობა განაახლა

9
(განახლებულია 14:25 30.05.2020)
დღეისთვის საქართველოში რეგისტრირებული 90 აგრარული ბაზრიდან 80-მდე უკვე მუშაობს. აგრარული ბაზრები კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო იყო დაკეტილი

თბილისი, 30 მაისი - Sputnik. ნავთლუღის საცალო აგრარულმა ბაზარმა მუშაობა განაახლა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მასშტაბით  აგრარული ბაზრები დროებით დაიკეტა, რომელთა ნაწილი გაიხსნა 27 აპრილიდან. ბაზრების ფუნქციონირება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში, რომელიც სურსათის უვნებლობის ეროვნულმა სააგენტომ შეიმუშავა და შეჯერებულია ჯანდაცვის სამინისტროსთან.

ნავთლუღის საცალო აგრარულ ბაზარში, რომელიც დედაქალაქის ტერიტორიაზე არსებული ერთ-ერთი უძველესი ბაზარია, ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკების თავიდან ასაცილებლად, სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით და ისნის რაიონის გამგეობის ჩართულობით, მასშტაბური სარეაბილიტაციო და სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.

„სააგენტოს რეკომენდაციებით, ბაზრის ადმინისტრაციამ და პერსონალმა უზრუნველყო ბაზრის ტერიტორიიდან ნარჩენების გატანა, დახლების განახლება და მოსაპირკეთებელი და დასუფთავების სამუშაოების ჩატარება“, - ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე, ნავთლუღის ბაზარში გაუმჯობესდა სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა, პერსონალი აღიჭურვა შესაბამისი დამცავი და სადეზინფექციო საშუალებებით, კონტროლდება სოციალური დისტანცია.

დღეისთვის საქართველოში რეგისტრირებული 90 აგრარული ბაზრიდან 80-მდე უკვე მუშაობს.

9