მიხეილ რამიშვილი

ადვოკატმა მასმედიას დეკანოზ გიორგი მამალაძის წერილი გააცნო

201
(განახლებულია 20:16 01.11.2019)
საპატრიარქოში 31 ოქტომბერს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა, სადაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლების შესახებ სინოდი დეკანოზს პრეზიდენტთან უშუამდგომლებს.

თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა პატიმარი საპყრობილეში მოინახულა და საპყრობილიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს დეკანოზის წერილი გააცნო.

წერილში დეკანოზი მადლობელია ღმერთის, რომელმაც მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდს მიაღებინა შეწყალების შუამდგომლობის გადაწყვეტილება და იმედოვნებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი და ხელისუფლება ყველაფერს იღონებენ შუამდგომლობის დასაკმაყოფილებლად.

„იგი იმედს გამოთქვამს, რომ საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ ექნება საშუალება, დააფიქსიროს თავისი პოზიცია მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით. მისთვის სინოდზე და სინოდის შემდეგ განვითარებული მოვლენები, დაკავშირებული მიტროპოლიტ პეტრესთან, არის უაღრესად მძიმე. ის იმედოვნებს, რომ ნათელი ქრისტე განგვანათლებს ყოველთა. ეს არის მისი პოზიცია“, – განაცხადა ადვოკატმა.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რა საკითხებზე აპირებს დეკანოზი პოზიციის დაფიქსირებას.

„ამასთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ ასე დეტალურად არ იყო საუბარი – რა საკითხებზე იქნებოდა განხილვა, მაგრამ ეს გამოჩნდება, როდესაც საპატიმროდან გათავისუფლდება და მას საშუალება ექნება, რომ გარკვეულ საკითხებზე პოზიცია დააფიქსიროს“, – აღნიშნა ადვოკატმა.

„მეუფე პეტრესთან დაკავშირებით მისი პოზიცია მე უკვე წავიკითხე, რომ მისთვის არის უაღრესად მძიმე და იმედოვნებს, რომ ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა“, – დასძინა მიხეილ რამიშვილმა.

​ამასთან, ადვოკატის თქმით, დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა.

საპატრიარქოში 31 ოქტომბერს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა, რომელზეც რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღეს, მათ შორის მეუფე პეტრე (ცაავა) მღვდელთმთავრობიდან გაათავისუფლეს. გარდა ამისა, წმინდა სინოდმა გააფრთხილა მეუფე იაკობი. ასევე სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლების შესახებ პრეზიდენტთან იშუამდგომლებს.

201
თემები:
საეკლესიო სკანდალი საქართველოში (30)