საეკლესიო ზარები

საეკლესიო სკანდალი ეპარქიის სასულიერო პირები მიტროპოლიტის რეზიდენციაში იკრიბებიან

126
(განახლებულია 17:40 01.11.2019)
მღვდელმსახურები, რომლებმაც მამა პეტრეს (ცაავა) მხარი დაუჭირეს, ეპარქიის მიტროპოლიტის რეზიდენციაში განმარტებებს ელოდებიან.

თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. ჭყონდიდის ეპარქიაში შემავალი ეკლესიების მღვდელმსახურები მამა პეტრეს (ცაავა) მიმართ წმინდა სინოდის მიერ გამოტანილი სასჯელის განმარტების მოლოდინში მარტვილში, მიტროპოლიტის რეზიდენციაში იკრიბებიან, განუცხადა „Sputnik-საქართველოს" მარტვილის წმინდა ამბროსი აღმსარებლის მამათა მონასტრის წინამძღვარმა მამა ანდრიამ (სარია).

რატომ ჩამოართვეს მიტროპოლიტ პეტრეს წოდება - საპატრიარქოს განცხადება>>

წმინდა სინოდმა ხუთშაბათს მამა პეტრეს (ცაავა) ჩამოართვა მიტროპოლიტის წოდება, სინოდის წევრობა და მონანიებისთვის მონასტერში გაგზავნა. ამის მიზეზი ის გახდა, რომ მან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს მამათმავლობის მფარველობაში დასდო ბრალი. მამა პეტრეს განცხადებით, მან სინოდისგან მოწმეების წარდგენისთვის დრო მოითხოვა, თუმცა ამაზე უარი მიიღო.

„ჩვენ არ ვეგუებით უსამართლობას... ჩვენი მოთხოვნა იქნება – როგორც საჭიროა და ჯერ არს, ისე იქნეს განხილული ყველა საკითხი და არა აღტკინებებით და გულის ემოციებით. მოდი, ასე ვთქვათ, დროებით მმართველს ვაცალოთ ჩამოსვლა, როცა ჩამოვა, მერე თქვენც გაიგებთ მას რისი უფლება და მოვალეობები ექნება და ჩვენ როგორ ვუყურებთ მას", – განაცხადა მამა ანდრიამ.

მისი თქმით, მიუხედავად სინოდის გადაწყვეტილებისა, პეტრე (ცაავა) მაინც მეუფეა.

„ჯერ მათ პასუხი უნდა მოგვცენ. როგორც თავად მეუფე ამბობს, თუ ის იმსახურებს სასჯელს, ის დაისჯება, თუ არა, დაისჯება ის, ვისზეც ის ლაპარაკობს", – აღნიშნა მამა ანდრიამ.

მარგველაშვილი: პატრიარქმა „კაგებეს“ გაუძლო და ეს კოღოს ნაკბენები ვერ შეარყევენ>>

მან აღნიშნა, რომ მამა პეტრეს მომხრეებს აქვთ საპასუხო რეაქციის შესაძლებლობა.

„ცოდვა უნდა ამოიძირკვოს და არა დაიმალოს. დარწმუნებული ვარ, რომ ეპისკოპოსების 99%-მა ამის შესახებ იცოდა, მაგრამ ისინი ამბობენ – რა ვქნათ, ეს უნდა დავმალოთ", – განაცხადა იღუმენმა დანიელმა.

ამავდროულად გათავისუფლების შესახებ განცხადება დაწერა სალხინოში ამბროსი აღმსარებლის სახელობის საგანმანათლებლო სკოლა–გიმნაზიის პრორექტორმა მამუკა დანელიამ. მისი თქმით, სკოლა მამა პეტრემ დააფუძნა და ის მისი პატრონაჟით ფუნქციონირებდა.

„ეს სკოლა არის სპეციფიკური, აქ სწავლობენ შეჭირვებული, ობოლი ბავშვები. ის აბსოლუტურად უსასყიდლოდ ფუნქციონირებს. აქ ბავშვები იკვებებიან… მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ მეუფე პეტრე არ იქნება ამ სკოლის ხელმძღვანელი, ჩემს თავს მე აქ ვერ ვხედავ", – განაცხადა დანელიამ.

ამჟამად თავად მამა პეტრე სკოლაში ბავშვებთან გამოსამშვიდობებლად არის წასული.

ნიკა ლატარია

126
თემები:
საეკლესიო სკანდალი საქართველოში (30)