სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე

ილია მეორე: ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მშვიდობის დამკვიდრებისთვის

93
(განახლებულია 15:17 01.11.2019)
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმსახურებს მოუწოდა, რომ ერთმანეთს ტვირთი კი არ დაუმძიმონ, არამედ შეუმსუბუქონ.

თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ წმინდა სინოდს მოუწოდა, ყველაფერი გააკეთონ ქვეყანაში სიმშვიდისა და მშვიდობისთვის, ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

რატომ ჩამოართვეს მიტროპოლიტ პეტრეს წოდება - საპატრიარქოს განცხადება>>

წმინდა სინოდის ბოლო სხდომა თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ყველაზე სკანდალური აღმოჩნდა. ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა მღვდელმსახურმა, ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ პატრიარქი მამათმავლობის ცოდვის დაფარვაში დაადანაშაულა. ის სინოდის სხდომაზე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს.

„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ – როგორც ეკლესიაში, ასევე ქვეყანაში – მშვიდობის დამკვიდრებისათვის. ჩვენ არ უნდა მივცეთ საბაბი საზოგადოებას, დაბრკოლდეს ეკლესიისა და სარწმუნოების მიმართ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ერი არ დაბრკოლდეს ჩვენი ქცევისა და გამოსვლების გამო", – ბრძანა ილია მეორემ.

ამასთან, პატრიარქმა მღვდელმთავრებს სიფრთხილისკენ მოუწოდა.

„ყოველ მღვდელმთავარს აქვს დადებული ფიცი ღვთისა და პატრიარქის წინაშე ერთგულებისა და ამ ფიცის დარღვევის შემთხვევაში იგი დიდ ცოდვას იდებს საკუთარ თავზე", – აღნიშნა ილია მეორემ.

პატრიარქმა ასევე ბრძანა, რომ სინოდის ამოცანა ვინმეს დასჯა არ არის.

„დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ არა იმისათვის რომ ვინმე დავსაჯოთ, არამედ იმისათვის, რომ დავეხმაროთ ერთმანეთს. ჩვენ კი არ უნდა დავუმძიმოთ ერთმანეთს ტვირთი, არამედ უნდა შევუმსუბუქოთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის არაერთხელ დაუმძიმებიათ ჯვარი, მე არასოდეს მიფიქრია ვინმეს დასჯა. მე მუდამ მხოლოდ თქვენს დახმარებაზე ვფიქრობ. მე აღვიზარდე ისეთ ოჯახში, სადაც მუდამ იყო დიდი კრძალვა ღვთისადმი და თანაგრძნობა მოყვასისადმი. ჩვენი ოჯახი არაერთხელ იფარავდა დევნილ სამღვდელოებას", – ბრძანა პატრიარქმა.

ამჟამად მეუფე პეტრე ჭყონდიდის ეპარქიაში იმყოფება, სადაც გუშინ, ღამით მას მხარდაჭერის გამოცხადების მიზნით მრევლი ელოდება.

ვინ არის მეუფე პეტრე ცაავა>>

სინოდის გადაწყვეტილებით, მამა პეტრეს მღვდელმსახურება აეკრძალა. ის მოსანანიებლად მონასტერში უნდა წავიდეს.

93
თემები:
საეკლესიო სკანდალი საქართველოში (30)