ნოემბრის ნობათი - რომელი სამკურნალო მცენარეები უნდა დავამზადოთ ნოემბერში

© Photo: Pixabay ჭანჭყატი
ჭანჭყატი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნელა გვიახლოვდება ზამთარი, თუმცა, გვიან შემოდგომაზე შესაგროვებელი სამკურნალო მცენარეების სია კვლავ გრძელია. დღეს გთავაზობთ რამდენიმე სამკურნალო მცენარეს, რომელთა შეგროვება  ნოემბრის თვეში უნდა მოასწროთ

რძიანა (Euphorbia helioscopia), ჯულაბი (E. lathyrys) - ჯულაბი იზრდება მთის ქვედა სარტყელში რუდერალურ ადგილებზე, იმერეთში. ხშირია კულტურაში. უწერაში ჯულაბს ყაპოს წამალს ეძახიან, მას სპეციალურად აშენებდნენ ღორების ყელის შესიების სამკურნალოდ.

მცენარეები - Sputnik საქართველო
როგორ გავაკეთოთ მარტივად განსხვავებული დეკორაციების ქოთნები მცენარეებისთვის - ვიდეორჩევები

კარლოს I დიდმა VIII საუკუნეში გასცა ბრძანება მონასტრების ირგვლივ გაეშენებინათ ჯულაბი, როგორც ყველაზე სასარგებლო მცენარე. მცენარის ფოთლების და ქერქის ნახარში გამოიყენებოდა მუცლის ჭვლების დროს, ძლიერი შეკრულობისა და სოლიტერის წინააღმდეგ. ჯულაბის ზეთს აქვს საფაღარათო მოქმედება და გამოიყენება როგორც საფაღარათე საშუალება.

რაც შეეხება მეორე სახეობას, რძიანას, იზრდება მთის შუა სარტყლამდე რუდერალურ ადგილებზე და ნათესებში, როგორც სარეველა.

ქართველი ქალები რძიანას რძეწვენით ითეთრებდნენ კანს - იცილებდნენ სახეზე ჭორფლს და ტალებს. მეცხვარეები მისი რძეწვენით წმენდენ წყალს - ბინძურ ნადგომ წყალში აწვეთებენ და რამდენიმე ხნის შემდეგ ასმევენ ცხვარს. ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში მკურნალობენ კანის დაავადებებს და სპეციალურად აშენებენ ეზოში.

ხალხურ მედიცინაში რძიანას ფოთლები და ქერქი გამოიყენება სიფილისის წინააღმდეგ. სამკურნალო მიზნით გამოიყენება მცენარის მიწისზედა ნაწილები - ფოთლები და ღეროები, რომელსაც აგროვებენ მაისიდან ნოემბრის პირველი ნახევრის ჩათვლით.

ძველ ქართულ ხელნაწერებში რძიანები გვხვდება როგორც: ფარფიონი, აფარბიონი, მაზარიონი, შუბრემი. ქართულ სამედიცინო ხელნაწერებში ვკითხულობთ: „რძიანას რძე მხურვალი და ხმელი არის, კაცისა ასოსა და ტანიდაღმან ბალღამსა და ქარსა გასწმენდს და გააქარვებს და ამა რძიანას რძე, რომ კაცმან ხუთის მუხოდოს წონა სუას და ან ჭამოს, მაშინვე სისხის სენსა უშველის, და კაცის ტანიდაღმან ყუთიელსა წყალსა და წალასა გასწმენდს“.

წითელი რედიკიუ  - Sputnik საქართველო
ვარდკაჭაჭა და რადიკიუ – ძვირფასი საკვები და სამკურნალო მცენარე

რძიანა იხმარებოდა შაკიკის დროს, როგორც გარეგანი საშუალება: „მოიტანე ცოტა ფარფიონი და ან ვარდის ერბოთა და ან ვარდის წყლითა გააყენეთ და ამა თავმტკივანსა კაცსა პირველ თავი მოპარსეთ და მერმე სრულად თავზედა ეს წამალი შემოსცხეთ და უსათუოდ თავის ტკივილსა უშველის“. სახსრების ტკივილის დროს ხმარობდნენ ფარფიონის ზეთს: „საცა სტკიოდეს ფარფიონის ერბო გაათბონ და თბილ მტკივანსა ალაგსა შესცხონ“.

რძიანა შედიოდა „ჯალინოზის იარაჯის“ შემადგენლობაში, ეს იყო წამალი, რომელსაც კრუნჩხვების და დამბლების დროს აძლევდნენ. რძიანა შედიოდა აგრეთვე ქრონიკული დაავადებების სამკურნალო რთული წამლების შემადგენლობაში.

მედიცინაში იყენებენ როგორც გარეგანი საშუალება. რძიანას ზოგიერთი სახეობის ზეთი კი საფაღარათე დანიშნულებით.

ჭანჭყატი (Euonymus europaeus) - გვხვდება ტყეებში და ტყისპირებზე მთის შუა სარტყელში. მისი ფესვები შეიცავს გუტაპერჩს. გავრცელებულია აფხაზეთში, სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმში, სამეგრელოში, გურიაში, აჭარაში, სამხრეთ ოსეთში, ქართლში, თუშ-ფშავ-ხევსურეთში, თრიალეთსა და მესხეთში.

ლაგოდეხში ადგილობრივი მცხოვრებლები ჭანჭყატის ღეროების ნახარშს სვამენ ღვიძლის დაავადებების დროს. ჭანჭყატის ნაყოფი მწარეა და მოქმედენს როგორც ღებინების გამომწვევი და ძლიერი კუჭის ამშლელი. დიდი რაოდენობით მიღებისას აღიზიანებს ნაწლავებს და იწვევს ჰემოროიდულ სისხლდენას.

ჭანჭყატის ნაყოფების და ღეროების ნახარშს იყენებენ შეკრულობის და ქრონკული მალარიის დროს, ჭიის გამოსადევნად, მუნის და ტილების წინააღმდეგ. ასევე, როგორც ნაღვლის წარმომქმნელი. ჭანჭყატის ზეთი აფრთხობს მწერებს.

სამკურნალოდ აგროვებენ მცენარის ღეროებს აპრილიდან ნოემბრის პირველი ნახევრის ჩათვლით. ნაყოფებს - ივლისის შუიდან ნოემბრის ბოლომდე.

მზიურა (Jnula glandulosa) და კულმუხო (Inula helenium) - მზიურა (მთიულური – მუკუდოს-დედა; მთისრაჭული – ცხენის მუყუდო) უძველესი დროიდან გამოიყენება სამკურნალოდ. მის ნედლ ფესვებს ქაფურის მსგავსი სუნი აქვს და გახმობისას იის სუნს იღებს, გემოთი მწარე-არომატულია. მზიურას ფოთლებს და ყვავილებს ნედლად და ხმელს იყენებენ ჩაის, ან გამონაწვლილის სახით, განსაკუთრებით სასუნთქი გზებისა და კუჭის გაძნელებული მოქმედების დროს. მზიურას იყენებენ თირკმელების და შაქრიანი დიაბეტის მკურნალობის, აგრეთვე, საშვილოსნოდან სისხლდენისა და მენსტრუალური აშლილობისას.  

სამკურნალო მიზნით გროვდება ფოთლები მაისიდან ნოემბრის შუამდე და ყვავილები მაისიდან  სექტემბრის შუამდე.

სამკურნალო მცენარეები - Sputnik საქართველო
სამკურნალო ნობათი: რომელი მცენარეები და როგორ მოვაგროვოთ შემოდგომაზე

მეორე სახეობა კულმუხო (ფშავური – ლუხუმა; კახური, ხევსურული, ლეჩხუმური – კურმუხო; აჭარული – ანდუზა; ინგილოური – ანდუზ; მეგრული – კუმუხო, კუმუხა) ძველ სამედიცინო ხელნაწერებში მოხსენიებულია, როგორც ანდუზი, კურმუხი, ან რასინი. ზოგჯერ კულმუხოს თესლს რასანას უწოდებდნენ, ფესურას კი ირყიჯანას.  იზრდება ნესტიან ადგილებში, მდინარეთა და გუბეეების ნაპირებზე, ბუჩქნარებს შორის, ტყისპირებზე, დაბლობებში, მთის ქვედა და შუა სარტყელში აფხაზეთში, იმერეთში, სამხრეთ ოსეთში, ქართლში, გარე კახეთში, თრიალეთში, ქვედა ქართლსა და მესხეთში.

სამკურნალოდ გამოიყენება კულმუხოს ფესვები, თესლები, ზეთი. მისგან ამზადებდნენ შარბათს, მაჯუნს, ნახარშს და სხვ.

მცენარე კიტრისუნა - Sputnik საქართველო
შავჩოხა, ორფერი, კიტრისუნა: მოწყენილობასთან მებრძოლი და სიმამაცის შემმატებელი მცენარეები

კულმუხო შედიოდა თირკმელების დაავადების სამკურნალო წამლის შემადგენლობაში. თირკმლის სამკურნალოდ გამოიყენებოდა აგრეთვე, რასინის ოყნა: „რასინის ჰუყნაი ჰუყოს და ზურგსა მხურვალე ზეთითა იზელდეს“, უნებლიე შარდვის დროს, სისხლდენის შესაჩერებლად, გულის გახშირებული ცემის დასამშვიდებლად: „ანდუზის მაჯუნის ხასიათი ეს არის, რომე ხაფაყანსა, გულის თრთოლასა, გულის ძგერასა და ფეთქასა სამსავე უშველოს“. კულმუხოს ზეთი იხმარებოდა მალამოების დასამზადებლად: „ანდუზის ზეთიცა კარგი არის, რომე თბილსა ალაგსა შექონონ, და ქარის და თირკმელის სენისათვის მწოედ კარგი წამალი არის ეს ზეთები და ეს ქონები“ - ვკითხულობთ ძველ ქართულ სამედიცინო ჩანაწერებში.

კულმუხოს მსხვილ ფესურებს იყენებენ კუჭ-ნაწლავის აშლილობის დროს, როგორც შემკვრელი საშუალება - წვრილად დაჭრილ ფესურას აყენებენ ღვინოზე და ნაყენს სვამენ. ასევე როგორც ამოსახველებელი საშუალება ზედა სასუნთქი გზების დაავადებების დროს. აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას და შარდის გამოყოფას. კულმუხოს ფესურების ნახარშის აბაზანებს ხმარობენ საყმაწვილოს დროს, სიყვითლის და ზედმეტი სიგამხდრისას.  

მზიურას და კულმუხოს აშენებენ ეზოებში. სოფელ სხვიტორში, აკაკი წერეთლის ეზოში სალექციო დარბაზსა და კარის ეკლესიას შორის ახლაც არის აკაკის დის, ანას მიერ მოშენებული სამკურნალო მცენარეები შემორჩენილი, რომელთა შორის კულმუხოც გვხვდება. აკაკის და ანა გამხდარ ბავშვებს კულმუხოს ნახარშში აბანავებდა. ადგილობრივ მაცხოვრებლებში ახლაც არის ეს ჩვევა შემონახული.

კულმუხოს ფესურები გროვდება მარტიდან ივნისის შუამდე და სექტემბრის შუიდან ნოემბრის ჩათვლით.

წყავი (Laurocerasus officinalis) - კოლხური ფლორის წარმომადგენელი ფართოდ გვხვდება აფხაზეთში, სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმში, სამხრეთ ოსეთში, ქართლში, მთიულეთში, კახეთსა და ჯავახეთში მთის შუა სარტყლის ტყეებში მარადმწვანე ქვეტყის სახით. კულტურაში შემოტანილია, როგორც მაღალდეკორატიული და ხილეული ჯიში. წყავის ნაყოფები შავია, კურკიანი, ტკბილი-მომწარო.

ძველ ქართულ სამედიცინო წყაროებში წყავის თესლს ზიბისთანს უწოდებენ, ყვავილის ფურცლებს - როდანს.

წყავის ფოთლებისგან ამზადებენ წყავის წყალს, რომელსაც იყენებენ ნერვული სისტემის სამკურნალოდ, ფილტვებისა და გულის დაავადებების დროს და აგრეთვე, როგორც დამხმარე საშუალება ზოგიერთი წამლის შესამზადებლად.

წყავს სხვა მცენარეებთან ერთად აშენებენ ეზოებში. მისი ფოთლების ნახარში ამსუბუქებს მუცლის ტკივილს, ნაყოფებისგან გამოხდილ არაყს სვამენ ქარების და რევმატიზმის დროს.

მცენარის ფოთლებს აგროვებენ მარტიდან ნოემბრის პირველი ნახევრის ჩათვლით. ნაყოფებს - ივნისსა და აგვისტოში.

ჯადვარი (orchis latifolius) და გუგულის კაბა (Dactylorhiza romana subsp. georgica) - ჩვენში კაცთითას და უშვილობის წამალსაც უწოდებენ. მისი ტუბერაკები მართლაც ადამიანის თითებს წააგავს. ჩვეულებრივ, მცენარის ღერო მიწაში ფუძესთან ივითარებს ტუბერაკებს, რომლებსაც მომრგვალო, ან მოგრძო ფორმა აქვს. წინა წლის ტუბერაკები შავი ფერისაა, მოშვებული, ახალი ტუბერაკები კი ღია ფერისაა, წვნიანი და ხორციანი.

სამკურნალოდ საუკეთესოდ ითვლება პირველი წლის მრგვალი ტუბერაკები, რომლებსაც აგროვებენ ადრე გაზაფხულზე, ვეგეტაციის დასრულებამდე მარტიდან მაისის ჩათვლით, ან ვეგეტაციის დასრულების შემდეგ, გვიან შემოდგომაზე სექტემბრის მეორე ნახევრიდან ნოემბრის მეორე ნახევრამდე. შეგროვებულ ტუბერაკებს აცმევენ ძაფზე, ადუღებენ, შემდეგ გაავლებენ წყალში, აშრობენ და ისე ინახავენ. სამკურნალოდ გამოიყენება საქართველოში გავრცელებული ჯადვარის სხვა სახეობებიც. რომლებიც მრავლადაა გავრცელებული ყველგან.

ჯადვარს იყენებენ უხსოვარი დროიდან, როგორც საუკეთესო სამკურნალო საშუალება, განსაკუთრებით სიმსივნეების, მოშხამული ჭრილობების და კუჭ-ნაწლავის აშლილობის, კუჭ-ნაწლავის კატარის და სისხლიანი ფაღარათის დროს, აგრეთვე, როგორც სასქესო ორგანოთა აღმგზნები საშუალება. მძიმე მოწამვლის დროს უნიშნავენ, როგორც შემომვლელ საშუალებას, განსაკუთრებით ბავშვებს. ცაგერში ჯადვარს იყენებენ უშვილობის წინააღმდეგ.

ჯადვარის ტუბერაკებს ხმარობენ საკვებადაც.

ჭიაფერა, ფერაფერა, (Phytolacca americana, კახური – იმერული საფერავი, განჯური საფერავი; გურული, იმერული – ფერა-ფერა; ლეჩხუმური – მეფერვიე; რაჭული – ფერუა; აჭარული – ჭყურტა; მეგრული – ჯამფეზია, ჯაფეზია, ჯაფაზია; სვანური – ჯამფეზ) - ჩრდილოეთ ამერიკიდან შემოტანილი ჭიაფერა საკმაოდ კარგადაა გავრცელებული დასავლეთ საქართველოში, ქართლსა და კახეთში. გვხვდება რუდერალურად, როგორც სარეველა გზებისა და ტყის პირებზე 600 მზდ. სიმაღლემდე. მთლიანი მცენარე შხამიანია, მისი კენკრა ნაყოფი მდიდარია საღებავი ნივთიერებებით.

ქართულ ხალხურ მედიცინაში ჭიაფერას იყენებენ სხვადასხვა დაავადებების დროს. მცენარის ფოთლებს იდებენ თავზე სიცხისა და თავის ტკივილის დროს, ძირებს ხმარობენ ცოფის, კანის დაავადებების, მალარიის, სიფილისის, სკორბუტის, ფაღარათის და რევმატული ანთების წინააღმდეგ. ძველ ქართულ წყაროებში ჭიაფერას მოიხსენიებენ როგორც ლაქი. ლაქის მაჯუნი  სხვა მცენარეებთან ერთად იხმარებოდა კუჭ-ნაწლავის, ღვიძლის დაავადებების და ბუასილის სამკურნალოდ.

ჭიაფერას ნაყოფებს ბავშვები ხმარობდნენ მელნის ნაცვლად. გურიასა და სამეგრელოში კი ჭიაფერას ნაყოფებით ღვინოს და კომბოსტოს მწნილს ფერავენ.

სამკურნალო მიზნით აგროვებენ ჭიაფერას ფესვებს მარტის მეორე ნახევრიდან ივნისის მეორე ნახევრამდე და სექტემბრის მეორე ნახევრიდან ნოემბრის მეორე ნახევრამდე.

დასავლეთ საქართველოში ჭიაფერას როგორც დეკორატიული მცენარე, აშენებენ ეზოებში.

ყველა ახალი ამბავი
0