თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე რომან გოცირიძე პარლამენტში მოსამართლეთა მოსმენის პროცესს სოციალურ ქსელში მხიარული ფოტოთი ეხმაურება.
როგორც დეპუტატი წერს, მოსამართლეთა მოსმენების შემყურე, მისი კატა გადარეულია.
23 სექტემბერს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა დაიწყო. პარლამენტში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომლის ფარგლებში იმართება შეხვედრები თითოეულ კანდიდატთან. ამ ეტაპზე მოსამართლეების ნაწილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უსმენენ, ნაწილს – პლენარულ სხდომაზე.
20-კაციანი სია იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 4 სექტემბერს დაამტკიცა. სიაში აღმოჩნდა ის ხუთი „სადავო“ მოსამართლეც, რომელიც პარლამენტში დეკემბერში წარდგენილ 10-კაციან სიაში იყო, მათ შორის – გიორგი მიქაუტაძე, ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე, მერაბ გაბინაშვილი, თამარ ალანია. წინა სია მმართველ პარტიაში განხეთქილების, ოპოზიციასა და არასამთავრობო ორგანიზაციებში კი პროტესტის მიზეზი გახდა.
შერჩეული 20 კანდიდატიდან უმრავლესობას მრავალწლიანი სამოსამართლეო გამოცდილება აქვს, ორი პროკურორია, ერთი კი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორი.