მეუფე იაკობს „ევროპული საქართველო“ პარლამენტში იბარებს

გამოწერა
გიორგი გახარია ქორეპისკოპოსის ბრალდებებს სისულელეს უწოდებს, შსს-ში კი, რომელსაც ვახტანგ გომელაური ხელმძღვანელობს, ამბობენ, რომ ასეთი შეხვედრა არ შემდგარა

თბილისი, 27 ოქტომბერი - Sputnik. ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“  მეუფე იაკობს პარლამენტში იბარებს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მეუფე იაკობის სკანდალური განცხადება: ვის უნდოდა პატრიარქის გადაყენება >>

გუშინ  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ბოდბის ეპარქიის ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ მას პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით „ეჩალიჩებოდნენ“. როგორც მან აღნიშნა, შეხვედრა მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში შედგა, რომელსაც მისივე თქმით, ვახტანგ გომელაური და გიორგი გახარიაც ესწრებოდნენ.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა მეუფე იაკობის განცხადებებს მძიმე ბრალდებებს უწოდებს და  გავრცელებული ინფორმაციით დაინტერესებას გენერალური პროკურატურის მოვალეობად მიიჩნევს.

„თუ პროკურატურა არ გაინძრევა, კიდევ ერთხელ გამოჩნდება ორმაგი სტანდარტი, რომ ქვეყანაში შერჩევითი სამართალია. შეგახსენებთ, არშემდგარი მკვლელობის დაგეგმვაზე, თუ შეუსრულებელი მკვლელობის ორგანიზებაზე ამ ხელისუფლებას წინა ხელისუფლების რამდენიმე ძალოვანი პასუხისგებაში ჰყავს მიცემული“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია მეუფე იაკობის განცხადებაზე: „შოკირებული ვარ...“

უგულავას შეფასებით, თუ ეს ყველაფერი სიმართლეა, მაშინ ადგილი აქვს კონსტიტუციის დარღვევას, რადგან კონსტიტუციის მიხედვით, სახელმწიფო და ეკლესია ერთმანეთისგან დაშორებულია.

„რასაც მეუფე იაკობი ამბობს, ხელისუფლების მიერ პატრიარქის გადაყენების მცდელობაა, რომელიც შეიძლება საიმპიჩმენტო პროცედურის დაწყების საფუძველი გახდეს“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

ილია მეორემ საქართველოს პრემიერი დალოცა >>

გიორგი გახარია ქორეპისკოპოსის ბრალდებებს სისულელეს უწოდებს, შსს-ში კი, რომელსაც ვახტანგ გომელაური ხელმძღვანელობს,  ამბობენ, რომ ასეთი შეხვედრა არ შემდგარა. სიტყვასიტყვით იგივე შეფასება გააკეთა ასევე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

ყველა ახალი ამბავი
0