ქართველი მუსიკოსი, რომელიც ამერიკული ფილმებისთვის მუსიკას წერს

© photo: courtesy of David Tsiklauriდავით წიკლაური
დავით წიკლაური - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ ამერიკაში მცხოვრებ ნიჭიერ მუსიკოსს დავით წიკლაურს გაგაცნობთ.

ალბათ მისი წარმატება მუსიკალურ სფეროში სავსებით ლოგიკური მოგვეჩვენება, თუ ვახსენებთ, რომ დღევანდელი რესპონდენტი ცნობილი მუსიკოსის ავთო წიკლაურის ვაჟიშვილი გახლავთ.

ამერიკაში 2017 წლიდან ცხოვრობს, თავის დროზე იქ კომპანია „სონის“ მიწვევით აღმოჩნდა. დღეს ამერიკული კინოსთვის ქართული მოტივებით გაჯერებულ მუსიკას წერს, ცნობილ მუსიკალურ სტუდიებთან თანამშრომლობს და ურთიერთობა აქვს ამ სფეროს გამორჩეულ პროფესიონალებთან.

© photo: courtesy of David Tsiklauriდავით წიკლაური
ქართველი მუსიკოსი, რომელიც ამერიკული ფილმებისთვის მუსიკას წერს - Sputnik საქართველო
დავით წიკლაური

- დავით, ოჯახური გარემო, სადაც გაიზარდეთ, ძალიან შემოქმედებითი იყო. დარწმუნებული ვარ, რომ მუსიკის ნიჭი და სიყვარული მამისგან გადმოგეცათ...

- მუსიკა ერთადერთი რამაა ცხოვრებაში, რაც ჩემგან აბსოლუტურად განუყოფელია. რაც თავი მახსოვს, სრულ სიჩუმეშიც კი მუსიკა მესმოდა. ჩემთვის ყველაფერი მუსიკას უკავშირდებოდა და დღესაც ასეა – რაც უნდა მოხდეს, ყველაფერს თავისი მუსიკა „ახლავს“. ასეთი დამოკიდებულება გამიჩნდა მამაჩემის ავთო წიკლაურის წყალობით, რომელიც უზომოდ ნიჭიერი ადამიანია. ის ანსამბლ „ბერიკონის“ სამხატვრო ხელმძღვანელი გახლდათ. არის კომპოზიტორი, მომღერალი, პოეტი, მხატვარი და მოქანდაკე. მას ვერასდროს დავეწევი, რადგან წარმოუდგენლად და მრავალმხრივ ნიჭიერია. მან იქონია ჩემზე უდიდესი გავლენა, იმიტომ რომ პატარაობიდან ვუყურებდი როგორ წერდა სიმღერებს, დავყავდი კონცერტებზე ფილარმონიაში, რაც მაშინ ყველაზე დიდი ზეიმი იყო. მოკლედ, ყველაზე ტკბილი მოგონებები ბავშვობიდან მომყვება. მამის წყალობით ძალიან ბევრ და საინტერესო ადამიანს შევხვდი. ეს ყველაფერი იმდენად იყო ჩემი ყოველდღიურობის ნაწილი, რომ საკუთარი თავი და ცხოვრება ვერასოდეს წარმომედგინა ხელოვნების გარეშე...

- დღეს თქვენ წერთ მუსიკას ფილმებისთვის და თქვენს ნამუშევარს ამერიკელი კრიტიკოსების საკმაოდ კარგი რეცენზიები მოჰყვა...

- ადრე ვწერდი პატარა მელოდიებს, მაგრამ 17-18 წლის ასაკში უკვე საკუთარი სათქმელი გამიჩნდა. ნებისმიერი და, მით უმეტეს, მუსიკალური ხელოვნება გარკვეული მსოფლმხედველობის, ინდივიდუალიზმისა და ემოციური სამყაროს ჩამოყალიბებას მოითხოვს, რასაც დრო სჭირდება. თუმცა ყოველთვის ვიცოდი, რომ ერთ დღეს ისევ დავიწყებდი მუსიკის წერას. პირველი ფილმი, რომლისთვისაც მუსიკა დავწერე, იყო ქართულ-ამერიკული ტრილერი „247 ფარენჰაიტით“, რასაც ამერიკელი კრიტიკოსების კარგი გამოხმაურება მოჰყვა. თუმცა ეს ჩემთვის საკმარისი არ არის...

© photo: courtesy of David Tsiklauriდავით წიკლაური მეთიუ გლეივთან ერთად
ქართველი მუსიკოსი, რომელიც ამერიკული ფილმებისთვის მუსიკას წერს - Sputnik საქართველო
დავით წიკლაური მეთიუ გლეივთან ერთად

- საერთოდ ამ ქვეყანაში როგორ აღმოჩნდით და თანაც ადგილობრივ კინო-სამყაროში?

- ამერიკაში ცხოვრებაზე ბავშვობიდან ვოცნებობ. ყოველთვის აღტაცებული ვიყავი ამერიკული კულტურით, აქაური ცხოვრების წესით და ამერიკული მენტალობით. ამ ქვეყანაში 2017 წელს ჩამოვედი კომპანია „სონის“ მოწვევით და ბევრი კეთილი ადამიანის წყალობით. აქვე მინდა განსაკუთრებული მადლობა კიდევ ერთხელ გადავუხადო მათ. რიგი მიზეზების გამო ძალიან ძნელია საქართველოდან აქ მოხვედრა, თუმცა ახლა აქ ვცხოვრობ და ამერიკული ფილმებისთვის მუსიკას ვწერ. გავიცანი ფანტასტიკური ხალხი კინოსა და მუსიკის სფეროში. ხანდახან თავად მიჭირს იმის დაჯერება, რომ მათ ვესაუბრები, იმდენად დიდები არიან, ამასთან საკმაოდ თბილი ადამიანებიც... დღეს ასევე მყავს სტუდენტები და ვმუშაობ ადგილობრივ სტუდიებში, სადაც მუსიკოსებს ფორტეპიანოს პარტიების ჩაწერასა და გაორკესტრებაში ვეხმარები. ამერიკაში ცხოვრება ძალიან საინტერესოა და ბედნიერი ვარ, რომ აქ მოვხვდი...

- საკმაოდ კარგად ხატავთ, რატომ არ გააგრძელეთ ეს გზა?

- დიახ, ბავშვობაში ვხატავდი, მაგრამ საკუთარ თავს მხატვრობაში ვერ ვხედავ. ეს ყველაფერი არქიტექტურისა და დიზაინის სიყვარულში გადაიზარდა. ზაფხულში პასადენის სამხატვრო კოლეჯში ავტომანქანის დიზაინის შესახებ ლექციებს დავესწარი, რაც ძალიან შთამბეჭდავი იყო. გამაოცა ამ სფეროს პროფესიონალების ოსტატობამ, იმან, თუ როგორ შეიძლება ფორმა და ფუნქცია ერთმანეთს შეუხამო და უბრალო ნივთიც კი ხელოვნების ნიმუშად აქციო.

© courtesy of David Tsiklauriდავით წიკლაური
ქართველი მუსიკოსი, რომელიც ამერიკული ფილმებისთვის მუსიკას წერს - Sputnik საქართველო
დავით წიკლაური

- თქვენ გაქვთ ლამაზი მუსიკალური კომპოზიცია სახელად „შენზე ოცნება“, როგორია თქვენი ოცნება?

- ჩემი ოცნებაა ვიხილო დამოუკიდებელი, ძლიერი და თავისუფალი საქართველო. ჩემს მუსიკაში ხშირად ჟღერს ხოლმე ქართული მოტივები, რითიც ჩემს სამშობლოს მუსიკის მეშვეობით სიყვარულში ვუტყდები. როგორი ტკბილიც უნდა იყოს სხვა ქვეყანა, საკუთარი მაინც გენატრება და გტკივა. მე მჯერა, რომ ჩვენ გამოგვივა და საქართველო ღირსეულ ადგილს დაიკავებს მსოფლიო ცივილიზაციაში. მე კი ყოველთვის მზად ვარ ამაში მონაწილეობა მივიღო. ეს არის ჩემი ყველაზე დიდი ოცნება. მეორე დიდი ოცნება არის ის, რომ ბოლომდე გავაკეთო ის, რისი გაკეთების შესაძლებლობაც განგებამ დაბადებიდან მაჩუქა. თუმცა ეს უფრო მიზანია, რასაც ბევრი მუშაობა სჭირდება, მაგრამ მჯერა, რომ სამყაროში მიუღწეველი არაფერია...

ყველა ახალი ამბავი
0