ჯანდაცვის სამინისტრო

პროტესტი გრძელდება: დევნილები ბინების გადაცემის საქმეზე კომისიის შექმნას მოითხოვენ

73
(განახლებულია 15:06 14.10.2019)
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დარჩენილია 273 ბინა, რომელთა მიღებაზე განაცხადების მიღება 15 ოქტომბრიდან დაიწყება და თვის ბოლომდე გაგრძელდება.

თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. ჯანდაცვის სამინისტროსთან შეკრებილი დევნილები სადავო საცხოვრებელი ბინების გადაცემის საქმეზე ახალი კომისიის შექმნას მოითხოვენ, რომელიც ფართების განაწილების საკითხს ობიექტურად შეისწავლის, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ფოიეში ბინების გადაცემის მოთხოვნით საპროტესტო აქცია თითქმის ერთი თვეა მიმდინარეობს. სიტუაცია მას შემდეგ გამწვავდა, რაც უწყებამ ბინების განაწილების პროცესი დაასრულა და სიები გაასაჯაროვა.

კომისიის გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე ნგრევადი და სახელმწიფო მნიშვნელობის 24 ობიექტი დაიხურება და იქ მცხოვრებ 256 ოჯახს ახალი ბინა გადაეცემა. დევნილი ოჯახები ბინებს ასევე მიიღებენ სასამართლო გადაწყვეტილებებისა და სამინისტროს მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირებების საფუძველზეც.

აქციის მონაწილეები ჯანდაცვის სამინისტროს კომისიის მოქმედ წევრებს, რომლებიც ფართების განაწილების საკითხებს განიხილავენ, კორუფციაში ადანაშაულებენ. ისინი მოითხოვენ შეიქმნას ახალი კომისია და ბინებით დროულად დაკმაყოფილდნენ. დევნილები არ გამორიცხავენ, რომ დავა სასამართლოში გაგრძელონ.

 „ჩვენი მოთხოვნები არის ბინებით დაკმაყოფილება. თუ ეს არ არის შესაძლებელი, მოვითხოვთ წერილობით საბუთს, რომ არ გვეკუთვნის, ან თუ გვეკუთვნის, როდის", – განაცხადა ერთ-ერთმა დევნილმა თამარ დანელიამ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი დაშლას არ აპირებენ მანამ, სანამ მათ სახელმწიფო საცხოვრებელი ბინებით არ უზრუნველყოფს. დევნილები შიმშილობის განახლებასაც აანონსებენ. 

ჯანდაცვის სამინისტრო, თავის მხრივ, აცხადებს, რომ აქციის მონაწილეთა უმრავლესობას ბინის მისაღებად საკმარისი ქულა არ აღმოაჩნდა და, შესაბამისად, საცხოვრებელი ფართები მათზე მაღალი ქულის მქონე დევნილ ოჯახებზე განაწილდა. უწყების ცნობით, გარდა ამისა, აქციის მონაწილე პირთა ნაწილს კერძო საკუთრება აღმოაჩნდა, ნაწილი რეგიონშია დარეგისტრირებული, რამდენიმე ოჯახს კი აპლიკაცია არ ჰქონდა შევსებული და, შესაბამისად, სამინისტრო მათ საცხოვრებელ ფართს ვერ გადასცემდა.

უწყების ინფორმაციით, დარჩენილია 273 ბინა, რომელთა მიღებაზე განაცხადების მიღება 15 ოქტომბრიდან დაიწყება და თვის ბოლომდე გაგრძელდება.

დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან — აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან 267 ათასი იძულებით გადაადგილებული პირია.

საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.

2013 წლიდან დღემდე საცხოვრებელი ფართი უკვე 17 ათასამდე დევნილ ოჯახს დაუკანონდა.

73
თემები:
სოციალური სფერო საქართველოში (162)
კომპანია  MAN–ის ავტობუსები

თბილისში ტრანსპორტი გაძვირდება? კალაძის პასუხი

22
(განახლებულია 18:24 28.05.2020)
მიკროავტობუსებისა და ავტობუსების მძღოლებისთვის შემუშავდა რეკომენდაციები – იკრძალება კონდიცირების სისტემის ჩართვა, ასევე სავალდებულოა სატრანსპორტო საშუალების ღია ფანჯრებით გადაადგილება.

თბილისი, 28 მაისი — Sputnik. საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაძვირებაზე საუბარი არ ყოფილა და არც იქნება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან. 

საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი, მათ შორის, მეტრო და ავტობუსი, მუშაობას 29 მაისიდან განაახლებენ. დღეისთვის თბილისის ავტობუსებსა და მეტროში მგზავრობის ღირებულება 50 თეთრია, ყვითელ მიკროავტობუსებში კი 80 თეთრი.

 „მგზავრობის გაძვირებაზე საუბარი არ ყოფილა და არც იქნება. ავტობუსები ყოველდღიურად სატრანსპორტო ხაზზე გასვლამდე და დღის ბოლოს სადიზენფექციო საშუალებებით დამუშვდება. ჩვენ სპეციალისტების ყველა მოთხოვნას გავითვალისწინებთ. მეტროში, ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში აუცილებელია პირბადეების გამოყენება“, – განაცხადა კალაძემ.

რეკომენდაციების თანახმად, თბილისის ყველა ავტობუსში ფანჯრები ღია უნდა იყოს. კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში იკრძალება კონდიცირების სისტემის გამოყენება.

პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან ავტობუსებშიც. მეტროში პროცესს პოლიცია გააკონტროლებს, ავტობუსებში მონიტორინგის სამსახურის კონდუქტორები, გაჩერებებზე კონტროლიორები.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 21 მარტიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 31 მარტიდან კომენდანტის საათი ამოქმედდა, მუშაობა შეაჩერა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა, მათ შორის, მეტრომ. 18 მარტიდან თბილისში სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.

22
სომხეთის საელჩო

რუბენ სადოიანმა სომხეთის პირველი რესპუბლიკის მემორიალური დაფა ყვავილებით შეამკო

19
(განახლებულია 17:59 28.05.2020)
თბილისის მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლეში 102 წლის წინ სომხეთის ეროვნულმა საბჭომ სომხეთის პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის შესახებ დეკლარაცია მიიღო.

თბილისი, 28 მაისი — Sputnik.  საქართველოში სომხეთის საელჩოს დიპლომატებმა, ელჩ რუბენ სადოიანის ხელმძღვანელობით, სომხეთის დამოუკიდებლობის დღე თბილისში მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლეში სტუმრობით აღნიშნეს. 

როგორც საელჩოში განაცხადეს, სწორედ ამ სასახლეში 102 წლის წინ სომხეთის ეროვნულმა საბჭომ სომხეთის პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის შესახებ დეკლარაცია მიიღო. ორი წლის წინ, სომხეთის საელჩოს ინიციატივით, დეკლარაციის ხელმოწერის ადგილზე მემორიალური დაფა განთავსდა. დღეს სომეხმა დიპლომატებმა ადგილი ყვავილებით შეამკეს.

1917 წელს რუსეთის იმპერატორის მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვის ყოფილ სასახლეში ამიერკავკასიის ფედერაციის მთავრობა მოქმედებდა, 1918 წლის 26 მაისს კი ერთ–ერთ დარბაზში საქართველოს, შემდეგ კი სომხეთისა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღე გამოცხადდა.

19