რთველი

კახეთში რეკორდული რაოდენობის ყურძენი დაკრიფეს

70
(განახლებულია 19:30 11.10.2019)
რთველი კახეთში სრულდება, რაჭაში კი ძალებს ახლა იკრებს.

თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. კახეთის რეგიონში 267 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული, რაც თითქმის 30 წლის განმავლობაში ერთგვარ რეკორდს წარმოადგენს, ნათქვამია საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ასე რომ, რთველმა ექსპერტების მოლოდინს გადააჭარბა, რომლებიც ვარაუდობდნენ, რომ წელს მოსავალი 200-250 ათას ტონას მიაღწევდა.

რთველი კახეთში აგვისტოს ბოლოს დაიწყო და ამჟამად უკვე დასასრულს უახლოვდება. ამ პროცესში მევენახეებისა და ღვინის საწარმოების დახმარების მიზნით თელავში ტრადიციულად გაიხსნა რთველის საკოორდინაციო შტაბი.

ახლა რთველი ძალას იკრებს რაჭაში, სადაც ასევე მუშაობს საკოორდინაციო შტაბი. 11 ოქტომბრის მონაცემებით, რაჭაში 250 ტონა ყურძენი დაიკრიფა და საწარმოებში ჩაბარდა. დღეს ამბროლაურში ყურძენს ღვინის მწარმოებელი კომპანიები იბარებენ – შტაბში სულ 40 კომპანიაა დარეგისტრირებული.

წელს რაჭაში დაახლოებით 1,5 ათას ტონა მუჯურეთულსა და ალექსანდროულს ელოდებიან, სწორედ ყურძნის ამ ჯიშებიდან მზადდება "ხვანჭკარა".

70
თემები:
ღვინის კულტურა და მეღვინეობა (67)