ჟორჟ სიმენონი

კომისარ მეგრეს შესახებ ცნობილი დეტექტივების ავტორის ვაჟი ბათუმს სტუმრობს

63
(განახლებულია 13:36 10.10.2019)
აჭარის დედაქალაქში ჟორჟ სიმენონის ბათუმური ვოიაჟის ამსახველი ფოტოები გამოიფინება.

თბილისი, 10 ოქტომბერი – Sputnik. გამოჩენილი ბელგიელი მწერლის, დეტექტიური რომანების ავტორის ჟორჟ სიმენონის ვაჟი ჯონ სიმენონი ბათუმს ესტუმრა, ქალაქს, რომელიც მამამისმა თავის ერთ-ერთ ნოველაში აღწერა. ამის შესახებ „Sputnik-საქართველოს“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში აცნობეს. 

ჟორჟ სიმენონი მსოფლიოში დეტექტიური ჟანრის ნაწარმოებების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ავტორია. მას დაწერილი აქვს 425 წიგნი, რომელთა შორისაა 200 ბულვარული რომანი 16 ფსევდონიმით, 220 რომანი ნამდვილი სახელით და სამტომიანი ავტობიოგრაფია.

ბათუმი აღწერილია სიმენონის რომანში „ხალხი მოპირდაპირე მხარეს“ (Les Gens d"en Face), სადაც მოქმედება მეოცე საუკუნის 30-იან წლებში ხდება.

ჯონ სიმენონის ვიზიტი ბათუმში უკავშირდება მწერლისადმი მიძღვნილი გამოფენის დეტალების შეთანხმებას. მწერლის ვაჟი გაეცნობა ასევე აჭარის ტურისტულ პოტენციალს და საქმიან შეხვედრებს გამართავს ადგილობრივი მთავრობისა და მერიის წარმომადგენლებთან.

საქმე ისაა, რომ ჟორჟ სიმენონის პირად არქივში დაცულია ХХ საუკუნის პირველი ნახევრის ბათუმის უნიკალური ფოტოები. ახლა ისინი ბელგიის სამეფოს ვალონიის რეგიონში ინახება.

„მწერლის ოჯახი ფოტომასალის მოწოდებას დათანხმდა. ამის შემდეგ ჯონი აჭარაში ჩამოვიდა, რათა ქართულ მხარესთან ფოტოარქივის ჩამოტანისა და გამოფენის ჩატარების დეტალები შეეთანხმებინა. ვიზიტის პირველივე დღეს უმცროსი სიმენონი ესტუმრა იმ ადგილებს, რომლებიც მამამისმა 1933 წელს შავ ზღვაზე საკრუიზო მოგზაურობისას აღწერა“, – აცნობეს „Sputnik-საქართველოს“ დეპარტამენტის პრეს-სამსახურში.

იშვიათი ფოტოების შესახებ ცნობილი გახდა 2019 წლის მაისში ვალონიაში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირების ვიზიტის დროს.

რაზეა სიმენონის ბათუმური რომანი?

რომანის „ხალხი მოპირდაპირე მხარეს“ მთავარი გმირი თურქი კონსული ადილ ბეია, რომელსაც ბათუმში 1920 წელს გზავნიან მისი წინამორბედის უეცარი სიკვდილის შემდეგ. ნაწარმოებში აღწერილია თურქი დიპლომატის თვალით დანახული, ნავთობით მდიდარი ზღვისპირა კოსმოპოლიტური ქალაქი. იმ დროს ნავთობს მოიპოვებდა როკფელერების ამერიკული კომპანია Standard Oil. თუმცა, ბათუმის ბუნებრივი სიმდიდრის მიუხედავად, მისი მოსახლეობა სიღარიბეში ცხოვრობდა. 

რომანის სიუჟეტის მიხედვით, ადილ ბეი ცდილობს ბათუმის საბჭოთა დიპლომატიურ წრეებთან დაახლოებას და ადგილობრივ ბიუროკრატიაში გარკვევას. ამაში მას თარჯიმანი და მდივანი სონია ეხმარება. ქალი კონსულის სახლის მოპირდაპირე მხარეს ძმასთან და რძალთან ერთად ცხოვრობს. სონიას ძმა სოციალისტური რუსეთის სპეცსამსახურებში მუშაობს.

ადილ ბეისა და სონიას ერთმანეთი შეუყვარდებათ და სონია თურქ კონსულს მოუყვება, რომ მას საბჭოთა დაზვერვა უთვალთვალებს. ცოტა ხანში ადილ ბეის ჯანმრთელობა შეერყევა და მას ეჭვი გაუჩნდება, რომ წამლავენ. წიგნის ფინალში ადილ ბეი და სონია ბათუმის ნავსადგურიდან ბელგიის გემით გაქცევას ცდილობენ, მაგრამ შეყვარებულების გეგმას ასრულება არ უწერია.

 

63
თემები:
საქართველო და კულტურა (475)