ნინო ლომჯარია

დეპუტატის მიერ სავარაუდო ძალადობა სახალხო დამცველი გამოძიებას მონიტორინგს გაუწევს

68
(განახლებულია 12:45 07.10.2019)
ომბუდსმენი მნიშვნელოვნად მიიჩნევს სავარაუდო მსხვერპლის დაცვისა და დახმარების მიმართულებით საქმეში ყველა შესაბამისი უწყების აქტიურ ჩართვას.

თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, რომელშიც თბილისის საკრებულოს დეპუტატი, ისნის მაჟორიტარი ილია ჯიშკარიანი ფიგურირებს, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ინფორმაციის მისაღებად საქართველოს პროკურატურას მიმართა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ომბუდსმენის აპარატი, მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში, გამოძიებას მონიტორინგს გაუწევს.

„საკითხის სიმძიმიდან გამომდინარე საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს გენერალურ პროკურატურას – ეფექტურად წარიმართოს გამოძიება, მნიშვნელოვანია გამოირიცხოს ყველა ეჭვი საქმის მიკერძოებით თუ პოლიტიკური ინტერესით განხილვის მიმართულებით", – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, ომბუდსმენი მნიშვნელოვნად მიიჩნევს სავარაუდო მსხვერპლის დაცვისა და დახმარების მიმართულებით საქმეში ყველა შესაბამისი უწყების აქტიურ ჩართვას.

პოლიცია თბილისის საკრებულოს დეპუტატის მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან", ისნის მაჟორიტარ ილია ჯიშკარიანის მიერ მისი თანაშემწე ქალის მიმართ შესაძლო ძალადობისა და სექსუალური შევიწროების ფაქტს იძიებს.

გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს „ძალადობა", „სექსუალური ხასიათის ქმედება" და „ნივთის დაზიანება ან განადგურება". ამ დროისათვის პოლიციამ გამოკითხა დაზარალებული ქალი და სხვა პირები და დანიშნა ექსპერტიზა.

თავად დეპუტატი კომენტარებს არ აკეთებს. ხოლო დაზარალებული თამთა თოდაძე ჰყვება, რომ დეპუტატი მასთან სექსუალურ კონტაქტს შეეცადა, ხოლო მას შემდეგ, რაც მან მას ურთიერთობაზე უარი უთხრა და მომხდარის ტელეფონზე გადაღებით დაემუქრა, ჯიშკარიანმა ის სცემა, ხოლო ტელეფონი დაუმტვრია.

68
თემები:
თბილისი დღეს (1321)