კაზინო

სუიციდზე აგებული ბიზნესი: დაიცავით თქვენი შვილები აზარტული თამაშებისგან

137
(განახლებულია 17:59 23.09.2019)
აზარტული თამაშების მთავარი სამიზნე ახალგაზრდები არიან, რადგან გამოუცდელი ადამიანების მოტყუება და მართვა უფრო მარტივია. სწორედ ამიტომ არის არასრულწლოვნებისთვის რეგისტრაცია უმარტივესი ონლაინ-სამორინეებზე. ნუ მისცემთ თქვენს შვილებს უფლებას ითამაშონ ფულზე, დაიცავით ისინი!

14 წლის იყო ჩემი მეგობარი, პირველად რომ ჩაერთო აზარტულ თამაშებში. ფეხბურთი უყვარდა სიგიჟემდე, მამამისი ხშირად გადაშლიდა ხოლმე ტოტალიზატორიდან წამოღებულ გაზეთებს და მისი თანდასწრებით ავსებდა ე.წ. ბილეთებს. თვითონაც დაინტერესდა, როცა უფროსი ბიჭებისგან გაიგო, რომ თურმე ფულის დადება შეიძლება და მერე მარტივად უფრო მეტის მოგება.

იმ დროისთვის ახალი აღმოჩენა იყო ონლაინ-კაზინოები, რეგისტრაცია არც მაშინ იყო სირთულე და არც დღეს არ წარმოადგენს რაიმე დაბრკოლებას არასრულწლოვნებისთვის. უპრობლემოდ დარეგისტრირდა. პირველივე ჯერზე გაუმართლა და ცოტაოდენი ფული მოიგო. ისე, სასწაული არ არის? ყველა ისტორია, რაც თამაშის დაწყებაზე მსმენია უმეტეს შემთხვევაში ასე იწყება. ბევრი თვლის, რომ ონლაინ-სამორინეებს გააჩნიათ ალგორითმი, რომლის მიხედვითაც ახალი დარეგისტრირებული მოთამაშეები მცირეოდენ თანხას იგებენ თავიდან, რომ თამაშს შეყვნენ და შემდეგ ბევრად მეტი წააგონ. არ ვიცი ეს რამდენად სიმართლეა, მაგრამ ერთი რამ უდავოა, ახალგაზრდები იღუპებიან, სანამ ჩვენ ხმას არ ვიღებთ. ქვეყანაში უკონტროლო თამაშია გაჩაღებული და მოთამაშეები ფულზე კი არა უკვე სიცოცხლეზე თამაშობენ.

2019 წლის მარტში „აზარტული თამაშების კვლევისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრმა“ კვლევა ჩაატარა, რაშიც 10 სკოლის 500 მოსწავლე მონაწილეობდა. მონაწილეები 14-დან 18 წლამდე ახალგაზრდები იყვნენ. გამოკითხვით დადგინდა, რომ სკოლის მოსწავლეების 48% აზარტულ თამაშებს ეტანება.

წარმოგიდგენიათ? ჩვენი ქვეყნის ყოველი მეორე მოზარდი აზარტულ თამაშებშია ჩართული! ისინი ძირითადად ონლაინ-კაზინოების მომხმარებლები არიან. რადგან, როგორც უკვე ვთქვით, ამ პლატფორმაზე რეგისტრაცია არასრულწლოვნებისთვის უმარტივესია. ბავშვები სხვისი პირადობის მოწმობით შესაბამის ვებ-გვერდზე ისე რეგისტრირდებიან, რომ მოწმობის მფლობელმა ამის შესახებ შეიძლება ვერც ვერაფერი გაიგოს.

ონლაინ-კაზინოებში რეგისტრაციის კონტროლი აუცილებლად გასამკაცრებელია, რადგან, როგორც ვხედავთ, მხოლოდ კანონით აკრძალვა არანაირ შედეგს არ იძლევა. საჭიროა შეიქმნას მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც გააკონტროლებს თითოეული რეგისტრირებული მომხმარებლის ანგარიშს და დაადგენს, ნამდვილად სრულწლოვანია თუ არა ესა თუ ის მომხმარებელი.

ახალგაზრდებში განსაკუთრებული პოპულარობით სამაგიდო თამაშები და სლოტები სარგებლობს. სლოტები ყველაზე ძლიერი იარაღია კაზინოების ხელში და ყველაზე ხშირად სწორედ მისი რეკლამირება ხდება ხოლმე.

აზარტულ თამაშებს ნარკომანიის ერთ-ერთ სახედაც ხშირად მოიხსენიებენ, რადგან მას ძლიერი ფიზიკური და ფსიქოლოგიური დამოკიდებულება ახასიათებს, იგი გიჟურ ლტოლვას იწვევს თამაშის მიმართ. ერთადერთი, რაც ამ ორს განასხვავებს, არის ის, რომ აზარტული თამაშები ლეგალურია და მას რეგულაციებიც თითქმის არ ეხება. არადა ქვეყანაში, სადაც ასეთი მკაცრი ნარკოპოლიტიკა გვაქვს, ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ახალგაზრდები უკონტროლოდ თამაშობდნენ ფულზე.

თავიდან პატარა ასაკში, მცირე თანხით იწყება ყველაფერი. ერთი ან ორი ლარით. დამოკიდებულების ზრდასთან ერთად კი  „კუშებიც“ იზრდება და საბოლოოდ მთელი ფული და რესურსი მიაქვს. ფულის ამოწურვაც არ არის პრობლემა. ინტერნეტი სავსეა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებით, რომლებსაც შეუძლიათ თხუთმეტ წუთში სახლიდან გაუსვლელად ათას ლარამდე ოდენობის თანხა ნებისმიერ ადამიანზე გაასესხონ.

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას ადამიანი სიღარიბემდე მიჰყავს. ნელ-ნელა დგება კრიზისული მომენტიც, რა დროსაც თამაშდამოკიდებულს სხვა გზა არ დარჩენია, გარდა გამოტყდომისა. ამ დროს ლუდომანები ოჯახის წევრებს ან უახლოეს მეგობრებს მიმართავენ და უყვებიან ყველაფერს პრობლემის შესახებ. მართალია, ადვილი მისაღები არ არის ეს ამბავი, მაგრამ ეიფორიას და პანიკას აზრი არ აქვს. როდესაც მოთამაშე თავის დამოკიდებულებაზე იწყებს საუბარს ახლობლებთან, ესე იგი უკვე ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და თქვენი დახმარება სჭირდება.

ჩემი რჩევა იქნება, რომ ჩვეულებრივად მივიღოთ ყველა თამაშზე დამოკიდებული, რომელიც საშველად მოგმართავთ. მას ისედაც აქვს ფობია იმისი, რომ აღიარებას ჩხუბი და არეულობა მოჰყვება. ამ შიშმა შეიძლება არასწორი გადაწყვეტილებებისკენ უბიძგოს. შველის თხოვნა კი წინ გადადგმული ნაბიჯია და ერთადერთი რეალური საშუალება დამოკიდებულებისგან თავის დაღწევის.

თუ აღიარებს, ესე იგი იაზრებს, რომ პრობლემა არსებობს და მისი მოგვარებაც სურს. შესაბამისად, მიიღეთ თქვენი შვილები და ნათესავები პრობლემის მიუხედავად და დაეხმარეთ ამ ყველაფრის დაძლევაში. ყურადღება მიაქციეთ განსაკუთრებით ახალგაზრდებს. არ დაუმალოთ ბავშვებს სამორინეების და სხვა ასეთი დაწესებულებების არსებობის შესახებ, იცოდნენ, რომ არსებობს და იცოდნენ რომ ცუდია. ადრეული ასაკიდან ბავშვისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება თავიდან აარიდებს მასაც და მის ირგვლივ მყოფებსაც ამ დიდ და მოუგვარებელ პრობლემას, რასაც ლუდომანია ჰქვია.

 

137