ოფისში

დღის თემა: საქართველოში შესაძლოა ორ სამსახურში მუშაობა აიკრძალოს

151
საქართველოს მმართველი პარტია ამზადებს ცვლილებებს საქართველოს შრომის კოდექსში, რომლის თანახმად, შესაძლოა, სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს, რამაც ბიზნეს-სექტორის მხრიდან კრიტიკა გამოიწვია

გასულ პარასკევს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტი მალე დაიწყებს საქართველოს შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვას, რომლის თანახმად, საქართველოში შემცირდება სამუშაო დღე, დაწესდება შეზღუდვები და აკრძალვა ზეგანაკვეთურ სამუშაოზე და შეთავსებით მუშაობაზე.

მედია: თეიმურაზ გორჯესტანმა მუშაობა ელისეის სასახლეში დაიწყო >>

ამასთან, კანონში იქნება მითითებული მინიმალური ხელფასი, ასევე განისაზღვრება შეზღუდვები შრომითი ხელშეკრულებების დადების და შეწყვეტის შესახებ.

რას ემსახურება კანონპროექტი?

ცვლილებების ინიციატორმა, მმართველი პარტიის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ კანონი დაიცავს როგორც სტაჟიორების, ასევე დეკრეტულ შვებულებაში მყოფთა უფლებებს.

„კანონპროექტი არ კრძალავს რამდენიმე ადგილზე მუშაობას. კანონპროექტი უკრძალავს დამსაქმებელს იძულებით, სამსახურიდან გაგდების მუქარით ან ნებისმიერი სხვა ფორმით აიძულოს დასაქმებული, დადგენილზე და შეთანხმებულზე მეტი ამუშაოს... კანონი ემსახურება ცალსახად უფრო მაღალი სტანდარტების დანერგვას შრომით ურთიერთობებში, განსაკუთრებული აქცენტით დასაქმებულების ინტერესების დაცვაზე“, – აცხადებს ცქიტიშვილი.

მისი თქმით, კანონპროექტი ემსახურება დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების გაზრდას, აგრეთვე შესვენებების, უქმეების და შვებულებების უზრუნველყოფას.

„იმისათვის, რომ ეს კანონი იყოს ქმედითი, შემუშავებულია ზედამხედველი ორგანოს – შრომის ინსპექციის კანონი და კანონში გათვალისწინებულია აღსრულების მექანიზმები, მათ შორის სანქციები“, – აცხადებს ცქიტიშვილი.

მოწინააღმდეგენი

კანონპროექტი ბიზნეს-ომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ გააკრიტიკა.

„ვფიქრობთ, რიგი ცვლილებები გაართულებს ბიზნესის წარმოების პროცესს და ურთიერთობებს დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის.  კანონის პროექტში ჩადებულია  საკანონმდებლო ნორმები ისეთ შრომით საკითხებზე, რომლებიც უშუალოდ დამსაქმებლისა და დასაქმებულის შეთანხმების ნაწილი უნდა იყოს და ამ საკითხებში საკანონდებლო ვალდებულებების ჩადება, შეზღუდვების დაწესება არალეგალური შრომის ბაზრის გააქტიურების მოტივატორი იქნება“, - განაცხადა ლექვინაძემ.

ბიზნეს ომბუდსმენს აქვს განსაკუთრებული პრეტენზია ზეპირი ხელშეკრულებების გაუქმებისა და ზეგანაკვეთური მუშაობის რეგულირების მიმართ.

„ეს ის კრიტიკული  საკითხები, რომლებიც უნდა დაკორექტირდეს. გამომდინარე იქედან, რომ ამ ცვლილებების ამოქმედების შემთხვევაში ერთი მხრივ, კერძო სექტორს ახალი ვალდებულებები ეკისრება და მძიმდება ბიზნესის მდგომარეობა. მეორეს მხრივ, იზღუდება დასაქმებული – თვითონ გადაწყვიტოს, როგორ შეათანხმოს თავის დამსაქმებელთან სამუშაო პროცესი თუ პირობები, რომელიც მისთვის შეიძლება, იყოს მისაღები ან არ იყოს მისაღები”- აცხადებს ბიზნესომბუდსმენი.

სიფრთხილით ეკიდებიან პროექტს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროშიც.

„მნიშვნელოვანია, რომ დაცული იყოს ბალანსი ბიზნესსა და დასაქმებულების უფლებებს შორის, ანუ მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული როგორც დასაქმებულის, ასევე დამსაქმებლის უფლებები,“ – განაცხადა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ.

რას ამბობს ხალხი?

მოსახლეობა უკვე აქტიურად განიხილავს დაგეგმილ ცვლილებებს სოციალურ ქსელში. უმეტესობისთვის, დაბალი ხელფასის გამო სამსახურების შეთავსების აკრძალვის ვარიანტი მიუღებელია.

„არავის არ უხარია ორ სამსახურში მუშაობა, ხელფასი გადაუხადეთ ნორმალური და ყველა დაკმაყოფილდება ერთ სამუშაო ადგილს“, - წერს მომხმარებელი Irma Pataraia.

ამავდროულად, მოსახლეობა არ არის მოხარული კანონპროექტის ავტორების მიერ მინიმალური ხელფასის დაწესების გეგმით. სოციალური ქსელების მომხმარებელთა უმეტესობა თვლის, რომ მცირე ბიზნესში ვერ შეძლებენ ასეთი ხელფასის გადახდას, ამიტომ ქვეყანაში ბევრი არალეგალური სამუშაო ადგილი გაჩნდება.

151
თემები:
სოციალური სფერო საქართველოში (108)