მართლმსაჯულება

ძმისცოლის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

53
(განახლებულია 17:27 10.09.2019)
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 31 ოქტომბერს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ თემქაზე 62 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შემთხვევა თბილისში 5 სექტემბერს მოხდა. გარდაცვლილი ქალი მეხანძრეებმა თემქაზე, ერთ-ერთ ბინაში იპოვეს, როდესაც ბინაში დაკვამლიანების გამო მეზობლებმა სახანძრო-სამაშველო სამსახური გამოიძახეს. ხანძარი, სავარაუდოდ, დანაშაულის დაფარვის მიზნით იყო გაჩენილი.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თავის ძმისცოლს ანგარების მოტივით, ურთიერთშელაპარაკების დროს, ბლაგვი საგნისა და ცივი იარაღის გამოყენებით თავის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც სახლიდან ძვირადღირებული ნივთები გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ იგი თბილისში გუშინ დააკავა.

დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნა დააკმაყოფილა. დაცვის მხარის განცხადებით, ბრალდებული ბრალს აღიარებს.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 31 ოქტომბერს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

53
თემები:
შემთხვევები საქართველოში (745)