მანგლისი, თეთრიწყაროს რაიონი

საქართველოში პირველად კულტურული მემკვიდრეობის ფორუმი გაიმართება

60
(განახლებულია 15:31 10.09.2019)
კულტურული მემკვიდრეობის პირველი ფორუმი სანახაობრივ და გასართობ პროგრამას – სახელოვნებო და შემოქმედებითი ჯგუფების წარმოდგენებს, ასევე სპორტულ და ინტელექტუალურ ასპარეზობებს მოიცავს.

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პირველი ფორუმი თეთრიწყაროში 15 სექტემბერს გაიმართება, ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფორუმი მიზნად ისახავს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და პატრონობის საქმეში საზოგადოების ფართო ფენების ჩართულობას, ბიზნეს-სექტორის დაინტერესებასა და გააქტიურებას.

ორგანიზატორები ქალაქის პარკის ტერიტორიას რამდენიმე სივრცედ დაყოფენ, რომლებშიც გაიმართება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ მომზადებული პრეზენტაციები. თითოეულ კუთხეში სტუმრები ტურისტული პოტენციალის კუთხით საქართველოს ცალკეულ რეგიონზე შესაბამის ინფორმაციას მიიღებენ.

„ფორუმის მონაწილეები იმ პროექტებზე ისაუბრებენ, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის სფეროში განხორციელდა. თითოეული მუნიციპალიტეტი სტუმრებს ხალხური რეწვის იმ ნიმუშებს წარუდგენს, რომლითაც მათი კუთხეა ცნობილი. ღონისძიებას ეწვევიან ოსტატები, რომლებიც სპეციალურ მასტერ-კლასებს ჩაატარებენ და სტუმრებს კონკრეტულ საქმეს შეასწავლიან. მაგალითად, შეიძლება შეასწავლონ ხალიჩის ქსოვა“, – განაცხადეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში.

კულტურული მემკვიდრეობის ფორუმი გაიხსნება პროექტით „კულტურული მემკვიდრეობა ბავშვებს“. როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, ღონისძიების მსვლელობისას თბილისში ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭება.

ფორუმის პროგრამით ასევე გათვალისწინებულია სიმღერისა და ცეკვის ფოლკლორული ანსამბლების გამოსვლები, შეჯიბრება ქართულ ჭიდაობაში, ინტელექტუალური და სპორტული თამაშები. ფორუმი ქართველი მომღერლის გიორგი სუხიტაშვილის კონცერტით დასრულდება.

60
თემები:
ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (36)