ნიკა გვარამია

ნიკა გვარამია 40 ათასიანი გირაოს გადახდას აპირებს

167
ნიკა გვარამიას განცხადებით, მან 40 000 ლარის გადახდა ოჯახისა და გუნდის გამო გადაწყვიტა

თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია თანახმაა გირაო გადაიხადოს, ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

„ფეხზე დგომით ვართ...“ - რა სიტუაციაა „მთავარ არხზე“ >>

ნიკა გვარამიას 11 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 40 ათასლარიანი გირაო შეუფარდა, მას საქართველოს საზღვრის დატოვებაც შეეზღუდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, გირაოს თანხის გადასახდელად გვარამიას 30 დღე მიეცა. ნიკა გვარამია აცხადებდა, რომ გირაოს სახით შეფარდებული არანაირი თანხის გადახდას არ აპირებდა.

„მე თვითონ შევიტან გირაოს, სესხების მსურველი უამრავია. გადავიხდი არა ჩემი, არამედ თქვენი ნებით. იმიტომ, რომ ვემორჩილები თქვენს რაციონალურ პოზიციას და ყველასთვის საჭიროს და სწორს. ყველასთვის, ჩემ გარდა. ძალიან ვეცდები, ამან ისე არ მომშალოს, რომ ვეღარაფრის კეთება მერე ვერ შევძლო. იმედია ყველაფერი გამოვა“, – დაწერა ნიკა გვარამიამ საკუთარ Facebook-გვერდზე.

ნიკა გვარამიას თქმით, მან  გადაწყვეტილება მისი ოჯახისა და გუნდის გამო შეცვალა, რადგან ისინი ძალიან ნერვიულობენ შექმნილი სიტუაციის გამო.

„მოკლედ, მეგობრებო, ვწუხვარ, რომ არ გესმით, რომ ჩემთვის ეს უბრალო ახირება არაა და მნიშვნელოვანი მორალური დილემაა. ვწუხვარ, რომ ჩემი მორალური არჩევანი თქვენი (გუნდის, ოჯახის) რაციონალური არგუმენტები და საჭიროებების საწინააღმდეგოდ გადის. ვწუხვარ, რომ ჩემი გულშემატკივრები ჩემი ამ საქციელის გამო, საქვეყნო საქმის ჩაგდებას პროგნოზირებენ“, - დაწერა ნიკა გვარამიამ.

პროკურატურა ნიკა გვარამიას უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა. გამოძიების მონაცემებით, გვარამიამ არ მოითხოვა დაახლოებით 6,8 მილიონი ლარი კომპანია „ინტერ მედია პლუსისგან“, რომელთანაც რეკლამის განთავსების უფლების გადაცემაზე ხელშეკრულება გააფორმა.

6 სექტემბერს კი პროკურატურამ „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ ახალი ბრალი წარუდგინა. გვარამიას ბრალი ედება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში, რაც ჩადენილი იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, აგრეთვე კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

167
თემები:
დავა „რუსთავი 2"-ის ირგვლივ (194)
კიბერუსაფრთხოება

კიბერუსაფრთხოების ოლიმპიადაზე ქართველმა მოსწავლეებმა პირველი ადგილი დაიკავეს

120
(განახლებულია 22:43 30.10.2020)
მეექვსე საერთაშორისო სტუდენტურ ოლიმპიადაზე მონაწილეობას 12 გუნდი იღებდა უკრაინიდან, საქართველოდან, ყაზახეთიდან და პოლონეთიდან

თბილისი, 30 ოქტომბერი - Sputnik. კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო ოლიმპიადაზე „სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციის“ (SCSA) საქართველოს ნაკრების წევრებმა პირველი ადგილი დაიკავეს.

კერძოდ, საკვირაო სკოლის მოსწავლეებმა: რეზიკო ჩალაძემ, გიორგი ჩარგეიშვილმა და გიორგი პაპავამ ნაშრომი სოციალურ ინჟინერიაში შექმნეს, რითიც გამარჯვება მოიპოვეს. 

„20-გვერდიანი ნაშრომი მოამზადეს, რომელიც მოიცავს თეორიულ ნაწილს სხვადასხვა ტიპის მომხმარებელზე ორიენტირებულ კიბერთავდასხმებზე.  ასევე ჩაატარეს კვლევა, გააანალიზეს, რა ტიპის თავდასხმები იყო უფრო პოპულარული მსოფლიოში და საქართველოში, ბოლოს კი დაადგინეს რამდენიმე სახის სტატისტიკა.. კვლევის ფარგლებში, ასევე განსაზღვრეს წესები, რაც მომხმარებლებმა კიბერუსაფრთხოებისთვის უნდა დაიცვან“, – განაცხადა სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციის ტექნიკურმა დირექტორმა გიორგი იაშვილმა.

სკოლა, რომლის მოსწავლეებმაც ოლიმპიადაზე გაიმარჯვეს, „სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციის“ ერთ-ერთი პროექტია.

მეექვსე საერთაშორისო სტუდენტური ოლიმპიადა “Ways and Mechanisms of Ukraine’s information space protection from harmful information and psychological influences“ ოდესის კომუნიკაციების ნაციონალური აკადემიის ორგანიზებით ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობდა 12 გუნდი უკრაინიდან, საქართველოდან, ყაზახეთიდან და პოლონეთიდან. მსოფლიოში არსებული ვითარების გათვალისწინებით,  ოლიმპიადა ონლაინ გაიმართა.

120

მარადიული მტრები: ქართული არჩევნების მთავარი ინტრიგა ერთ წუთში

62
უკვე ხვალ, 31 ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქეებმა მეათე მოწვევის პარლამენტში 150 დეპუტატი უნდა აირჩიონ

იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეოში, რა არის ამ არჩევნების მთავარი ინტრიგა და რას უნდა მოველოდეთ მისი დასრულების შემდეგ.

საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობს 48 პარტია და ორი ბლოკი. ამომრჩეველს მოუწევს 150 დეპუტატის არჩევა - 120 პროპორციული სისტემით და 30 - მაჟორიტარულით.

მთავარი ინტრიგაა - შეძლებს თუ არა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ხელისუფლების შენარჩუნებას თუ ოპოზიცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მეთაურობით გაიმარჯვებს?

ხმის მიცემის შედეგები ისტორიული იქნება ნებისმიერ შემთხვევაში: თუ „ოცნება“ გაიმარჯვებს, ეს იქნება საქართველოს ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც პარტიამ ხელისუფლება მესამე ვადით შეინარჩუნა. თუ მთავრობაში მოვა ოპოზიცია - პირვბელად საქართველოს ისტორიაში ყოფილი მმართველი პარტია მართვის სადავეებს დაიბრუნებს.

62
ანა მიქელაძე

ცესკო: არჩევნები უსაფრთხო გარემოში ტარდება

0
ცესკომ დღეს პირველი ბრიფინგი გამართა და მოუწოდა მოსახლეობას, მკაცრად დაიცვან ეპიდემიოლოგების მიერ შემუშავებული სანიტარულ-ჰიგიენური წესები

თბილისი, 31 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოში საარჩევნო პროცესი ზუსტად 08:00 საათზე დაიწყო სანიტარულ–ჰიგიენური ნორმების დაცვით, განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს–სპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე.

„საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის პროფესიულ, ყველასთვის ხელმისაწვდომ და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში არცევნების ჩასატარებლად. ყველა საარჩევნო უბანი დილის რვა საათისათვის მზად იყო პირველი ამომრჩევლის მისაღებად, სადაც სრულად დაცულია სანიტარულ–ჰიგიენური წესები და ამ წუთებში მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი“, — განაცხადა მიქელაძემ.

ცესკოს პრესმდივანმა განმარტა, რომ COVID-19–ით ინფიცირებული, სამკურნალო დაწესებულებებსა და ასევე იზოლაციაში მყოფ პირებს, არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად სპეციალურად შექმნილი 127 უბანი მოემსახურება 311 საარჩევნო ყუთით.  

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში შერეული სისტემით ტარდება. ქვეყნის მოსახლეობამ 150 დეპუტატი უნდა აირჩიოს საკანონმდებლო ორგანოში — 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული წესით.

მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევნებში 48 პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს.

 

0
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020