დიღმის ტყე-პარკში კარვები გაიშალა:„ახალგაზრდა მწვანეები“ მშენებლობის დაწყებას აპროტესტებენ

© Environmental Protection Serviceდიღმის ტყეპარკი
დიღმის ტყეპარკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორგანიზატორების განცხადებით, პროექტის განხორციელების შემთხვევაში ტყე-პარკის ტერიტორია დაიკარგება, რაც დედაქალაქში არსებულ პრობლემას, რომელიც მწვანე საფარის შენარჩუნების კუთხით არსებობს, კიდევ უფრო დაამძიმებს

თბილისი, 7 სექტემბერი – Sputnik. დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიაზე „ახალგაზრდა მწვანეებმა" კარვები გაშალეს, ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

20 ივლისს თბილისის მერი კახა კალაძე იმყოფებოდა KIA MOTORS-ის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე და იქ დასასვენებელი სივრცის მოწყობა დაანონსა. მისი თქმით, მოხდება „კიას“ ცენტრის შენობის დემონტაჟი და მის ადგილას აშენდება ორანჟერეა, კაფე–ბარები, რესტორანი, მწვანე სივრცეები.

ორგანიზატორების ინფორმაციით, მოსახლეობის ორთვიანი პროტესტის მიუხედავად დიღმის ტყის ტერიტორიაზე შეყვანილია სამშენებლო ტექნიკა და უახლოეს პერიოდში სამშენებლო სამუშაოები დაიწყება.

მათივე განცხადებით, პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ტყე-პარკის ტერიტორია დაიკარგება, რაც დედაქალაქში არსებულ პრობლემას, რომელიც მწვანე საფარის შენარჩუნების კუთხით არსებობს, კიდევ უფრო დაამძიმებს. მათი თქმით, პროექტით გათვალისწინებული შენობა „კიას“ არსებულ ცენტრთან შედარებით ოთხჯერ დიდი იქნება.

„მერია ცალსახად კერძო ინტერესების დაცვას აგრძელებს, ნაცვლად იმისა, რომ მოსახლეობის ხმა მოესმინა და გაეთვალისწინებინა.  ამის მიუხედავად ჩვენ არ ვაპირებთ შევეგუოთ დიღმის ტყის მორიგი ელიტური რესტორნის უკანა ეზოდ გადაქცევას. ამიტომ, ჩვენ, „ახალგაზრდა მწვანეები”,  „დავიცვათ დიღმის ტყე“ და „ვინ’მე” ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ვგეგმავთ  საპროტესტო აქციას“, ნათქვამია განცხადებაში.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კახა კალაძე: დიღმის ტყე-პარკს უნდა დავუბრუნოთ თავისი სტატუსი

აქციის მონაწილეები მოითხოვენ, მოხდეს KIA MOTORS-ის ცენტრის არსებული შენობის დემონტაჟი და ეს ტერიტორია დაუბრუნდეს ტყე-პარკს.

„ჩვენ დღეს ვიკავებთ სივრცეს ხვალინდელი აქციისთვის, რომელიც 17:00 საათზე გაიმართება. როგორც ხედავთ, ტერიტორიაზე მშენებლობის დაწყებას უკვე აპირებენ, შემოყვანილია ტექნიკა. დაიწყეს მანქანების გაყვანა, ავეჯის გატანა „კიას" შენობიდან, სადაც უნდა აშენდეს ოთხჯერ უფრო დიდი შენობა, რომელიც იჭრება ტყე-პარკის ტერიტორიაზე და ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, მოხდეს არსებული შენობის დემონტაჟი და როგორც იყო 10 წლის წინ, ეს ტერიტორია დაუბრუნდეს ტყე-პარკს“, - განაცხადა აქციის ერთ–ერთმა ორგანიზატორმა გიორგი ფცქრიალაძემ.

საპროტესტო აქცია  „დავიცვათ დიღმის ტყე-პარკი“ შაბათს, 17:00-ზე, კია მოტორსის შენობასთან გაიმართება.

ორგანიზაციაში ასევე აცხადებენ, რომ არ აპირებენ თანამშრომლობას არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან, განსაკუთრებით „ნაციონალურ მოძრაობასთან“.

„არ ვთანამშრომლობთ, რადგან ეს პრობლემა, რომლის წინაშეც ახლა ვდგავართ, „ნაციონალური მოძრაობის“ ძალადობრივი რეჟიმის მიერ დაწყებული ანტი-სახალხო ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია, რომელსაც ქართული ოცნება წარმატებით აგრძელებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

დიღმის ტყე-პარკს საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის სტატუსი 2019 წლის 15 მარტს საკრებულოს მიერ ახალი გენერალური გეგმის მიხედვით მიენიჭა.

ყველა ახალი ამბავი
0