კადრი ფილმიდან  კომეტები

ტორონტოში ქართულ ფილმს არატრადიციულ სიყვარულზე „ფესტივალის განძი" უწოდეს

98
(განახლებულია 18:46 05.09.2019)
თამარ შავგულიძის ფილმი ნაჩვენები იქნება ახალ საკონკურსო სექციაში „აღმოჩენა".

თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. კანადის დედაქალაქში, სადაც ხუთშაბათს, 5 სექტემბერს საერთაშორისო კინოფესტივალი იხსნება, რეჟისორ თამარ შავგულიძის დრამას „კომეტები" უკვე უწოდეს „ფესტივალის განძი".

ტორონტოში 44-ე კინოფესტივალზე ქართული ფილმის მსოფლიო პრემიერა გაიმართება. ეს არის ისტორია საშუალო ასაკის ორი გმირი ქალის სიყვარულსა და მეგობრობაზე, რომლებიც დიდი ხნის შემდეგ ერთმანეთს კვლავ ხვდებიან სახლში, სადაც თავიანთ საზაფხულო არდადეგებს ატარებდნენ. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ ცნობილი ქართველი მსახიობები ნინო კასრაძე და ქეთი გეგეშიძე.

ჩვენების პროგრამული დირექტორის დოროტა ლეჩის (Dorota Lech) სიტყვებით, ფილმი საკუთარ თავში ბევრ ძლიერ მხარეს მოიცავს.

„თამარ შავგულიძე საკუთარ ფილმში გამოხატავს დაუჯერებელ სიღრმესა და ემოციებს და ამისთვის მაღალ დრამატურგიას არ იყენებს. ფილმში კამერა თითქოს იჭერს განსაკუთრებულ, კინეტიკურ სინაზეს, ხსნის მის დაფარულ მოტივებს და არარეალურ მოლოდინებს, რომლებიც მაღალი ტემპერატურის პირობებში უფრო სწრაფად ორთქლდება, ვიდრე დიალოგები და ხმები", – წერს ლეჩი.

დოროტა ლეჩი ფილმის განსაკუთრებულ მიმზიდველობად მიიჩნევს დროის ორ ხაზს – მეგობრებს შორის რომანტიკულ კავშირს წარსულსა და აწმყოში.

„მოზარდობის ასაკში გმირებს ჰქონდათ მოკლე, ფარული ურთიერთობები, სამი ათეული წლის შემდეგ კი ირინა კვლავ გამოჩნდა ნანის კარის ზღურბლთან, რამაც ორ ქალს შორის წარსული მოგონებები და გადაუწყვეტელი ემოციები გამოიწვია. ეს არის ფილმი შეყვარებულებისთვის. და შეიძლება ფესტივალის ნამდვილი განძი გახდეს", – წერს დოროტა ლეჩი.

ტორონტოს ფესტივალზე, რომელიც 15 სექტემბრამდე გაგრძელდება, მხატვრული კინოფილმი „კომეტები" ნაჩვენები იქნება ახალ საკონკურსო სექციაში „აღმოჩენა". ფილმი საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით გადაიღეს.

ტორონტოს საერთაშორისო ფესტივალი 1976 წელს დაარსდა და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა კინოსამყაროში.

98
თემები:
საქართველო და კულტურა (369)