ტრანსპორტი

გზების მშენებლობა გრძელდება: თბილისში ახალი სატრანსპორტო კვანძი გაჩნდება

56
(განახლებულია 17:05 04.09.2019)
აღნიშნული პროექტი დააკავშირებს მარშალ გელოვანის გამზირს, მარჯვენა სანაპიროს და გაგარინის ქუჩას.

თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. თბილისის მერია ვაკე-საბურთალოს რაიონში, "ვეფხისა და მოყმის" ძეგლთან ახალი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობას იწყებს, განაცხადა დღეს გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ.

მისი სიტყვებით, კომპანიის გამოსავლენად, რომელიც აღნიშნულ პროექტს განახორციელებს, ტენდერი უკვე გამოცხადდა.

„ეს იქნება ერთკილომეტრიანი კვანძი, რომელიც შედგება შვიდი სხვადასხვა სიგრძის ღერძისგან, რომელიც დააკავშირებს მარშალ გელოვანის გამზირს, მარჯვენა სანაპიროს და გაგარინის ქუჩას", – აღნიშნა კალაძემ.

მისი სიტყვებით, ამავე პროექტის მეორე ნაწილი იქნება გზა, რომელიც დაეშვება ლისის ტბის მხრიდან – მუხრან მაჭავარიანის გამზირიდან მარშალ გელოვანის გამზირამდე. მასზე მუშაობა უკვე დაწყებულია.

„სამომავლოდ პროექტის მესამე ნაწილი არის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების ხიდით დაკავშირება", – განმარტა მერმა.

საბურთალოს რაიონში ახალი გზის მშენებლობის შესახებ განცხადება, რომელიც ლისის ტბას მარშალ გელოვანის გამზირთან დააკავშირებს, კალაძემ ივლისის შუა რიცხვებში გააკეთა. პროექტის ფარგლებში იგეგმება ოთხდონიანი გზის მშენებლობა წყალგამტარი მილებითა და მოაჯირებით, ასევე თანამედროვე გარე განათების სისტემის დამონტაჟება.

ამავე უბანში ივნისის შუა რიცხვებში დასრულდა ახალი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობა – მარშალ გელოვანისა და პეტრე სარაჯიშვილის ქუჩების გადაკვეთაზე ორდონიანი ესტაკადის მშენებლობა. აღნიშნული მშენებლობის მიზანი საბურთალოსა და დიღომს შორის ტრანსპორტის ნაკადის გამტარობის გაზრდა იყო.

ესტაკადის მშენებლობა 4 მლნ ლარი დაჯდა.

56
თემები:
ტრანსპორტი საქართველოში (112)