თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. სენაკში მშვიდობის ქუჩის მცხოვრებთა ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
გავრცელებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა რამდენიმე წუთით თბილისი-სენაკი-ზუგდიდის ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტეს.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მოძრავი მსხვილგაბარიტიანი სატვირთო მანქანები მათ საცხოვრებელ სახლებს საფრთხეს უქმნის.
ამასთან, მიმდებარე ტერიტორიაზე არ არსებობს ტროტუარი და არ არის გაწმენდილი სანიაღვრე არხები.
აქციის მონაწილეებმა კიდევ ერთ პრობლემაზე ისაუბრეს. მათი თქმით, ბოლო თვეში სასმელი წყლის გადასახადი 500 და მეტი ლარი მოუვიდათ, რაც 10-ჯერ აღემატება წინა თვეების გადასახადს.
გავრცელებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეებს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი შეხვდა.
როგორც კუპრეიშვილმა მათთან საუბრისას აღნიშნა, მომავალ წელს მშვიდობის ქუჩაზე ყველა პრობლემა მოგვარებული იქნება.
ხოლო რაც შეეხება მსხვილგაბარიტიანი მანქანების მოძრაობას, გზა საერთაშორისოა და მოძრაობის აკრძალვა გამორიცხულია, სანამ ალტერნატიული ავტობანი არ აშენდება.