გაკვეთილი

მასწავლებლობის მსურველებმა უნდა იჩქარონ განცხადებების მიღება სრულდება

144
(განახლებულია 20:55 22.08.2019)
ახალი სასწავლო წელი ახალ მასწავლებლებთან ერთად დაიწყება

 

თბილისი,  22 აგვისტო — Sputnik.  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსი  მასწავლებლობის მსურველთათვის მალე დასრულდება.

პედაგოგების არსებულ ვაკანსიებზე დაინტერესებულ პირებს განაცხადის გაკეთება შეეძლოთ უწყების ვებგვერდზე „სკოლების ვაკანსია“. კონკურსის ვადა უმეტესობა ვაკანტურ ადგილზე  30 და 31 აგვისტოს იწურება, დანარჩენ ადგილებზე კი 2,3 და 15 სექტემბერს. ვაკანსიები არის არამარტო თბილისში, არამედ ქვეყნის ყველა რეგიონში. 

დასაქმების მაძიებლებს შესაძლებლობა აქვთ განაცხადი შეიტანონ ისეთი საგნების მასწავლებლობაზე, როგორიცაა მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, გეოგრაფია, ბიოლოგია, ქართული ენა დალიტერატურა, ისტორია, მუსიკა, ბუნებისმეტყველება, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, „მე და საზოგადოება“ „ჩვენი საქართველო“, სამოქალაქო განათლება, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, ფიზიკური აღზრდა და სპორტი.

ასევე არსებობს  უცხო ენების მასწავლებლობის შანსი – ინგლისური, გერმანული, რუსული, ფრანგული და თურქული, ასევე დაწყებითი კლასების პედაგოგი.

 „იმ პირებს, რომლებსაც სურთ სკოლაში დასაქმება, მაგრამ ამ ეტაპზე შეიძლება არ იყოს მათთვის საინტერესო ვაკანსია, შეუძლიათ, დარეგისტრირდნენ ვებგვერდზე, როგორც მასწავლებლობის მსურველები. ამ ინფორმაციის ნახვა დირექტორებსაც შეუძლიათ და პედაგოგობის მსურველებიც ყოველდღიურ რეჟიმში იქნებიან ინფორმირებული ვაკანსიების შესახებ“, – განაცხადა ჟურნალისტებთან განათლების მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძემ.

როგორც მან აღნიშნა, მოცემულ ეტაპზე სკოლებში მიღებული განცხადებების შეჯამება და ბაზის შესწავლა ხდება. პროცესი ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულდება. 

ადრე განათლების სამინისტრომ განაცხადა  საპენსიო ასაკის  პრაქტიკოსი–პედაგოგების რეგისტრაციის პირველი ეტაპის დასრულების შესახებ, რომლებმაც გადაწყვიტეს აღარ გააგრძელონ მუშაობა და უარი განაცხადეს „მინიმალური კომპეტენციის“ სავალდებულო გამოცდის ჩაბარებაზე, ამასთან მათ ორი წლის პერიოდის ხელფასის ოდენობის ფულადი კომპენსაცია მიიღეს.

საქართველოში სკოლის პედაგოგები ოთხ კატეგორიად იყოფიან: პირველ საფეხურზე არიან პედაგოგი–პრაქტიკოსები, მეორეზე–უფროსი პედაგოგები, მესამეზე – წამყვანი და მეოთხეზე მენტორი–მასწავლებლები.

დღეისათვის პედაგოგების საშუალო ხელფასი საქართველოს სახელმწიფო სკოლებში 1 ათასი ლარია, საშუალოთვიური ნომინალური ხელფასი, 2018 წლის მონაცემებით – 1124 ლარი.

2019 წლის სექტემბრიდან უფროსი, წამყვანი და მენტორი–პედაგოგის  სტატუსის მქონე ყველა პედაგოგს ხელფასი 150 ლარით და მეტად გაეზრდებათ.

ხელფასის მატება მომავალ წლებშიც გაგრძელდება. მინისტრის განცხადებით, 2022 წლისთვის საქართველოში პედაგოგების საშუალო ხელფასი 1,5 ათას ლარს მიაღწევს.

144
თემები:
განათლება საქართველოში (200)