სკოლა, პედაგოგი

სკოლის დატოვების სურვილი პენსიონერი პედაგოგების ნახევარმა გამოთქვა

90
(განახლებულია 18:42 22.08.2019)
საპენსიო ასაკის პრაქტიკოს პედაგოგებს ჯილდოს მისაღებად ნების გამოხატვა 2019 წლის ბოლომდე შეუძლიათ.

თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. სკოლის ნებაყოფლობით დატოვებისა და ფულადი ჯილდოს მისაღებად პირველ ეტაპზე 6 ათასამდე საპენსიო ასაკს მიღწეული მასწავლებელი დარეგისტრირდა, ნათქვამია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, ფულად ჯილდოსთან დაკავშირებით საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლების რეგისტრაციის პირველი ეტაპი დასრულდა.

"მასწავლებლები, რომლებმაც ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე პროფესიიდან გასვლა გადაწყვიტეს, ორი წლის ხელფასის ჯამურ ოდენობას მიმდინარე წლის ოქტომბრის დასაწყისშივე მიიღებენ. ამასთან, მათ მთელი სიცოცხლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ პედაგოგის ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი", – აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების ცნობით, საპენსიო ასაკის პრაქტიკოს პედაგოგებს ჯილდოს მისაღებად ნების გამოხატვა 2019 წლის ბოლომდე შეუძლიათ. ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი კი წლის ბოლოს განხორციელდება.

დღესდღეობით პედაგოგების საშუალო ხელფასი საჯარო სკოლებში ათას ლარამდეა, საშუალო ნომინალური ხელფასი საქართველოში, 2018 წლის მონაცემებით, 1124 ლარია.

2019 წლის სექტემბრიდან ყველა უფროს მასწავლებელს, წამყვან მასწავლებელსა და მენტორს ხელფასს 150 ლარითა და მეტით მოუმატებენ. გარდა ამისა, მასწავლებლების ხელფასი ყოველ წელს გაიზრდება და 2022 წლისთვის საქართველოში პედაგოგების საშუალო ხელფასი 1500 ლარს მიაღწევს.

 

90