ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შენობა

საინფორმაციო მაუწყებლობა შეწყდა „კურიერის“ წამყვანები მაყურებელს დაემშვიდობნენ

200
(განახლებულია 13:21 21.08.2019)
„რუსთავი 2“-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ბოლო ინფორმაცია 13 საათის წინ არის ატვირთული.

თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გამოშვებები შეწყდა, საინფორმაციოს ნაცვლად დღეს, დილით ეთერში სერიალი გავიდა.

„კურიერის“ ბოლო გამოშვებაში გუშინ, 21:00 საათზე წამყვანებმა მიხეილ სესიაშვილმა და დიანა ჯოჯუამ მაყურებელს გამოსამშვიდობებელი სიტყვით მიმართეს და აღნიშნეს, რომ ტელეკომპანიას ტოვებენ. „კურიერის“ გამოშვება ამით დასრულდა.

„რუსთავი 2“-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზეც ბოლო ინფორმაცია 13 საათის წინ არის ატვირთული.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ნინო შუბლაძის კანდიდატურა განიხილება. არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ინფორმაცია დაადასტურა და აღნიშნა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

პაატა სალიამ მანამდე ტელეკომპანიიდან საინფორმაციოს ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე, პოლიტიკური და გასართობი თოქ-შოუების წამყვანები გიორგი გაბუნია, ნანუკა ჟორჟოლიანი და ეკა კვესიტაძეც გაათავისუფლა. სალიას თქმით, მათი გათავისუფლების მიზეზი არხთან ინტერესთა კონფლიქტია.

200
თემები:
დავა „რუსთავი 2"-ის ირგვლივ (177)