19 აგვისტო ფოტოგრაფიის საერთაშორისო დღეა

© photo: National Library of Georgiaძველი თბილისის პანორამა
ძველი თბილისის პანორამა - Sputnik საქართველო
გამოწერა
იცვლება დრო, იცვლება ფოტოკამერები, იცვლებიან ადამიანები, მაგრამ უცვლელი რჩება ადამიანის სწრაფვა – შეაჩეროს დრო.

თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. ფოტოგრაფი – ესაა ადამიანი, რომელიც დაუვიწყარ კადრებს აღბეჭდავს, თვითონ კი მუდამ კადრს მიღმაა. დღეისათვის ფოტოგრაფიის მრავალი მიმართულება არსებობს და ყველა ფოტოგრაფი საკუთარ უსაზღვრო ფანტაზიას აძლევს გასაქანს.

ფოტოს მსოფლიო დღე ყოველი წლის 19 აგვისტოს აღინიშნება. 19 აგვისტო დაგეროტიპის გამოგონების თარიღს უკავშირდება.

მნჯოიანის ფოტოატელიე - Sputnik საქართველო
ტფილისური ფოტოატელიე და „სიყვარული საზღვრებს გარეშე“

1839 წლის 9 იანვარს საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიამ დაგეროტიპის პროცესის შექმნა ოფიციალურად გამოაცხადა, ხოლო რამდენიმე თვის შემდეგ, 1839 წლის 19 აგვისტოს საფრანგეთის მთავრობამ შეიძინა პატენტი და დაგეროტიპს უწოდა „უფასო საჩუქარი მსოფლიოს".

ფოტოგრაფიის ისტორია კი დაახლოებით ორასი წლის წინ დაიწყო, როცა ფრანგმა ჟოზეფ ნისეფორმა შეძლო და გადაიღო პირველი სურათი მსოფლიოში „ხედი ლე გრასის ფანჯრიდან". ფოტო საშინელი ხარისხის გამოვიდა, თუმცა აქედან იწყება ფოტოგრაფიის ისტორია. ამის შემდეგ ფოტოების გადაღების ტექნიკა თანდათან დაიხვეწა: გაჩნდა ფერადი ფოტოები, გადაიღეს კოსმოსი, წყალქვეშა ფოტოები, 3D ფოტოები და ა.შ. და ყოველ ჟანრს ჰყავდა თავისი „პიონერი".

საინტერესო ფაქტები ფოტოგრაფიის ისტორიიდან:

პირველი ფოტო ლუი დაგერმა 1838 წელს გადაიღო და ეს მიიჩნევა, როგორც ყველაზე ძველი ფოტო, რომელზეც ადამიანები იყვნენ აღბეჭდილი. ფოტო გადაღებულია პარიზში, დიუ ტამპლის ბულვარზე. ფოტოს მარცხენა კუთხეში ჩანს ორი ადამიანი, რომელთაგან ერთ-ერთი მეორეს, სავარაუდოდ, ფეხსაცმელს უპრიალებს.

მსოფლიოში პირველი ავტოპორტრეტი კი ამერიკული ფოტოგრაფიის პიონერმა რობერტ კორნელიუსმა 1839 წელს გადაიღო.

ფრანგმა ფიზიკოსებმა ლუი ფიზემ და ლეონ ფუკომ 1845 წლის 2 აპრილს მზის პირველი ფოტოგამოსახულება შექმნეს. მათ დაგეროტიპის პროცესი გამოიყენეს. ხუთი წლით ადრე, 1840 წელს ასევე შეიქმნა მთვარის პირველი ფოტო, რომელიც ჯონ დრაპერმა გრინვიჩის ობსერვატორიის სახურავიდან გადაიღო.

„ბოსტონი, როგორსაც მას არწივი და გარეული ბატი ხედავენ" – ასე ჰქვია ყველაზე ძველ საჰაერო ფოტოს, რომელიც ჯეიმს ბლეკმა 1860 წლის 13 ოქტომბერს გადაიღო.

დაგეროტიპის შექმნიდან დაახლოებით 20 წლის შემდეგ შოტლანდიელმა ფიზიკოსმა ჯეიმს მაქსველმა პირველი ფერადი ფოტო გადაიღო.

© photo: courtesy of Mndzhoyan Familyმნჯოიანის ფოტოატელიე თბილისში
19 აგვისტო ფოტოგრაფიის საერთაშორისო დღეა - Sputnik საქართველო
მნჯოიანის ფოტოატელიე თბილისში

რაც შეეხება პირველ ციფრულ ფოტოს, 1957 წელის ამერიკელმა ინჟინერმა რასელ კირშმა პირველი ციფრული გამოსახულების სკანერი შექმნა და მისი სამი თვის ვაჟიშვილის ციფრული ფოტო გადაიღო. ამ ფოტომ ტექნოლოგიური რევოლუციის როლი შეასრულა.

ქართული ფოტოგრაფიის ისტორია:

საქართველოშიც ფოტოგრაფიამ პირველი ნაბიჯების ათვლა დაგეროტიპებით დაიწყო.

მე-19 საუკუნის მიწურულს თბილისში ჩამოყალიბდა მოყვარულ ფოტოგრაფთა საზოგადოება. ფოტოხელოვანთა ფოკუსში ძირითადად პორტრეტები და არქიტექტურა ხვდებოდა, ასევე აქტუალური იყო საოჯახო ფოტოს თემატიკაც. აღსანიშნავია, რომ საოჯახო ფოტოალბომების შექმნა არცთუ იაფი ჯდებოდა და, შეიძლება ითქვას, დასაწყისისათვის ფუფუნებას წარმოადგენდა.

© photo: courtesy of Sergey Ionnesyanძველი თბილისი
19 აგვისტო ფოტოგრაფიის საერთაშორისო დღეა - Sputnik საქართველო
ძველი თბილისი

XX საუკუნის დასაწყისში ხარისხობრივად შეიცვალა ქართული ფოტოგრაფია და სალონური, კამერული თემატიკა სინამდვილის ამსახველმა სურათებმა შეცვალა.

იცვლება დრო, იცვლება ფოტოკამერები, იცვლებიან ადამიანები, მაგრამ უცვლელი რჩება ადამიანის სწრაფვა – შეაჩეროს დრო, რასაც კიდევ ერთხელ მოწმობს ფოტოგრაფიის განვითარება.

მარიამ ბერიძე

სტატია მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით

ყველა ახალი ამბავი
0