საბავშვო ბაღი

ვინ მოამარაგებს საბავშვო ბაღებს პროდუქტებით: მერიამ ტენდერი გამოაცხადა

41
(განახლებულია 15:27 09.08.2019)
ახალი ტენდერის გამოცხადებამდე შესყიდვებს თბილისის საჯარო ბაგა-ბაღები თავად ახორციელებდნენ

თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. თბილისის მერიამ საბავშვო ბაღების საკვები პროდუქტებით მომარაგებასთან დაკავშირებით ტენდერი გამოაცხადა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ტენდერის პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 14 აგვისტოს დაიწყება და 16 აგვისტოს დასრულდება.  პრეტენდენტს მოეთხოვება, ბაგა-ბაღების საკვებით მომარაგება 2019 წლის 16 სექტემბრიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით განახორციელოს.

ტენდერის პირობების მიხედვით, საკვები პროდუქტის ხარისხი და უვნებლობა უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს, ასევე,  „ტექნიკური დავალებაში“ გაწერილ ტექნიკურ და ხარისხობრივ მაჩვენებლებს. კერძოდ,  ხორცის პროდუქტები (საქონლის ხორცი და ქათამი) არ უნდა იყოს გაყინული, ყოველ შეტანილ პროდუქციას უნდა ახლდეს ვეტერინარული მოწმობები (ფორმა N2).

იმისთვის, რომ პრეტენდენტმა ტენდერში მონაწილეობა მიიღოს, მას უნდა ჰქონდეს მუშაობის გამოცდილება 2016 წლის 1 იანვრიდან არანაკლებ 10 მლნ ლარის ღირებულების კვების პროდუქტების მიწოდებასთან დაკავშირებით. ამასთან  უნდა ჰქონდეს საერთაშორისო ISO 9001:2008 ან ISO 9001:2015 ან ISO 22000 (სურსათის უვნებლობის მართვის სისტემის) მოქმედი სერტიფიკატი.

მერიამ კომპანია „ნილთან“, რომელიც დედაქალაქის საბავშვო ბაღებს კვების პროდუქტებით ამარაგებდა, კონტრაქტი გამოვლენილი ხარვეზების გამო მიმდინარე წლის მაისში გაწყვიტა.

შეგახსენებთ, რომ კომპანია „ნილი" სამჯერ დაჯარიმდა. ორჯერ ეტიკეტირების წესების დარღვევისთვის და ერთხელ ჰიგიენური ნორმების კრიტიკული შეუსაბამობის გამო.
ახალი ტენდერის გამოცხადებამდე, შესყიდვებს თბილისის საჯარო ბაგა-ბაღები  თავად ახორციელებდნენ. 27 მაისიდან კი,  მერიამ აღნიშნული სერვისის მიმწოდებლად, ახალი ტენდერის გამოცხადებამდე, კომპანია „მზიური“ შეარჩია.

თბილისში 180 საჯარო საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს. წელს დედაქალაქის საბავშვო ბაღებში 61 ათასზე მეტი ბავშვია რეგისტრირებული.

 

 

 

41
თემები:
განათლება საქართველოში (133)