ტაქსებზე ფირის გადაკვრისა და ქიმწმენდის ვაუჩერების გაცემის ვადა 10 აგვისტოს იწურება

გამოწერა
ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპი პირველი ოქტომბრიდან შედის ძალაში

თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ტაქსების რეფორმის საკითხს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და ტაქსის მფლობელებს ვაუჩერების გაცემის ვადის ამოწურვის შესახებ შეახსენა.

ტაქსი - Sputnik საქართველო
მერიის ინიციატივა: ტაქსის მომსახურების გადახდა QR კოდითაც იქნება შესაძლებელი

2018 წელს კალაძის ინიციატივით თბილისში ტაქსების რეფორმა დაიწყო, რომლის მთავარი მიზანია ტაქსით მგზავრობა უფრო კომფორტული და უსაფრთხო გახდეს.

„მინდა, მივმართო ლიცენზიის მქონე ყველა ტაქსის მძღოლს, იაქტიურეთ, რადგან 10 აგვისტოს ვაუჩერების გაცემა იწურება. მთავრობის ყველა სხდომაზე ამასთან დაკავშირებით ვაკეთებთ განცხადებებს. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე – taxi.tbilisi.gov.ge-ზე, სადაც დეტალურად მიიღებთ ინფორმაციას, თუ სად არის შესაძლებელი, როგორც ფირის გადაკვრის, ასევე, ქიმწმენდის ვაუჩერების მიღება", - განაცხადა კალაძემ.

მერის განცხადებით, ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპი პირველი ოქტომბრიდან შედის ძალაში.

 „მიხარია, რომ ერთხელ და სამუდამოდ ტაქსების სფერო იქნება მოწესრიგებული, როგორც ეს განვითარებულ, ევროპულ ქალაქებშია", – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისში მძღოლებისთვის ავტომობილების თეთრად გადაღებვისა და სალონის ქიმიური წმენდისთვის ვაუჩერების დარიგება 1 მარტიდან დაიწყო. ვაუჩერებს ის მძღოლები იღებენ, რომელთა ავტომობილებმაც სავალდებულო ტექდათვალიერება წარმატებით გაიარეს და ვინც 2018 წლის 10 ოქტომბრამდე ლიცენზია მიიღო.

მთავარია, ყველასთვის კომფორტული იყოს - რას ამბობენ ტაქსის მძღოლები მერიის რეფორმის შესახებ? - Sputnik საქართველო
"მთავარია კომფორტი", – რას ფიქრობენ თბილისელი ტაქსისტები მერიის რეფორმებზე

ავტომობილების გადაღებვასა და ქიმიურ წმენდას თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული კომპანია ახორციელებს. კომპანიის ინტერესი იმაში მდგომარეობს, რომ მას უფლება აქვს იმ ტაქსებზე, რომლებმაც მისი მომსახურებით ისარგებლეს, საკუთარი რეკლამა განათავსოს.

თბილისის მერის მიერ ინიცირებული ტაქსების რეფორმის თანახმად, 2018 წლის 1 ოქტომბრიდან ყველა ტაქსის მძღოლი ვალდებულია ჰქონდეს შესაბამისი ლიცენზია, 2019 წლის 1 ოქტომბრიდან კი თბილისში ორი – A და B კატეგორიის ტაქსები იმოძრავებენ.

A კატეგორიის ლიცენზია მათთვისაა განკუთვნილი, ვისთვისაც ტაქსის მძღოლობა შემოსავლის მთავარი წყაროა. მათი ავტომობილები აუცილებლად თეთრი ფერის უნდა იყოს. ისინი მგზავრების აყვანას შეძლებენ როგორც ქუჩაში, ისე გამოძახებით – ტაქსების სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობის საფუძველზე.

А კატეგორიის მძღოლებს მნიშვნელოვანი პრივილეგიები ექნებათ. ისინი მანქანაზე რეკლამის განთავსების სანაცვლოდ შეძლებენ უფასოდ გადაღებონ მანქანა და ისარგებლონ ქიმწმენდით, ასევე მათთვის სპეციალურად გამოყოფილი პარკირების ადგილებით სარგებლობას. დღეს თბილისში 300 ასეთი პარკირების ადგილია და ჯერჯერობით მისით ყველა ტაქსი სარგებლობს.

B კატეგორიის ლიცენზიის მქონე მძღოლებს შესაძლებლობა ექნებათ ნებისმიერი ფერის ავტომობილებით იმუშაონ, თუმცა მათ ტაქსის ამოსაცნობი ნიშნის განთავსებისა და მგზავრის ქუჩაში აყვანის უფლება არ ექნებათ. აღნიშნული კატეგორიის მქონე ტაქსის მძღოლები იძულებული გახდებიან ტაქსის კომპანიებთან ითანამშრომლონ.

1 წლის განმავლობაში მგზავრების გადაყვანის ნებართვის ღირებულება 100 ლარია, ჰიბრიდული ავტომანქანებისთვის – 50 ლარი, ელექტრომობილების შემთხვევაში კი ნებართვა უფასოდ გაიცემა.

ყველა ახალი ამბავი
0