საკლასო ოთახი

რას ჰპირდება განათლების მინისტრი საპენსიო ასაკის პედაგოგებს

165
საპენსიო ასაკის პედაგოგები განათლების სისტემიდან ნებაყოფლობით წასვლის შემთხვევაში სახელმწიფოსგან ფულად კომპენსაციას მიიღებენ

თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. საპენსიო ასაკის ის პედაგოგები, , რომლებიც ნებაყოფლობით დატოვებენ  განათლების სისტემას, ფულადი ჯილდოს მიღებას წლის ბოლომდე შეძლებენ, განაცხადა საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

საქართველოში ყველაზე ასაკოვანი პედაგოგი 97 წლისაა>>

„დაახლოებით ექვსი ათასამდე პედაგოგია, რომელმაც სისტემიდან გასვლის შესახებ გამოთქვა სურვილი. ვინც გამოთქვამს სურვილს, სექტემბრის ბოლოს მიიღებს ჯილდოს, თუმცა ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება და საპენსიო ასაკის პედაგოგებს 31 დეკემბრის ჩათვლით მიეცემათ საშუალება, დატოვონ სისტემა“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

მინისტრის თქმით,  შესაბამისი დადგენილება უკვე ძალაში შევიდა და ორი წლის ანაზღაურებასთან ერთად, ნებაყოფლობით სისტემის დატოვების შემთხვევაში საპენსიო ასაკის პედაგოგები ჯანმრთელობის დაზღვევითაც იქნებიან უზრუნველყოფილნი.

„მივიჩნევთ, რომ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს იმ ადამიანებზე, რომლებიც წლების განმავლობაში ამ სისტემას ემსახურებოდნენ. ვფიქრობთ, რომ ეს პროცესი წლის ბოლომდე დასრულდება, რადგან რეალურად რამდენჯერმე მიეცემათ შესაძლებლობა, რომ ისარგებლონ ამ შემოთავაზებით“, – განაცხადა ბატიაშვილმა.

დღესდღეობით პედაგოგების საშუალო ხელფასი საჯარო სკოლებში ათას ლარამდეა, საშუალო ნომინალური ხელფასი საქართველოში, 2018 წლის მონაცემებით, 1124 ლარია.

2019 წლის სექტემბრიდან ყველა უფროს მასწავლებელს, წამყვან მასწავლებელსა და მენტორს ხელფასს 150 ლარითა და მეტით მოუმატებენ. გარდა ამისა, მასწავლებლების ხელფასი ყოველ წელს გაიზრდება და 2022 წლისთვის საქართველოში პედაგოგების საშუალო ხელფასი 1500 ლარს მიაღწევს.

165
თემები:
განათლება საქართველოში (200)