ნიკა გვარამია

„დაიბარებენ ჩვენს ფინანსურ სამსახურებსაც" ნიკა გვარამიას გამოკითხვა დასრულდა

143
(განახლებულია 16:13 02.08.2019)
თბილისის საქალაქო სასამართლოში გვარამიას გამოკითხვა სამი საათი გაგრძელდა.

თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა რეიტინგული ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას გამოკითხვა მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით.

ნიკა გვარამია დღეს დაიკითხება>>>

პროკურატურა გვარამიათი მას შემდეგ დაინტერესდა, რაც სამაუწყებლო კომპანია „რუსთავის 2"-ის 9%-იანი წილის ყოფილი მფლობელის ნინო ნიჟარაძის ადვოკატმა პროკურატურაში 16 ივლისს განცხადება შეიტანა. ნიჟარაძის ადვოკატის განმარტებით, ტელეკომპანიის ფინანსებთან დაკავშირებით გვარამიას მხრიდან ერთპიროვნული გადაწყვეტილებები დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მათი აზრით, ნიკა გვარამიამ ტელეკომპანია 30-50 მილიონ ლარამდე შემოსავლით მიზანმიმართულად აზარალა, ეს თანხა კი, ტელევიზიის ნაცვლად, 2015-2017 წლებში სარეკლამო კომპანია „ინტერ მედიამ" მიიღო.

პროკურატურამ სამაუწყებლო კომპანიის კონტრაქტორი საწარმოებიდან, მათ შორის „ინტერ მედიადან“ და „ინტერ მედია პლუსიდან“ გამოძიებისათვის საჭირო ფინანსური დოკუმენტაცია უკვე ამოიღო.

სარჩელის შეტანიდან ორი დღის შემდეგ, 18 ივლისს „რუსთავი 2"-მა, სასამართლო გადაწყვეტილებების საფუძველზე, მფლობელი შეიცვალა, ნიკა გვარამია კი გათავისუფლდა თანამდებობიდან.

გვარამიას განცხადებით, გამოძიების მხრიდან დასმული კითხვები ძირითადად შეეხებოდა სამეწარმეო საქმიანობას, რაც მისი კომპეტენცია არ არის.

„დამკვიდრებული სავაჭრო წესების განხილვა მიმდინარეობს სისხლის სამართლის წესით. მომისმინეს, ალბათ, დაიბარებენ ჩვენს ფინანსურ სამსახურებს… მე რა ინფორმაციაც ვიცი, კომპეტენტური ვარ და მახსოვს, მივაწოდე", – განაცხადა გვარამიამ გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან.

საქმე ეხება საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისებას და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვას.

თბილისის საქალაქო სასამართლოში გვარამიას მოწმის სტატუსით გამოკითხვა დაახლოებით სამი საათი გაგრძელდა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2" ახალ რეალობაში 18 ივლისიდან აღმოჩნდა, მას შემდეგ, რაც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაუშვებლად მიიჩნია ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის იურისტებისა და მისი მფლობელების პრეტენზიები საქართველოს სასამართლოსადმი. ტელეკომპანიამ სტრასბურგს მას შემდეგ მიმართა, რაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2017 წლის მარტში ძალაში დატოვა ორი ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება „რუსთავი 2"-ის ყოფილი მფლობელისთვის, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშისა და მისი კომპანია „პანორამასთვის" გადაცემის შესახებ.

ამის შემდეგ „რუსთავი 2"-ის წილები ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშსა (60%) და მის კომპანია „პანორამაზე" (40%) გადაფორმდა. 18 ივლისსვე ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორად პაატა სალია დანიშნა, რომელმაც ამ პოზიციაზე ნიკა გვარამია შეცვალა.

 

143
თემები:
დავა „რუსთავი 2"-ის ირგვლივ (194)
უნგრეთის დროშა

პირველად პანდემიის შემდეგ: თბილისს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

27
(განახლებულია 08:22 06.07.2020)
საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის თქმით, უნგრელ დიპლომატს საკარანტინე სივრცე არ ელოდება, რადგანაც ეს რეგულაცია ოფიციალურ პირებზე არ ვრცელდება.

 

თბილისი, 6 ივლისი — Sputnik.  უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო თბილისს ოფიციალური ვიზიტით  ორშაბათს ეწვევა, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი  პანდემიის დაწყების შემდეგ პირველი ოფიციალური პირი იქნება, რომელიც საქართველოს ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში სიიარტო შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და განათლების სამინისტროების პირველ პირებთან.  

ქართველ კოლეგასთან შეხვედრაზე უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი განიხილავს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხებს, შეხვედრის დასრულების შემდგომ კი  მინისტრების ერთობლივი განცხადება გაკეთდება. 

სიიარტო ვიზიტის ფარგლებში  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ესტუმრება.

როგორც ადრე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, უნგრელ დიპლომატს საკარანტინე სივრცე არ ელოდება, რადგანაც ეს რეგულაცია ოფიციალურ პირებზე არ ვრცელდება.

27
თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საგამოცდო ცენტრი

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

40
საქართველოში 24 საგამოცდო ცენტრი გაიხსნება, აბიტურიენტები გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ

 

თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები ორშაბათს, 6 ივლისს, 08:00 საათზე  იწყება.

აბიტურიენტებმა დღეს გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში უნდა ჩააბარონ. სულ ქვეყანაში 24 საგამოცდო ცენტრი გაიხსნება.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების თანახმად, აბიტურიენტები პირბადეებით უნდა გამოცხადდნენ. თუ ისინი პირბადის გარეშე იქნებიან, მათ გამოცდაზე არ დაუშვებენ. თითოეულ აბიტურიენტს თერმოსკრინინგი ჩაუტარდება. თუ საგამოცდო ცენტრებში ტემპერატურა 30 გრადუსს მიაღწევს, კონდიციონერს ჩართავენ, თუმცა, ამ შემთხვევაში აბიტურიენტებმა პირბადეები უნდა გაიკეთონ. 

აბიტურიენტებს თან უნდა ჰქონდეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და საგამოცდო ფურცელი. სექტორში  აბიტურიენტებს შეუძლიათ თან იქონიონ ასევე წყალი პლასტმასის ბოთლით და შავი ფერის კალამი. საგამოცდო სექტორში მაგიდებს შორის სიგანეში დაშორება იქნება მინიმუმ 2 მეტრი, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი - 1 მეტრი იქნება.
თუ აბიტურიენტს 37 გრადუსი ტემპერატურა აღმოაჩნდება და მას საგამოცდო სექტორში არ დაუშვებენ, ამ შემთხვევაში მას PCR–ტესტის ჩატარებას ურჩევენ.

თუ აბიტურიენტს გამოცდების დაწყებამდე რამდენიმე დღის მანძილზე არანაირი რესპირატორული სიმპტომები და ტემპერატურა არ ჰქონდა, საგამოცდო ცენტრში თერმოსკრინინგის დროს კი ტემპერატურა დაუფიქსირდა, იგი გამოცდას იზოლირებულ სივრცეში ჩააბარებს.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყო და 25 ივლისს დასრულდება. საგრანტო კონკურსი 25 ივლისს, სამაგისტრო გამოცდები და 1–დან 4 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება. მასწავლებლობის მსურველებისთვის საგამოცდო პროცესი კი 22 ივლისს დაიწყება და 30 ივლისს დასრულდება.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წელს 55 ათასზე მეტი აბიტურიენტი და სტუდენტი დარეგისტრირდა.

40
თემები:
განათლება საქართველოში