მშენებლობა რიკოთის უღელტეხილზე

რა სტადიაშია რიკოთის უღელტეხილზე გზის ახალი მონაკვეთის მშენებლობა: ქარსელაძის კომენტარი

119
(განახლებულია 15:05 02.08.2019)
გზის ახალი მონაკვეთების მშენებლობის წყალობით წითელი ხიდიდან სარფამდე მანძილის დასაფარი დრო 8 საათიდან 4-4,5 საათამდე შემცირდება.

თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. რიკოთის საუღელტეხილო გზის ყველა მონაკვეთზე ხელშეკრულება წლის ბოლომდე გაფორმდება, განაცხადა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ ტელეარხ Imedi-ს ეთერში.

უპრეცედენტო პროექტი - რიკოთის უღელტეხილზე გზის ახალ მონაკვეთს აშენებენ>>>

რიკოთის საუღელტეხილო გზა არის აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60. იგი სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი). საქართველოში Е-60 ფოთთან ახლოს იწყება და აზერბაიჯანთან საზღვარზე მთავრდება. საქართველოში დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.

„რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე ყველაზე მეტად დაწინაურებულია პირველი ლოტი და 2020 წელს ხაშურს უკვე ექნება შემოვლითი გზა", – აღნიშნა ქარსელაძემ.

კარგ ტემპში მიმდინარეობს მუშაობა ხევი-უბისასა და უბისა-შორაპნის მონაკვეთებზე, რომელთა მშენებლობაზეც ხელშეკრულება ჯერ კიდევ 2018 წელს გაფორმდა. ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობისთვის აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 255,2 მლნ ევროზე მეტი გამოყო, ხოლო უბისა-შორაპნის მონაკვეთის მშენებლობისთვის ევროპის საინვესტიციო ბანკმა – 295 მლნ ევრო.

2019 წელს დაიწყება უღელტეხილის კიდევ ერთი მონაკვეთის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები.

„რიკოთის საუღელტეხილო გზა ჯამში 51-კილომეტრიანი მონაკვეთია, რომელიც არის ერთ-ერთი რთული მონაკვეთი, მოიცავს 96 ხიდს და 53 გვირაბს, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს 4-ზოლიანი მაგისტრალის მოწყობას", – აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, რიკოთის უღელტეხილის მოდერნიზება უმნიშვნელოვანესია საგზაო ქსელის განვითარებისა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით.

„ახალი გზა ითვალისწინებს საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს, ხოლო მისი პარამეტრები უზრუნველყოფს სიჩქარის გაორმაგებას უსაფრთხოების სრული დაცვით, რაც საბოლოო ჯამში აღმოსავლეთი–დასავლეთის დერეფნის დასრულებისას შეამცირებს მანძილს 30 კილომეტრით, ხოლო მგზავრობის დროს გაანახევრებს. თუ დღეს წითელი ხიდიდან სარფამდე მანძილის გავლას სჭირდება რვა საათი, სამომავლოდ 4-4,5 საათი საკმარისი იქნება", – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

გზის ამ მონაკვეთის მშენებლობა 2022 წლის ივნისში უნდა დასრულდეს.

რიკოთის გვირაბი თბილისი–სენაკი–ლესელიძის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის 143-ე კილომეტრზე მდებარეობს.

119