Ника Гварамия

ნიკა გვარამია დღეს დაიკითხება

69
(განახლებულია 13:42 02.08.2019)
გამოძიება სამაუწყებლო კომპანიის 9%-იანი წილის ყოფილი მფლობელის ნინო ნიჟარაძის საჩივრის საფუძველზე დაიწყო.

თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ყოფილი დირექტორი ნიკა გვარამია გამოკითხვაზე დაიბარა.

როგორც საქართველოს პროკურატურის მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ნიკა გვარამიას გამოკითხვა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოხდება.

საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო სამაუწყებლო კომპანია "რუსთავის 2"-ის 9%-იანი წილის ყოფილი მფლობელის ნინო ნიჟარაძის ადვოკატის მიერ 16 ივლისს შეტანილი განცხადება ტელეკომპანიის ხელმძღვანელების მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის თაობაზე. ნიჟარაძის ადვოკატის განმარტებით, ნიკა გვარამიამ ტელეკომპანია 30-50 მილიონ ლარამდე შემოსავლით მიზანმიმართულად აზარალა, ეს თანხა კი, ტელევიზიის ნაცვლად, 2015-2017 წლებში სარეკლამო კომპანია „ინტერ მედიამ“ მიიღო.

ნიკა გვარამიამ პროკურატურაში ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა და მაგისტრატი მოსამართლის თანხლებით სასამართლოში დაკითხვა მოითხოვა.

გვარამიას დაბარებას წინ უძღოდა მის მიერ ახალი ტელევიზიის შექმნის შესახებ განცხადების გაკეთება – სწორედ ამას მიიჩნევს არხის ყოფილი გენერალური დირექტორი ერთ-ერთ მიზეზად.

„ჩემი დაშინება რომ არ გამოვა, ეგ იციან. არ ვიცი, ახლა იზოლაციას თუ გეგმავენ მოგონილი საქმით, გადაიხადონ ამაშიც პოლიტიკური ფასი… სანამ მე ცოცხალი ვარ, ყველაფერი გამომივა... „რუსთავი 2"-ის დახურვის შემდეგ აუცილებლად უნდა არსებობდეს ადგილი, სადაც ზუსტად იგივენაირად იქნება მწვავედ და კრიტიკულად ნათქვამი სიტყვა ყველას გასაგონად და ასეთი ადგილი იარსებებს“, – განაცხადა გვარამიამ.

გარდა ამისა, გუშინ პროკურატურა გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტაციისა და ელექტრონული ინფორმაციის ამოღების მიზნით „რუსთავი2"-ის კონტრაქტორ საწარმოებში – „ინტერ მედიასა" და "ინტერ მედია პლუსში" შევიდა.

სისხლის სამართლის საქმეს ასევე დაერთო „რუსთავის 2"-ის ამჟამინდელი დირექტორის პაატა სალიას განცხადება შესაძლო დანაშაულის თაობაზე, რამაც, სავარაუდოდ, დიდი ოდენობით ზიანი მიაყენა სამაუწყებლო კომპანიას.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ პაატა სალია ტელეკომპანიაში ფინანსური აუდიტის ჩატარებას გეგმავს. მისი განცხადებით, ტელეკომპანიის ფინანსური მხარე სავალალო მდგომარეობაში დახვდა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2" ახალ რეალობაში 18 ივლისიდან აღმოჩნდა, მას შემდეგ, რაც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაუშვებლად მიიჩნია ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის იურისტებისა და მისი მფლობელების პრეტენზიები საქართველოს სასამართლოსადმი. ტელეკომპანიამ სტრასბურგს მას შემდეგ მიმართა, რაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2017 წლის მარტში ძალაში დატოვა ორი ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება „რუსთავი 2"-ის ყოფილი მფლობელისთვის, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშისა და მისი კომპანია „პანორამასთვის" გადაცემის შესახებ.

ამის შემდეგ „რუსთავი2"-ის წილები ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშსა (60%) და მის კომპანია „პანორამაზე" (40%) გადაფორმდა. 18 ივლისსვე ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორად პაატა სალია დანიშნა, რომელმაც ამ პოზიციაზე ნიკა გვარამია შეცვალა.

69
თემები:
დავა „რუსთავი 2"-ის ირგვლივ (194)
 AirFrance

Air France–მა საქართველოში რეგულარული ფრენები განაახლა

27
(განახლებულია 11:12 09.08.2020)
თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა პარიზიდან პირველი მგზავრები მიიღო – ავიაკომპანია  რეისებს  A320 და A321 მარკის თვითმფრინავებით კვირაში ორი სიხშირით შეასრულებს.

თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. ფრანგულმა ავიაკომპანია „ეარ ფრანსმა“ (Air France) საქართველოში რეგულარული ფრენები განაახლა – პარიზიდან თბილისში 178 მგზავრი ჩამოფრინდა, იუწყება თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორი TAV Georgia.  

საქართველოში ჩამოსულ მგზავრებს თბილისის აეროპორტში საჩუქრად დამცავი პირბადეები და ავიაკომპანიის ლოგო გადასცეს.

ავიაკომპანია  რეისებს  A320 და A321 მარკის თვითმფრინავებით კვირაში ორი სიხშირით შეასრულებს. რეისები პარიზიდან თბილისში ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს, თბილისიდან პარიზში კი ხუთშაბათს და კვირას შესრულდება.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ უცხოელებისთვის საზღვრები სრულად ჩაკეტა, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, და საჰაერო მიმოსვლა 21 მარტიდან ყველა მიმართულებით შეწყვიტა.

ივლისის ბოლოს საქართველომ საჰაერო სივრცე გაუხსნა ხუთ ქვეყანას, რომელთა მოქალაქეებს ქვეყანაში უპირობო შემოსვლის უფლება აქვთ. ესენია გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი.

2 აგვისტოდან რეგულარული ფრენები განახლდა მიუნხენის მიმართულებით. გერმანული ავიაკომპანია Lufthansa პირველი ავიაკომპანიაა, რომელმაც ოთხთვიანი შესვენების შემდეგ საქართველოში რეგულარული ავიარეისები აღადგინა. 5 აგვისტოდან რეგულარული საჰაერო მიმოსვლა აღდგა თბილისსა და რიგას შორის, რომელსაც AirBaltic ასრულებს, ხოლო 8 აგვისტოდან კი თბილისსა და პარიზს შორის ავიამიმოსვლა განახლდა. 

საქართველო ევროკავშირის არაწევრი იმ უსაფრთხო ქვეყნების სიაში დარჩა, რომლის მოქალაქეებს შენგენის ზონის ქვეყნებში მოგზაურობა შეუძლიათ. უსაფრთხო ქვეყნების სიაში, საქართველოს გარდა, ასევე შევიდნენ ალჟირი, ავსტრალია, კანადა. იაპონია, მაროკო, ახალი ზელანდია, რუანდა, სამხრეთ კორეა, ტაილანდი, ტუნისი და ურუგვაი. 

კორონავირუსის პანდემიის გამო ევროპის ქვეყნებმა თავიანთი საზღვრები ევროკავშირის არარეზიდენტებისთვის მარტში დაკეტეს. პირველი სიის მომზადების შემდეგ (30 ივნისს) იქ მოხვედრილი ქვეყნებისთვის საზღვრები 1 ივლისიდან ნაწილობრივად გაიხსნა.

იმ ქვეყნების განსაზღვრის კრიტერიუმები, რომლებისთვისაც ევროკავშირი რეკომენდაციას გასცემს, რომ მოიხსნას მოქმედი შეზღუდვა საზღვრების გადალახვაზე, ითვალისწინებს ეპიდემიურ ვითარებას, ვირუსის გავრცელების აღსაკვეთად გატარებულ ზომებს, მათ შორის ფიზიკურ დისტანცირებას, ასევე ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობას.

საქართველოსთვის საზღვრები გახსნეს შვეიცარიამ, უნგრეთმა, გერმანიამ, ლატვიამ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, ნიდერლანდებმა, იტალიამ და სხვა ქვეყნებმა.







 

27
თემები:
COVID-19 საქართველოში
ტესტი

კორონავირუსი საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე–ღამეში

84
გამოჯანმრთელდა 1000 ადამიანი, გარდაიცვალა – 17, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7068, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 250 პაციენტია.

თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში ცხრით გაიზარდა და 1225-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 1000 ადამიანი, გარდაცვლილია – 17, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7068, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 250 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა.

84
თემები:
COVID-19 საქართველოში