დავით კეზერაშვილი

დავით კეზერაშვილი ახალ ტელევიზიას ქმნის

254
(განახლებულია 16:36 01.08.2019)
ქართულ სატელევიზიო ბადეს მალე ახალი სატელევიზიო პლატფორმა შეემატება.

თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი ახალ ტელევიზიას ქმნის, ინფორმაცია კეზერაშვილმა სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა.

დავით კეზერაშვილი წერს, რომ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი უკანსკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენები გახდა. ახალგაზრდების აქტიურობამ ახალი პოზიტური მუხტი გააჩინა ქვეყანაში – გამოჩნდა თაობა, რომელსაც სურს აქტიური როლი ითამაშოს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, გაჩნდა იმედი, რომ საქართველოს გზა დასავლეთისკენ არა მხოლოდ რამდენიმე პარტიის და პოლიტიკური ჯგუფის, არამედ მთლიანად საზოგადოების და ახალი თაობის დაცვის ქვეშაა, ამავდროულად, მმართველი პოლიტიკური ძალა საფრთხეს უქმნის ქვეყნის განვითარებას.

მისი თქმით, სატელევიზიო პლატფორმა გვერდში დაუდგება არა რომელიმე პარტიას, არა რომელიმე ინტერესის ჯგუფს, არა რომელიმე ელიტურ ერთობას, არამედ მთელ სამოქალაქო საზოგადოებას, თავისუფლების და პროგრესის ხმას ქვეყანაში. ახალი სატელევიზიო პლატფორმა დაიცავს თავისუფალი და მიუკერძოებელი ჟურნალისტიკის უმაღლეს სტანდარტებს.

დათო როსტომაშვილი: სვანეთში შევქმენი რეგიონული ტელევიზია, სადაც წამყვანი ვარ >>>

„დაწყებული მაქვს მოლაპარაკებები ჩვენს მეგობრებთან ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში, რათა შეიქმნას სოლიდური შემადგენლობის სამეთვალყურეო საბჭო და ამით ტელეარხის სარედაქციო დამოუკიდებლობას იმთავითვე მყარი გარანტიები ჰქონდეს. იმედი მაქვს, რომ მალე დაკომპლექტდება საზოგადოებისათვის ნაცნობი და მაღალი ნდობის მქონე ჟურნალისტებისა და აგრეთვე ახალი სახეებისგან შემდგარი ძლიერი გუნდი და ტელევიზია უმოკლეს ვადაში მზად იქნება ეთერში გასასვლელად“, – წერს კეზერაშვილი.

ამჟამად კეზერაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ორი საქმე არსებობს. ერთში მას ბრალი ყოფილ პრეზიდენტთან და სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად ედება. სისხლის სამართლის ეს საქმე ტელეკომპანია „იმედის“, 7 ნოემბრისა და რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ეპიზოდებს ეხება. ხოლო მეორე საქმე მამა-შვილი ნიჟარაძეებისთვის ქონების წართმევას ეხება. საუბარია ფოთის პორტში ნავთობპროდუქტებისა და მშრალი ტვირთების გადამუშავებასთან დაკავშირებულ ბიზნესზე, რომელსაც წლიურად ათეულობით მილიონი ლარის მოგება მოჰქონდა. იმ პერიოდში მისი მესაკუთრეები სწორედ თამაზ და ზურაბ ნიჟარაძეები იყვნენ.

ქართულმა მხარემ თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის საქართველოში ექსტრადირება ორჯერ მოითხოვა. ამ თხოვნით მათ პირველად საფრანგეთს მიმართეს, ხოლო მეორედ – დიდ ბრიტანეთს. ორივე ქვეყნის სასამართლოებმა ქართულ მხარეს ექსტრადირებაზე უარი უთხრეს, მოტივად კი საქმის პოლიტიკური სარჩული დაასახელეს.

დავით კეზერაშვილის ადვოკატი შოთა მინდელიც მიიჩნევს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ არსებული სისხლის სამართლის საქმეები პოლიტიკურადაა მოტივირებული.

254