დავით-გარეჯი

კონფლიქტი საზღვარზე: დავით-გარეჯიდან ხატები გაიტანეს

336
(განახლებულია 14:36 15.07.2019)
ადგილობრივების პროტესტი აზერბაიჯანელი მესაზღვრეების ქმედებამ გამოიწვია.

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. საქართველო–აზერბაიჯანის საზღვარზე დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე ადგილობრივ მოსახლეობასა და აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს შორის კონფლიქტი მოხდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

აქცია დავით-გარეჯში და ხელისუფლების ოპტიმიზმი: აზერბაიჯანთან მოლაპარაკებები გრძელდება>>>

დავით-გარეჯში მომუშავე გიდის ინფორმაციით, კონფლიქტის მიზეზი გახდა ის, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ერთ-ერთი ეკლესიიდან ხატების გამოტანა უნებართვოდ დაიწყეს. აღნიშნულმა ქმედებამ ადგილობრივებში პროტესტი გამოიწვია.

საქართველოს შსს-ს ცნობით, ამ დროისთვის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე სიმშვიდეა.

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აპრილის ბოლოს აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა აღდგომის წინ რამდენიმე დღით გადაკეტეს უდაბნოს ქართული მონასტრისკენ მიმავალი გზა. მონასტერი დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილია, რომელიც სადავო სასაზღვრო მონაკვეთზე მდებარეობს. საგარეო საქმეთა სამინისტროს დონეზე მოლაპარაკებების შემდეგ გზა გახსნეს, მაგრამ სიტუაცია მაინც დაძაბული დარჩა.

საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებზე ერთობლივი კომისიის მუშაობის აღდგენისთანავე აზერბაიჯანულმა მხარემ დავით-გარეჯისკენ მიმავალი გზის მშენებლობა დაიწყო. მოლაპარაკებების მეორე დღეს სპეცტექნიკა შეაჩერეს, მაგრამ გზა პრაქტიკულად უკვე გაყვანილი იყო.

საქართველოს ხელისუფლებამ, თავის მხრივ, მოსახლეობას მოუწოდა, თავი შეიკავონ ემოციური შეფასებებისგან და ორი ქვეყნის ხელისუფლებებს მოლაპარაკებების მშვიდ გარემოში ჩატარების შესაძლებლობა მისცენ.

დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსი 25 კილომეტრზეა გადაჭიმული და ქართულ-აზერბაიჯანული საზღვრის ერთ-ერთ შეუთანხმებელ მონაკვეთზე მდებარეობს.

დავით–გარეჯის ისტორია VI საუკუნიდან იწყება, როდესაც 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთი – დავითი გარეჯის გამოქვაბულში დასახლდა და იქ პირველი მონასტერი — დავითის ლავრა დააარსა. კომპლექსი 20-ზე მეტი მონასტრისგან შედგება. კომპლექსის ტერიტორიაზე მრავალ ეკლესიასა და სატრაპეზოში VIII–XIV საუკუნეებით დათარიღებული ფრესკები შემორჩა. ფრესკებზე გამოსახული არიან ისტორიული პირები, მათ შორის – თამარ მეფე.

336
თემები:
ვნებათაღელვა დავით–გარეჯის ირგვლივ (40)