ინგა გრიგოლია

„ინგა ჩივის უკონტაქტო გაუპატიურებისთვის“ ვის გულისხმობდა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე

293
(განახლებულია 16:37 12.07.2019)
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის ლევან ონიანის კომენტარი განხილვის თემად იქცა.

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეს სოციალურ ქსელში აკრიტიკებენ. ლევან ონიანის „ფეისბუქის“ გვერდზე ნეგატიური კომენტარები მას შემდეგ გაჩნდა, რაც სოციალური გვერდის ერთ-ერთი მომხმარებლის სტატუსის ქვეშ მისი კომენტარი „ინგა ჩივის უკონტაქტო გაუპატიურებისთვის“ მასმედიით გავრცელდა.

ასე რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე, სავარაუდოდ, ტელეწამყვან ინგა გრიგოლიასა და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას ინტერვიუს ეხმიანება. თუმცა, საკრებულოს თავმჯდომარემ ცოტა ხანში კომენტარიც წაშალა და ისიც უარყო, რომ კომენტარში ინგა გრიგოლიას გულისხმობდა.

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია სტუმრად იმყოფებოდა ტელეკომპანია „ტვ პირველში“, ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას საავტორო გადაცემაში „რეაქცია“. გადაცემის პარალელურად ტელევიზიის შენობასთან მისი გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა.

საპროტესტო ტალღა თბილისში, რომელიც საქართველოში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ჩამოსვლას მოჰყვა, 20 ივნისს, გვიან საღამოს არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. მომიტინგეებმა პარლამენტში შეჭრა სცადეს, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. არეულობისას დაშავდა 240 ადამიანი. რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა.

293
გიორგი წერეთელი და თამილა მარეხაშვილი

გიორგი წერეთელმა ახალი რჩეული საზოგადოებას წარუდგინა და სიმღერაც მიუძღვნა - ვიდეო

11
(განახლებულია 16:15 04.06.2020)
ცნობილი სარესტორნო წყვილის ლოლა და გიორგი წერეთლების ოჯახი გასულ წელს დაინგრა. რაც შეეხება შემოქმედებით საქმიანობას, გიორგი მომღერალმა აჩი ფურცელაძემ ჩაანაცვლა

მომღერალმა გიორგი წერეთელმა საკუთარ დაბადების დღეზე, რომელსაც თითქმის მთელი ქართული შოუბიზნესი ესწრებოდა, ყველას სიურპრიზი გაუკეთა და თავისი ცხოვრების ახალი სიყვარული, თამილა მარეხაშვილი, საზოგადოებას ოფიციალურად წარუდგინა. საყვარელ ქალს სიმღერაც მიუძღვნა.

გიორგის თავისი რჩეული საქმეშიც ეხმარება. ის მომღერლის პიარითა და ბიზნესის მენეჯმენტით არის დაკავებული. განქორწინებულია და ჰყავს ერთი ქალიშვილი. გიორგისაც პირველი ქორწინებიდან ვაჟი ჰყავს. მშობლების ბედნიერებას შვილებიც იზიარებენ.

ცნობილი სარესტორნო წყვილის ლოლა და გიორგი წერეთლების ოჯახი გასულ წელს დაინგრა. რაც შეეხება შემოქმედებით საქმიანობას, გიორგი მომღერალმა აჩი ფურცელაძემ ჩაანაცვლა, თუმცა ერთ-ერთ ინტერვიუში ლოლა ამბობდა, რომ გიორგი არის მისთვის ადამიანი, რომელსაც ვერავინ ჩაანაცვლებს. „აჩის აქვს ადგილი სიმღერაში, გიორგის როგორც ჰქონდა თავისი ადგილი სიმღერებში, ასე არის და იქნება“, – ამბობდა მომღერალი.

მომღერლებმა გიორგი წერეთელმა და ლოლიტამ ხუთწლიანი თანაცხოვრების შემდეგ 2014 წელს გადაწყვიტეს ურთერთობისთვის ოფიცალური სახე მიეცათ და ხელი რიტუალების სასახლეში მოაწერეს. როგორც გიორგი ამბობს, შეყვარებული წყვილისთვის ხელმოწერა პრიორიტეტული არ ყოფილა, ამისთვის მათ მიზეზი ჰქონდათ.

11
თემები:
სელებრითების ცხოვრება
ვახტანგ კობაიძე და თენგიზ სულხანიშვილი

თენგიზ სულხანიშვილის მოგონება

27
(განახლებულია 11:14 05.06.2020)
ორი დღის წინ ამერიკის შეერთებულ შტატებში ცნობილი ქართველი ჟურნალისტი და პუბლიცისტი თენგიზ სულხანიშვილი გარდაიცვალა. გთავაზობთ მისი მეგობრის, ასევე ცნობილი ჟურნალისტის ვახტანგ კობაიძის მოგონებას...

70-80-იან წლებში თენგიზ სულხანიშვილის მსგავსი ჟურნალისტები, მხედვალობაში მყავს ტელე-ჟურნალისტები, თითზე ჩამოსათვლელი თუ იყო. მათშიც თუ ვინმეს გამოარჩევდით, ერთ-ერთი, თენგიზი იყო. კარგი გარეგნობა, სპორტული აღნაგობა, ადამიანებთან ურთიერთობის არაჩვეულებრივი ნიჭი, უაღრესად განათლებული, მოსწრებული სიტყვა-პასუხი, ენა-კვიმატი. უშრეტი ფანტაზია საოცრად ეხმარებოდა ისეთი სიუჟეტების, რეპორტაჟების თუ გადაცემების მომზადებაში, რაც ბევრისთვის წარმოუდგენელიც კი იყო იმ პერიოდისთვის (საბჭოთა წყობის დოგმებს თუ გავითვალისწინებთ). ერთი სიტყვით, ერთობ კოლორიტული ფიგურა გახლდათ. და რაც მთავარია, თავისი საქმის პროფესიონალი და კარგი მცოდნე. ბერნარდ შოუს  აზდაკის არ იყოს, „რასაც აკეთებდა, ლაზათიანად აკეთებდა“.

თენგიზი უნივერსიტეტში ჩემზე ორი კურსით წინ იყო. ფილოლოგიის ფაკულტეტის, ჟურნალისტიკის განყოფილების რუსულ ჯგუფში სწავლობდა. ყაზახეთის „ყამირიც“ მოვლილი ჰქონდა და ყოველმხრივ თითით საჩვენებელი სტუდენტი იყო, ყველა იცნობდა და ყველას იცნობდა...

1966 წელს ლეონიდ ბრეჟნევი ესტუმრა საქართველოს და, რა თქმა უნდა, უნივერსიტეტშიც „მოაბრძანეს“, როგორც ძველი „ყამირელი“. პომპეზური შეხვედრა მოუწყვეს. ვინ, ვინ და თენგიზ სულხანიშვილი დაახვედრეს, რომელმაც, კარგი რუსულით ისეთი სიტყვა უთხრა „ყამირელთა“ სახელით, რომ ლეონიდ ილიჩმა გვერდზე დაიყენა და ხელიც კი მოხვია. ერთმანეთს რაღაც გადაულაპარაკეს კიდეც, ისე, რომ სხვებს არ გაეგოთ. სწორედ ამ დროს, გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ ფოტო-რეპორტიორმა, რომელიც მთელ ამ ღონისძიებას ფირზე აღბეჭდავდა, ეს მომენტიც დააფიქსირა. მოგვიანებით, როცა ლეონიდ ბრეჟნევმა უნივერსიტეტი დატოვა, ყველა თენგიზს შემოვეხვიეთ. გივი შეყილაძემ ვერ მოითმინა და ცნობისმოყვარეობით ჰკითხა: „თენგიზ, ერთი გამაგებინე, რას ეპუტყუნებოდი, ამ მეფისტოლა კაცს?!“ თენგიზს გაეცინა: „ისეთი არაფერი.. მკითხა „Ну как там на целине?!“ მე ვუპასუხე- „всё хорошо, Леонид Ильгч, только русских баб не хватает!“ სწორედ ამან გაამხიარულა ლეონიდ ილიჩი. გივი შეყილაძემ სწორედ ეს მომენტი დააფიქსირა; ფოტო კი თენგიზ სულხანიშვილს შემდგომში ბევრჯერ გამოადგა, ოღონდ არა თანამდებობრივ კარიერაში, რაც თენგიზს ნაკლებად აინტერესებდა. კარგი ჟურნალისტობა მისთვის მთავარი იყო. სხვათა შორის ამ ფოტოს „მაგიური“ ძალის მოწმე ორჯერ მეც გავხდი.

Тенгиз Сулханишвили (знаменитый тележурналист и писатель) и Леонид Брежнев 1966 год
photo: courtesy of Tengiz Sulkhanishvili
თენგიზ სულხანიშვილი და ლეონიდ ბრეჟნევი

1976 წელს თენგიზი საახალწლო გადაცემას ამზადებდა. მაშინ ის, ტელევიზიის ახალგაზრდობის გადაცემათა რედაქციის მთავარი რედაქტორი იყო. მზადება ზაფხულიდანვე დაიწყო. სოხუმში მასპინძლობას ქალაქკომის ერთ-ერთი მდივანი გვარად ბარციცი უწევდა. თენგიზმა სასტუმროში ყოფნა არ ისურვა. თავისუფლად და ჩემს ჭკუაზე ვერ ვიქნებიო და სინოპის ტურბაზაში, რომელიც „კომკავშირის XIV ყრილობის“ სახელს ატარებდა, დირექტორმა გივი მეშველიანმა ნება დართო ოროთახიანი სამხედრო კარავი ჩაედგა. აქ ცხოვრობდა თავის, ორ განუყრელ მეგობარ-ოპერატორთან, იგორ ნაგორნისა და ვოვა ერმაკოვთან ერთად, გოგონებიც არ აკლდათ.

მე და ჩემი მეგობარი საშა უნაფქოშვილიც იმ დროს იქ ვისვენებდით. მაშინ ორივე უნივერსიტეტის კინო-ტელე სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიაში ვმუშაობდით. რაღა ბევრი გავაგრძელო, ხუთივე კარგ დროს ვატარებდით, პატივისცემა და დროსტარება არ გვაკლდა. ერთ საღამოს, აქლოშინებული ვოვა ერმაკოვი მოვარდა. მილიციაში დაგვიჭირეს, ბარციცთან არ დაგვაკავშირეს და ჩვენი პასპორტები უნდა მივიტანოო. ჩვენც გავყევით. ნახევარ საათში, გამხიარულებული თენგიზ სულხანიშვილი, იგორ ნაგორნი და ვოვა ერმაკოვი გამოვიდნენ.

როგორც გავარკვიე, საქმე შემდეგში იყო: თენგიზი თავის მეგობრებთან და ნაცნობ ქალთან ერთად რესტორან „ნართაში“ სადილად იმყოფებოდა. იქვე, გვერდით კუპეში ადგილობრივები ქეიფობდნენ, რომელთა შორის მილიციის თანამშრომლებიც იყო. უკვე საკმაოდ შეზარხოშებულებს მოეწონათ გვერდით მჯოდმი ქალბატონი. თენგიზ სულხანიშვილს და მის მეგობრებს მისი „შეწერვა“ მოუნდომეს, რასაც ჩხუბი და აყალ-მაყალი მოყვა. დაიმტვრა ჭურჭელი, სკამები და ა.შ. ასე აღმოჩნდნენ მილიციაში. „კუტუზკა“ ნამდვილად არ ასცდებოდათ, რომ არა პასპორტები. გადაშალა განყოფილების უფროსმა პასპორტი და გადმოვარდა ფოტო – ლეონიდ ბრეჟნევი და თენგიზ სულხანიშვილი... აი, აქ რადიკალურად შეიცვალა სიტუაცია. „აღშფოთებულმა“ განყოფილების უფროსმა მოაყვანინა „დაზარალებულები“, მათ შორის თავისი თანამშრომელიც და სტუმრებისადმი უპატივცემულობის და ჩხუბის გამო 10-10 დღიანი პატიმრობა მიართვა, ხოლო თენგიზ სულხანიშვილი,  იგორ ნაგორნი და ვოვა ერმაკოვი ბოდიშებით, მოწიწებით გამოაცილა, თან დაპირდა, რომ მათ დაცვას პირადად თავისთავზე იღებდა.

თენგიზ სულხანიშვილი
თენგიზ სულხანიშვილი

ეპიზოდი მეორე: იმავე წელს, შემოდგომაზე, მე უკვე მოსკოვში სასწავლო-სტაჟირებაზე ვიმყოფებოდი. თენგიზი თავის განუყრელ ოპერატორებთან და იგორ არაყიშვილთან ერთად საახალწლო გადაცემისთვის მილოცვებს მოსკოვში იღებდა. თენგიზი სასტუმრო „როსიაში“ ცხოვრობდა, „ლუქს-ნომერში“. დილით დავურეკე, „დროზე მოდი, ისინი გადაღებაზე არიან, მარტო არ მინდა ვისაუზმოო“. ნახევარ საათში უკვე იქ ვიყავი. საშვი ავიღე, ავედი ნომერში. სუფრა გაშლილია, ინატრე სულო და გულო საჭმელ-სასმელი... „Садись, бедный студент, угощайся“ – მომმართა რუსულად. ცოტა გამიკვირდა. მერეღა მივაქციე ყურადღება, ვიღაც ასაკოვანი ქალი და სამი მამაკაცი ერთი ოთახიდან მეორეში გადი-გამოდიან… თურმე, სასტუმროს შიდა განაწესის დარღვევისთვის თენგიზს მოსთხოვეს სასწრაფოდ ნომრის დაცლა. „ყურადღებას ნუ მიაქცევ, ჭამე და თან დავლიოთ, „პახმელიაზე ვარო“. სასმელი დამისხა, თვითონაც დაისხა. გადავკარით ერთი, მეორე... დაუპატიჟებელ სტუმრებს ვცდილობ ყურადღება არ მივაქციო, თან ფინალიც მაინტერესებს... 10 წუთის ბორიალის შემდეგ, პატივცემული ქალბატონი, თანმხლებ პირებთან ერთად საწოლი ოთახიდან გამოდის და სუფრასთან ჩერდება, სახეზე ალმური ასდის: „Тенгиз Давидович, извините... какое-то недорозумение получилось, ещё раз извините“.. თენგიზმა კარებამდე მიაცილა. შემობრუნდა. ორივეს ისტერიული სიცილი აგვიტყდა. საძინებელ ოთახში, საწოლის თავზე, ისევ ის ფოტო ეკიდა, ოღონდ უფრო დიდი ფორმატის. ფოტოდან მომღიმარი ლეონიდ ილიჩი და თენგიზ დავიდოვიჩი იმზირებოდნენ. მე მგონი კომენტარი არაა საჭირო.

სტაჟირებიდან დაბრუნების შემდეგ თენგიზის რედაქციით ჩემი პირველი ტელეგადაცემა გავაკეთე: „თბილისის უნივერსიტეტის თვითშემოქმედება - 50 წლისაა“. 1980 წელს, როცა რადიო-ტელევიზიის თანამშრომელი გავხდი, თენგიზ სულხანიშვილი უკვე საკავშირო ტელევიზიის სპეცკორესპონდენტი იყო. თავის ორიგინალური და თამამი (იმ დროისთვის) რეპორტაჟებით უკვე კავშირის მასშტაბით აოცებდა და აკვირვებდა ტელემაყურებელს.

ვახტანგ კობაიძე

 

27