ბავშვი

თუ ყოფილი მეუღლე შვილებთან გლანძღავთ - ქართული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილება

1129
მარიამ ბერიძე
თბილისის სააპელაციო სასამართლომ პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღო და ბავშვების თანდასწრებით ერთი მშობლის მიერ მეორე მშობლის ნეგატიურ კონტექსტში მოხსენიება ფსიქოლოგიურ ძალადობად აღიარა.

საქმის მასალების მიხედვით, ბავშვების მშობლები (ყოფილი მეუღლეები) ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ და ბავშვები ხან ერთ და ხან მეორე მშობელთან იმყოფებოდნენ.

როგორც გამოვლინდა, ბავშვები მამასთან ცხოვრების პერიოდში, მისგან ფსიქოლოგიურ ზეწოლას განიცდიდნენ. კერძოდ, მამა დედაზე უარყოფით კონტექსტში საუბრობდა (როცა დედა ამას არ ესწრებოდა), ბავშვებს აშინებდა დედის ცუდ მდგომარეობაში ჩავარდნით, თუ მამას არ დაუჯერებდნენ, ასევე ბავშვებს აფრთხილებდა, რომ არაფერი მოეყოლათ სასამართლოსა და პოლიციაში.

დედამ მიიჩნია, რომ ეს  ბავშვებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას წარმოადგენდა და სოციალურ სააგენტოს შეატყობინა. ბავშვებმა, სოციალური მუშაკის თანდასწრებით,  მამის ნათქვამი დაადასტურეს.

„მომხდარის შემდეგ, მამამ კიდევ წაიყვანა ბავშვები და უთხრა, რომ თუ სამართალდამცავ ორგანოებთან სიმართლეს იტყოდნენ, დედა და მამა ერთად ვეღარ იქნებოდნენ და საქმე კიდევ უფრო გართულდებოდა. დედის თქმით, ბავშვები განიცდიდნენ მძიმე ფსიქოლოგიურ ზეწოლას და ნერვიულობდნენ, რაც გამოიხატებოდა უძილობაში, მუდმივად დაძაბულ და გაღიზიანებულ მდგომარეობასა და შიშში“, - აღნიშნულია საქმის მასალებში.

ფსიქოლოგიური ზეწოლისგან ბავშვების დასაცავად, საქმეში ბავშვების წარმომადგენლად ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ჩაერთო. ორგანიზაციის იურისტმა პოლიციას შემაკავებელი ორდერის გამოსაცემად მიმართა. აღნიშნული  მოთხოვნა პოლიციამ დააკმაყოფილა და შემაკავებელი ორდერი გამოსცა, რომლითაც მოძალადე მამას აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც ცხოვრობდნენ მსხვერპლები. მას ასევე აეკრძალა მსხვერპლებთან კომუნიკაცია ტელეფონით, სოციალური ქსელით და სხვა ნებისმიერი საშუალებით.

საქმის მასალების მიხედვით, მამამ საქალაქო სასამართლოში შემაკავებელი ორდერი გაასაჩივრა, გასაჩივრების შემდეგ კი, პირველმა ინსტანციამ გააუქმა გამომძიებლის მიერ გამოცემული ორდერები.

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ სამართლებრივი დახმარებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრდა სააპელაციო სასამართლოში, რომელმაც მიიჩნია, რომ ერთი მშობლის მიერ ბავშვებთან მეორე მშობლის ნეგატიურ კონტექსტში მოხსენიება წარმოადგენდა ბავშვებზე ფსიქოლოგიურ ძალადობას და ძალაში დატოვა  გამომძიებლის მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერები.

მამას 30 დღით ბავშვებთან მიახლოება და მათთან ნებისმიერი სახით კომუნიკაცია აეკრძალა.

როგორც სააპელაციო სასამართლომ განმარტა, ფსიქოლოგიური ძალადობა მიეკუთვნება ძალადობის ისეთ ფორმას, რომელიც მიმართულია იმ მიზნისაკენ, რომ მსხვერპლმა დაკარგოს საკუთარი თავის რწმენა, დაეჭვდეს საკუთარ ინტელექტუალურ შესაძლებლობებში, დაკარგოს ან ეჭვი შეიტანოს რეალობის ადეკვატურად აღქმის შესაძლებლობაში. 

სასამართლომ მიიჩნია, რომ ბავშვის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობა შეიძლება ისეთი გარემოს შექმნაში გამოიხატოს, როდესაც:

· ბავშვი ვერ აფიქსირებს თავის ნებას და ვერ გამოხატავს გრძნობებს

· უნდა რაღაცის თქმა, მაგრამ ეშინია ამით გამო ვინმეს უკმაყოფილება არ დაიმსახუროს

· ბავშვი თავის სურვილებს უგულებელყოფს

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არასრულწლოვნების მამასთან ფსიქოლოგიური ზეგავლენის რეჟიმში ყოფნა მათ ფსიქიკურ მდგომარეობას დააზიანებს, რასაც შეიძლება გამოუსწორებელი შედეგები მოჰყვეს.

აღსანიშნავია, რომ ბავშვებზე ძალადობის სხვადასხვა სახეებიდან ყველაზე მეტად სიტყვიერი/ფსიქოლოგიური ძალადობაა გავრცელებული, რომლებსაც ხშირ შემთხვევაში მშობლები, ოჯახის წევრები და თანატოლები ახორციელებენ. ფსიქოლოგიური ძალადობის გამოხატულება  ბავშვთან ურთიერთობის ისეთი ფორმის გამოყენებაა, რომელიც მასში ემოციურ დაძაბულობას, დისკომფორტს იწვევს. ეს შეიძლება იყოს მისთვის სითბოსა და მზრუნველობის მოკლება, დაშინება, იზოლირება, ზედმეტი კონტროლი, დაცინვა, ასაკისთვის შეუსაბამო მოთხოვნების წაყენება, დასჯით დამუქრება.

სტატისტიკას რომ ჩავხედოთ, საქართველოში მიმდინარე წლის ხუთი თვის მონაცემებით (იანვარი-მაისი) საკუთარ შვილებზე ძალადობაში 110 მშობელი ამხილეს. 15 შემთხვევაში მოძალადე იყო დედა, ხოლო 95 შემთხვევაში - მამა ან მამინაცვალი. მოძალადე მშობლის დაკავების გადაწყვეტილება 79% შემთხვევაში იქნა მიღებული.

ყველაზე ხშირად მშობლები ბავშვებს სცემდნენ სახეში, თავში, ემუქრებოდნენ, სისტემატურად ძალადობდნენ ფსიქოლოგიურად ან სხვა სახით.


1129