MAN-ის ავტობუსები

თბილისის მერია ავტობუსების შემოყვანის დაგვიანებისთვის Tegeta Truck & Bus-ს დააჯარიმებს

136
(განახლებულია 18:14 10.07.2019)
ავტობუსების პირველი ნაკადი დედაქალაქში 2019 წლის მაისში შემოვიდა.

თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. თბილისის მერია კომპანია „თეგეტა თრაქ ენდ ბასს" (Tegeta Truck & Bus) შეძენილი ავტობუსების დაგვიანებით შემოყვანის გამო დააჯარიმებს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

თბილისის მერიამ კომპანია TEGETA TRUCKS AND BUS-თან 45 მლნ ლარის ღირებულების ხელშეკრულება 2018 წლის აგვისტოში გააფორმა, რომლის თანახმადაც კომპანიას 90 ერთეული ავტობუსი ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს ცხრა თვის განმავლობაში უნდა შემოეყვანა.

ავტობუსების პირველი ნაკადი, 50 ერთეული MAN-ის მარკის ავტობუსები დედაქალაქში 2019 წლის მაისში შემოვიდა, ხოლო დარჩენილი 40 ავტობუსი დედაქალაქში ივნისის ბოლოს უნდა ჩამოსულიყო. კომპანიას ყოველ გადაცილებულ დღეზე ჯარიმა დაეკისრება.

თბილისის მერის მოადგილის მაია ბითაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ დადგენილ ვადებში კომპანიამ ვერ უზრუნველყო ავტობუსების შემოყვანა, სატრანსპორტო ერთიანი სქემის გაშვება არ დაგვიანდება.

„შეიძლება იყოს დაყოვნება კომპანიის მხრიდან როგორც მოწოდების, ისე დამზადების თვალსაზრისით. მოგეხსენებათ, მთელ მსოფლიოში ყოველდღიურად ხდება ავტობუსების შეკვეთა. სამწუხაროდ, გვიწევს დაჯარიმება მომწოდებელი კომპანიის, მაგრამ საბოლოო ჯამში სატრანსპორტო ერთიანი სქემის გაშვება არ დაგვიანდება", – განაცხადა მაია ბითაძემ.

მიმდინარე წლის მაისში დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მოსახლეობას ახალი, MAN-ის მარკის 10-მეტრიანი ავტობუსები წარუდგინა. ახალი ავტობუსები აღჭურვილი არიან კონდიციონერებითა და ვენტილაციის სისტემებით, ხმოვანი საინფორმაციო სისტემით, ვიდეომონიტორინგის სისტემით, USB დამტენებით, უსადენო ინტერნეტით. ამასთან, ავტობუსები იმოძრავებენ დიზელის საწვავზე "ევრო-6", ისევე, როგორც ევროპის მრავალ ქალაქში.

თბილისის მერია ავტოპარკს ეტაპობრივად აახლებს. 2019 წელს კიდევ დაგეგმილია 240 ერთეული ავტობუსის შესყიდვა. აქედან 90 იქნება ელექტროავტობუსი, ხოლო 150 გაზზე იმუშავებს. 2020 წლიდან თბილისში დამატებით შემოვა 18-მეტრიანი ახალი სტანდარტების 200 ერთეული ავტობუსი.

დღესდღეობით თბილისში 600-650 ავტობუსი მოძრაობს. აქედან ახალი, MAN-ის მარკის ავტობუსია 143. ისინი ეკოლოგიურად უფრო სუფთაა და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

თბილისის ავტობუსები დღეში ჯამში 109,5 ათას კილომეტრს გადიან და ჩერდებიან 1,8 ათასზე მეტ გაჩერებაზე.

136
თემები:
თბილისის მერია (57)