ნიკა გვარამია

რა შემთხვევაში დატოვებს „რუსთავი 2“–ს  ნიკა გვარამია

1621
(განახლებულია 23:02 08.07.2019)
„რუსთავი 2“–ის გენერალური დირექტორის გადადგომას ტელეკომპანიასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე მოითხოვენ.

თბილისი, 8 ივლისი - Sputnik. ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ტელეკომპანიის შენობასთან გამართული საპროტესტო მიტინგის მონაწილეების მოთხოვნას მისი ტელეკომპანიიდან  წასვლის შესახებ იმ შემთხვევაში დააკმაყოფილებს, თუ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დატოვებს საქართველოს.

როდის განიმუხტება საქართველოს და რუსეთს შორის დაძაბულობა - ცაგარლის ასტროლოგიური პროგნოზი >>

„კონტრწინადადება ჩვენს წინ მდგომ ორკების მიტინგს: ბიძინა ივანიშვილი წავიდეს ქვეყნიდან სამუდამოდ და იმავე წამსვე წავალ რ2-იდან კი არა, ჯანდაბაშიც, თან მანამდე გაბუნიას მოხსნის ბრძანებას მოვაწერ ხელს. თანახმა ვარ ულაპარაკოდ“, – დაწერა ნიკა გვარამიამ საკუთარ Facebook-გვერდზე.

ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან“ მიმდინარე  საპროტესტო აქციის მონაწილეები მოითხოვენ, დატოვოს ტელეკომპანია ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ და ასევე შეიცვალოს არხის მენეჯმენტი. 

შეკრებილები აცხადებენ, რომ გაბუნიას ორთვიანი ჩამოშორება სამსახურიდან საკმარისი ზომა არ არის და ამით ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ არ დაიშლებიან მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება. „რუსთავი2“-ის შენობასთან პოლიციის ძალებია მობილიზებული.

7 ივლისს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში საავტორო გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ კვირის გამოშვება დაიწყო გადაცემის წამყვანის მონოლოგით, რომელმაც უცენზურო ლექსიკის გამოყენებით შეურაცხყოფა მიაყენა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. ამის შემდეგ ტელეკომპანიის შენობასთან ასობით ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც ნიკა გვარამიასა და გიორგი გაბუნიასგან ბოდიშის მოხდას მოითხოვდნენ, ხოლო ხელისუფლებას მოუწოდებდნენ, გაატაროს ზომები დაძაბულობის ესკალაციის აღსაკვეთად.

დაპირისპირებები და პოლიციის ჩარევა თბილისის ცენტრში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე >>

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, თავის მხრივ, მკვეთრი ფორმით გამოხატეს რეაქცია „რუსთავი 2“-ის ეთერთან დაკავშირებით. პრემიერმა მამუკა ბახტაძემ გაბუნიას გამონათქვამები ძალიან საშიში პროვოკაციის გამოვლინებად და დესტაბილიზაციის მცდელობად შეაფასა, ხოლო ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტის გამოსვლას საქართველოსა და რუსეთს შორის დაძაბულობის შეტანის მცდელობა უწოდა.

1621
თემები:
გინება პირდაპირ ეთერში - სკანდალი Rustavi 2-ის ირგვლივ (49)