ნინო ლომჯარია

ნინო ლომჯარია რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ორივე აქციის ორგანიზატორებს მიმართავს

93
სახალხო დამცველი შეახსენებს, რომ წესების დარღვევისთვის შეკრების მონაწილეებისა და ორგანიზატორების მიმართ საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს როგორც ადმინისტრაციულ, ასევე სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

თბილისი, 8 ივლისი - Sputnik. სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მოუწოდებს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე ორივე აქციის მონაწილეებს, გამოყონ ორგანიზატორი პირები, რომელთა შორის კონსტრუქციული მოლაპარაკებების გამართვა შესაძლებელს გახდის ორივე აქციის შეუფერხებელ და მშვიდ გარემოში ჩატარებას, იუწყება ომბუდსმენის Facebook-გვერდი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს დაანონსებული აქციის მონაწილეებს აფრთხილებს >>

„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგე ჯგუფები პარლამენტის შენობის წინ დღეს დილიდან მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორების მიერ დაანონსებული ღირსების მარში გაუქმდა. შეკრებილი პირები ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმებას და „თბილისი პრაიდის“ აკრძალვას ითხოვენ. გარდა ამისა, მანიფესტანტები აცხადებენ, რომ სამოქალაქო აქტივისტებს არ მისცემენ ანტისაოკუპაციო აქციების გაგრძელების შესაძლებლობას“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების შემდეგ, უკვე ორ კვირაზე მეტია მიმდინარეობს სამოქალაქო აქტივისტების მიერ ორგანიზებული მშვიდობიანი აქცია - „სირცხვილია“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნით. ორგანიზატორების განცხადებით, აღნიშნული აქცია დღეს, 19:00 საათზე უნდა განახლდეს. აქციის შეუფერხებლად მიმდინარეობის უზრუნველსაყოფად, ადგილზე განლაგებულია შესაბამისი აპარატურა და ბანერები.

სახალხო დამცველი აქციის მონაწილეებს შეახსენებს, რომ დაუშვებელია აქციის მიმდინარეობისას ძალადობრივი ან/და კანონსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელება, აგრეთვე სხვა შეკრების მოწყობის ანდა მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისთვის უკანონოდ ხელის შეშლა.

სახალხო დამცველის განცხადებით, აღნიშნული წესების დარღვევისთვის შეკრების მონაწილეებისა და ორგანიზატორების მიმართ საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს როგორც ადმინისტრაციულ, ასევე სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

„ამასთან, ხაზი უნდა გაესვას აქციის ორგანიზატორის პასუხისმგებლობას, მიმართოს ყველა გონივრულ ქმედებას, რათა თავიდან აირიდოს და აღმოფხვრას მანიფესტანტების მხრიდან კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევები“,– განაცხადა ლომჯარიამ.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი მოქალაქეთა მშვიდობიანი ფორმით გამოხატვას და უზრუნველყონ რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ყველა პირის მიერ შეკრების უფლების სრულფასოვანი რეალიზება.

93
თემები:
ცხელი პოლიტიკური ზაფხული: ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში (371)